ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტიტულისთვის მოწინავე კვარტეტი იბრძოლებს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პლეი ოფი სენსაციის გარეშე გრძელდება.  1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები წყვილში ფავორიტთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას რეგულარული სეზონის მოწინავე კვარტეტი განაგრძობს.

ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულ ‘აიას’, „ვერცხლის“ ჯგუფის მეორე ადგილოსანმა ‘არმიამ’ ღირსეული წინააღმდეგობა ვერც მეორე შეხვედრაში ვერ გაუწია. პირველი მატჩი ‘აიას’ თბილისში – 59:7 ქონდა მოგებული და საპასუხი შეხვედრა მეტოქეთათვის ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა.

რიონისპირელები, ლაღად, სისწრაფეზე კარგად შლიდნენ ოვალს და ლელოთა დიდი ნაწილი კომბინაციურ სტილში გაიტანეს. ‘აიამ’ მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა. ‘აიას’ გამარჯვებას სათავე შუამარბ ანზორ სარალიძემ დაუდო, სტუმართა მარცხს კი წერტილი ფრთა გელა უკლებამ დაუსვა. მარქაფადან ჩართულმა რიონისპირელთა ფრთა ლუკა ბუხრაშვილმა „დუბლი“ გაახერხა. ‘არმია’ მიჯრით მეორე შეხვედრაში „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან, მატჩის მიწურულს მგეზავ გიორგი ჯაშის დადებულმა ლელომ იხსნა-59:7.

ნახევარფინალში ‘აიას’ მეტოქე აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-‘არმაზის’ შეხვედრაში გაირკვა. პირველი მატჩი ქვემო ქართლელებს ვაზისუბანში მინიმალური სხვაობით – 13:12 ქონდათ მოგებული. საპასუხო შეხვედრა აჭარელთა მძაფრიერი იერიშებით დაიწყო და გელა ჭოველიძის გუნდი ფრთა მირიან შერვაშიძისა და კვაჭ გიგი გოგიტიძის გარდაუსახავი ლელოებით დაწინაურდა. ‘არმაზის’ მდგომარეობა ტაიმის მიწურულს, არასპორტული ქმედების გამო მარბიელ გიორგი ლემონჯავას წითელი ბარათით გაძევებამ დაამძიმა. ბორის აბაშიძის ბიჭები არ შედრკნენ და დახვეწილი მოლის ჩაქცევისთვის დაფიქსირებული ტექნიკური ლელოს წყალობით შესვენების წინ საყაიმო ანგარიშს გამორჩნენ – 10:10.

მეორე ნახევარში ‘ბათუმმა’ ტემპს უმატა და აჭარელთა უკანა ხაზიც პროდუქტიულად ამოქმედდა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის რეალიზება 3 გატანილ ლელოში ასახეს. შერვაშიძემ „დუბლი“ შეასრულა და 2 გარდასახვაც გამოიყენა – 29:17. 2 მატჩის ჯამში გამარჯვებულმა ‘ბათუმმა’ წინა სეზონის შედეგი გაუუმჯობესა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში პაექრობა ‘აიასთან’ მოუწევს.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’, „ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებულ ფოთის ‘კოლხი რაინდებთან’ პირველი მატჩის შემდეგ შექმნილი 19-ქულიანი მარაგი გააორმაგა და მესამე მასივში კოლხებს 5 უპასუხო ლელო დაუდო. პაატა მაისურაძის ბიჭები უპირატესობას ხელით თამაშს ანიჭებდნენ, სივრცეზე ოვალს სწრაფად შლიდნენ და დროულ მიყოლასთან ერთად, ფეხის ეფექტური დარტყმებით მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.

ჩემპიონის წარმატებას სათავე გიგი სირბილაძის ლელომ დაუდო. ‘ლელოს’ მგეზავმა განვლილ შეხვედრაში პირად აქტივს 3 გარდასხვა და 2 გატანილი ჯარიმაც შემატა. მაისურაძის ბიჭების დამაჯერებელი, „მშრალი“ ანგარიშით გამარჯვება მხტომელ მიხეილ შიოშვილის ლელომ დააფიქსირა – 37:0. კოლხებმა უჩვეულოდ ბევრი ჯარიმა აიღეს, რამაც როლანდ ჩაჩავას შეგირდებს თამაშის დალაგებისა და სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცა.

გასული სეზონის მსგავსად, ლელოს’ მეტოქე ნახევარფინალში ‘ხვამლი’ იქნება. ‘აკადემიამ’, რატი ურუშაძის ბიჭებს პირველი მატჩისგან განსხვავებით, „ხვამლი არენაზე“ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. პირველი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ მუხიანელებს – 10:3 ქონდათ მოგებული. მეორე მატჩის დებიუტი მასპიძელთა კარნახით წარიმართა და ფრთა გიორგი კანთელაძის ლელოთი დაგვირგვინდა. „მხატვრებმა“ გაიბრძოლეს და შუამარბ გიორგი ქარჩხაძის ლელოთი, რომელიც ფულბეკმა თომა იმედაშვილმა გარდასახა, ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს.

დარჩენილ დროში ‘ხვამლი’ მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა, რაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშშიც ნათლად აისახა – 44:7. ‘ხვამლმა’, ვიცე-ჩემპიონს მთლიანობაში 8 ლელო დაუდო. მასპინძელთა კაპიტანმა და კვაჭმა ბექა ნეფარიძემ „დუბლი“ შეასრულა. მარქაფადან ჩართულმა მუხიანელთა მხტომელმა ლევან ეზიეშვილმა მეორე ტაიმში ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა.

„ოქროს“ პლეი ოფის 2-მატჩა ნახევარფინალში ითამაშებენ:

‘აია’ (1) – ‘ბათუმი’ (4)

‘ლელო’ (2) – ‘ხვამლი’ (3)

პირველი მატჩები უარესნომრიანი გუნდების, ‘ბათუმისა’ და ‘ხვამლის’ არენებზე გაიმართება.