ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონმა ფინალისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის მოწინავე კვარტეტი შეიკრიბა. 2-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩები უარესნომრიანი გუნდების, ‘ხვამლისა’ და ბათუმის’ არენებზე გაიმართა.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლმა’ ჩემპიონ ‘ლელოს’ უმასპინძლა. პრინციპულ მეტოქეთა გზები გასულ სეზონშიც 1/2-ფინალში გადაიკვეთა, სადაც 1-მატჩა პაექრობაში ‘ლელომ’ დამაჯერებლად მოიგო. მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი ურთიერთშეხვედრებში მეტოქეებმა საშინაო შეხვედრები თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

ჩემპიონმა მატჩი აგრესიული შეტევებით დაიწყო, რამაც მუხიანელებს შეხვედრის დებიუტში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დააშვებინა. რატი ურუშაძის გუნდის დაცვაში გაჩენილი ბზარით უჩა გაბათაშვილმა და დემეტრე დურგლიშვილმა იხეირეს. ‘ლელოს’ ფრთის მოთამაშეთა გატანილი ლელოების მეოხებით ჩემპიონი საწყის 20 წუთში 12-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა და ანგარიშში არსებული სხვაობა პირველი ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა.

‘ლელოს’ კაპიტანმა და ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა ერთ ზუსტ გარდასახვას, მეორე ნახევარში გატანილი ჯარიმაც დაურთო. მატჩის დარჩენილი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დიდი მცდელობის მიუხედავად ‘ხვამლმა’ მეტოქის „ჩაბეტონებულ“ დაცვას ვერაფერი მოუხერხა. მუხინელებმა მიმდინარე სეზონში სამატჩო ქულების აღება პირველად ვერ შეძლეს. პაატა მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით – 15:0 მოიგეს და ფინალში გასვლაზე სერიოზული განაცხადიც გააკეთეს.

‘ბათუმი’, აჭარის დედაქალაქში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ ‘აიას’ დაუხვდა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს ერთურთში გასვლითი მატჩები ქონდათ მოგებული და ტრადიცია არც განვლილ შეხვედრაში დაირღვა.

‘აიამ’ მატჩის დებიუტში სტატიკით იძალა და საგრძნობი სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა. რიონისპირელთა კვაჭმა ავთო ქიმუცაძემ თანაგუნდელთა კარგად ჩამოყალიბებული მოლი 2-გზის გამოიყენა და პირველივე ტაიმში „დუბლი“ გაახერხა. ‘აიას’ შუამარბ გიორგი მანაგაძის ზუსტი გარდასახვებით სტუმრები 14-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

‘ბათუმმა’ თამაშის დალაგება ტაიმის მიწურულს მოახერხა. აჭარელთა მგეზავმა გიორგი გოგიამ მიჯრით 2 გატანილი ჯარიმით ‘ბათუმი’ თამაშში „დააბრუნა“. მასპინძელთა ხაზი მეორე ნახევარში უკეთ ირჯებოდა, რამაც რიონისპირელებს მოპოვებული უპირატესობის გაღრმავების შესაძლებლობა არ მისცა და თან რამდენიმე უხეში შეცდომაც დააშვებინა. სტუმართა ერთ-ერთი შეცდომის შედეგად, ფრთაზე სწრაფად გათამაშებული ოვალი ბათუმელთა ფრთა მათე თავდგირიძემ ლელოდ აქცია, მახვილი კუთხიდან გარდასახვა გოგიას გაუცუდდა და მატჩიც რიონისპირელთა გამარჯვებით დასრულდა – 14:11. აჭარელთა კარგად შეკრულ, მონოლითურ კოლექტივთან 3-ქულიანი ჰანდიკაპი ‘აიას’ დიდ უპირატესობას და დამშვიდების შესაძლებლობას არ აძლევს და შესაბამისად, ქუთაისში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.