ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონი მუხიანელებთან ერთად ლიდერობს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეორე ტურიც არასრული გამოდგა. კოვიდ-ინფიცირებულ მოთამაშეთა გამო ბრინჯაოს მედალოსან ‘აიას’ სეზონის სადებიუტო შეხვედრის გამართვა მორიგ ჯერზეც გადაუვადდა. რიონისპირელებს ამჯერად ‘ბათუმთან’ გასამართი საშინაო შეხვედრა გაუცდათ.

ჩემპიონმა ‘ლელომ’ მესამე მასივში რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. პაატა მაისურაძის 18-წლამდე ნაკრებთან მუშაობის პროცესის დროს ‘ლელოს’ ზურაბ ხორბალაძე თავკაცობს. მართალია ლაშა კაკაბაძის ბიჭები უქულოდ დარჩნენ და კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა ტიტულის მთავარ ფავორიტებთან (‘აკადემია’; ‘ლელო’) პირველობის სადებიუტო შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხი ქვემო ქართლელებს სამომავლო წარმატებათა კარგ პერსპექტივას უქადის.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საწყის 5 წუთში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. ჯერ ჩემპიონის კარგად დამუშავებული კომბინაციით ფულბეკმა თორნიკე ნავროზაშვილმა იხეირა. ‘ხარების’ საპასუხო შეტევა კი მასპინძელთა პრაქტიკულად ერთადერთი შეცდომის შედეგად ლელოთი მგეზავმა დავით მაკოევმა დააგვირგვინა. ამის შემდეგ ზურაბ ხორბალაძის ბიჭები საგრძნობ ტეროტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ‘ლელო’ ჯარიმით ჯერ ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა დააწინაურა, მეორე ნახევრის შუაწელს კი მასპინძელთა უპირატესობა ფრთა შალვა ჭიტაშვილის დადებულმა ლელომ გაამყარა – 13:5. ჩემპიონს უფრო სოლიდური სხვაობით გამარჯვებაში ხელი სტუმართა ორგანიზებულმა დაცვამ და შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზებში სველი ოვალის ხშირმა წინ ვარდნამ შეუშალა.

‘ლელოს’ სატურნირო ცხრილში 9 ქულით ‘ხვამლი’ გაუტოლდა. მუხიანელებმა „რაგბი ჭალაში“ ‘წიქარას’ ბონუსით – 34:8 მოუგეს. ფავორიტი ლიგის დებიუტანტთან უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და მეტოქეს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილა.

ავდარის მიუხედავად, რატი ურუშაძის ბიჭები სწრაფად მოქმედებდნენ, ოვალს კარგად იმორჩილებდნენ და სტატიკაში ზეწოლას ხელდახელ თამაშსაც ეფექტურად უნაცვლებდნენ. ‘ხვამლის’ კვაჭი და კაპიტანი ბექა ნეფარიძე „დუბლით“ გამოირჩა. ‘წიქარა’ სეზონის სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ამჯერზეც უქულოდ დარჩა და კინკილა ლელოს დაჯერდა. გატანილი ლელოთი თავი კვლავ დებიუტანტის ფულბეკმა სანდრო ირემაშვილმა გამოიჩინა.

„რაგბი“ პლატოზე“, ვიცე-ჩემპიონ ‘აკადემიას’ მარნეულის ‘არმაზმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და მარცხის მიუხედავად ბორის აბაშიძის შეგირდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ქვემო ქართლელები სეზონის სადებიუტო შეხვედრას მართავდნენ და თამაშის დალაგება მეორე ტაიმში მოახერხეს.

პირველ ნახევარში „მხატვართა“ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰავბეკ ზურაბ დემეტრაძის შესრულებულ „დუბლში“ აისახა და შესვენებაზე ფავორიტი 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 12:0. მეორე ტაიმში ‘არმაზი’ გააქტიურდა, მცირე უპირატესობაც მოიპოვა და კვაჭ ნიკა გოგოლაძის დადებული ლელოთი თამაშში დაბრუნებაც შეძლო. კონტრშეტევაზე ‘აკადემიას’ კაპიტან და მარბიელ ალექსანდრე ბეროშვილის გატანილმა ლელომ ანგარიშში სხვაობა აღადგინა. ქვემო ქართლელები ბოლომდე იბრძოდნენ და მატჩის მიწურულს გოგოლაძის მეორე ლელოს წყალობით ნუგეშს გამორჩნენ – 17:10. ვიცე-ჩემპიონმა მეორე მატჩიც ბონუსის გარეშე მოიგო და 8 ქულით თორნიკე კალანდარიშვილის შეგირდები ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ხვამლი’-აია’ მუხიანში უნდა ჩატარდეს. რიონისპირელები იმედოვნებენ, რომ მანამდე გუნდში პანდემიას სრულად დაძლევენ და ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ სეზონის სადებიუტო შეხვედრასაც გამართავენ.