ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონის რთული გამარჯვება

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს ჯგუფის” მეოთხე ტური, ‘წიქარა’-‘აიას’ გამოკლებით უშეღავათო ბრძოლებით აღინიშნა. ლიდერ და ჩემპიონ ‘ლელოსთან’ სენსაციურ გამარჯვებამდე ‘ბათუმს’ წამები დააკლდა. ქვემო ქართლულ დერბიში მარნეულის ‘არმაზმა’ მასპინძელი და მატჩში ფავორიტი ‘ხარები’ უშანსოდ დატოვა. ვიცე-ჩემპიონმა ‘აკადემიამ’ მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო. პრაქტიკულად სეზონის წინ შექმნილი ‘ხვამლის’ წარმატებულ დებიუტში ლომის წილი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ, გამოჩენილ ბორჯღალოსან რატი ურუშაძეს მიუძღვის, ვინაც გუნდს თამაშის საკუთარი ხელწერა უმოკლეს პერიოდში დაატყო.

ტური დედაქალაქის „რაგბი ჭალაზე“ ‘წიქარა’-‘აიას’ შეხვედრით დაიწყო. დებიუტანტმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:59 დამარცხდა. ‘წიქარა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მეორე ტაიმის დასაწყისში შუამარბ ანდრია ნიქაბაძის გატანილი კინკილა ჯარიმით გადაურჩა.

რიონისპირელები მატჩის პირველივე წუთებიდან უპირობო უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში აღებული 31 უპასუხო ქულით გადაწყვიტეს. ‘აიამ’ მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა. „დუბლით“ სტუმართა კვაჭი და კაპიტანი შოთა ხელაძე გამოირჩა. ბრინჯაოსმედალოსანი სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და ბეკთა ინდივიდუალური გარღვევებს 7 ლელო  მოჰყვა. რიონისპირელებმა დედაქალაქში ჩატარებული ორივე შეხვედრა მოიგეს, აქტივში 9 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა 2 გადავადებული შეხვედრის გათვალისწინებით პირველობის პოტენციურ ლიდერად გვევლინებიან. პირველ გადავადებულ შეხვედრას ‘აია’ კვლავ დედაქალაქში, ვაზისუბნის არენაზე ‘არმაზის’ წინააღმდეგ 20 ოქტომბერს გამართავს.

‘არმაზმა’ სეზონის პირველი გამარჯვება რუსთავში, ‘ხარებთან’ შეხვედრაში დააჭაშნიკა. მართალია, რეგიონულ დერბიში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, თუმცა ბორის აბაშიძის ბიჭებმა აღმავლობით ჩაატარეს შეხვედრა, ‘ხარებზე’ ერთით მეტი, ჯამში 5 ლელო გაიტანეს და უხვქულიანი დაპირისპირებაც თავის სასარგებლოდ 39:25 დაასრულეს. გამარჯვების მიუხედავად ‘არმაზი’ 5 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მეშვიდე  ადგილზე რჩება.

‘ხარები’ ბოჭვების ოდენობასა და შესრულების ხარისხში მოიკოჭლებდნენ, რამაც ‘არმაზს’ ხელ-ფეხი პირველივე ტაიმში გაუხსნა. ‘არმაზმა’ ძალთა მაქსიმალური მობილიზება შეძლო, თავდადებისა და ეფექტური ბოჭვების ხარჯზე აბაშიძის ბიჭებმა უპირატესობა შეხვედრის მიწურულამდე შეინარჩუნეს. მასპინძლებმა დაწინაურება მხოლოდ დებიუტში მარბიელ ცოტნე ჭანტურიას ლელოთი მოახერხეს. მატჩის ხსნის იმედი რუსთაველებს ბოლო წუთებზე მღლეტელ ნიკა ბაქანიძის ლელომ ჩაუსახა, თუმცა ფრთა ვაჩე კურკაციშვილის ლელომ  სტუმრებს 14-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. ‘არმაზის’ რიგებში „დუბლი“ მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა და კაპიტანმა ნიკა გოგოლაძემ შეასრულა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი სანდრო სესიაშვილი გახლდათ. ‘არმაზის’ შუამარბმა დადებულ ლელოსთან ერთად, 4 გარდასახვას 2 ჯარიმაც დაურთო  და პირად აქტივში თანაგუნდელთა საერთო მონაგარის ნახევარი მიითვალა.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’- ‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი მუხიანელთა კარნახით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ‘ხვამლის’ მოთამაშეები ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთი დამრიგებლის რატი ურუშაძის თითქმის ყველა მითითებას და მუხიანელთა წარმატებული თამაშიც უპირატესად მაღალი სათამაშო დისციპლინითაა განპირობებული.

მეტოქენი უპირატესობას თამაშის დინამიურ სტილს ანიჭებდნენ და მატჩის ოთხივე ლელო ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. „მხატვართა“ მხრიდან ერთადერთი ლელო მეორე ნახევარში ფულბეკმა თომა იმედაშვილმა გაიტანა და ანგარიშში ჩამორჩენა ერთი ხანობა 9-ქულამდე შეამცირა. პირველ ნახევარში ლელოს გატანა მუხიანელთა ბურჯმა გიორგი მესხიძემ და ფრთა გიორგი კანთელაძემ მოახერხეს. ‘აკადემიას’ მარცხს კი წერტილი მატჩის მიწურულს შუამარბმა ზურაბ ათოშვილმა დაუსვა – 19:5. 2 გარდასახვასთან ერთად, უნარიანი თამაშით შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე ‘ხვამლის’ ფულბეკი ლუკა თაყაიშვილი გახლდათ. სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვებითა და 14 ქულით ‘ხვამლმა’ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა. მორიგ ტურში მუხიანელებს საკუთარ არენაზე ჩემპიონ ‘ლელოსთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

პირველობის ლიდერმა და ჩემპიონმა ‘ლელომ’ „ბეწვის ხიდზე“ გაიარა და მშობლიური მესამე მასივის არენაზე ‘ბათუმს’ გამარჯვება პრაქტიკულად ბოლო შეტევაში გამოგლიჯა – 21:17. აღსანიშნავია, რომ ‘ბათუმი’ ელიტას მონაწილეთა შორის ყველაზე „ხანდაზმული“ გუნდია (სრულად 2005 წელს დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული). კარგად შეთამაშებული აჭარლები ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას ჯერ კიდევ გასულ სეზონში წარმოადგენდნენ. გელა ჭოველიძის ბიჭებმა მეორე მარცხის მიუხედავად, სეზონში ჩატარებულ სამივე შეხვედრაში მოახერხეს სამატჩო ქულების აღება. აღებული ნუგეშით, თამაშნაკლულმა ’ბათუმმა’ ‘ხარებს’ გადაასწრო, 7 ქულით ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘აკადემიასთან’ სულ 1 ქულა აშორებს.

განვლილ შეხვედრაში ბათუმელთა ფრთა მათე თავდგირიძის გატანილ 4 ჯარიმას, აჭარელთა კვაჭმა გიგი გოგიტიძემ მეორე ნახევარში დადებული ლელოც დაურთო და სტუმართა უპირატესობამ 10 ქულას უწია. მძლავრი ბიძგებითა და კარგად დაყენებული მოლით ჩემპიონმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა. გუნდის კაპიტანმა და მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ გიორგი ხაინდრავამ ეფექტური ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა. „გაწითლებულ“ დროში კი აჭარელთა 5-მეტრიანთან ჩამოყალიბებული მოლი მასპინძლებმა კარგად გაშალეს და შუამარბმა ნუგზარ ქევხიშვილმა სისწრაფეზე მოახერხა გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა, რომელიც წინა ლელოთა მსგავსად ჩემპიონის ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა ზუსტად გარდასახა. ‘ლელომ’ სეზონის ოთხივე შეხვედრა მოიგო, 18 ქულით ლიდერობს და მდევარ ‘ხვამლს’ კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს.