ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | პლეი ოფი ფიცხელი ბრძოლებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგამ, უფროსი ჭაბუკების პირველობისგან განსხვავებით ფორმატი სრულად შეინარჩუნა. 1/4-ფინალსა და 1/2-ფინალში 2-რაუნდიანი შეხვედრები გაიმართება, რომელთა პირველი მატჩები უარესნომრიანი გუნდების არენებზე ჩატარდება. 1-მატჩა ფინალში კი მასპინძელი, რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის მქონე გუნდი იქნება.

მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ ესტუმრა. კოლხები მიმდინარე პირველობის ნამდვილ აღმოჩენად იქცნენ. როლანდ ჩაჩავას შეგირდებმა „ვერცხლის“ ლიგაში, საკლასიფიკაციო შეხვედრათა ჩათვლით ყველა მატჩი მოიგეს, ჩემპიონატის მსვლელობისას თამაშის ხარისხიც მეთოდურად აამაღლეს და ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალადაც იქცნენ. ‘ლელო’ კი ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ ‘აიას’ ცხრილში 1 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილს დაჯერდა. განვლილ შეხვედრაში მგზავრობით გადაღლილ ჩემპიონს ადაპტაციისა და თამაშის ჩვეულ რიტმში გადასაყვანად ტაიმზე ოდნავ მეტი დრო დაჭირდა.

მართალია, ჩემპიონი მატჩის დებიუტში მხტომელ მიხეილ შიოშვილის ლელოთი დაწინაურდა, თუმცა აქტიურად მოთამაშე კოლხებმა უპირატესობის მოპოვება და ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. ფოთელთა მხრიდან საპასუხო ლელო ფულბეკმა გიორგი კარანაიამ გაიტანა. ზუსტ გარდასახვას, მასპინძელთა მგეზავმა ალიკა აბულაძემ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი ჯარიმაც დაურთო და „პარკი არენაზე“ დატრიალებულმა სენსაციის სუნმა ჩემპიონი, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, დროულად გამოაფხიზლა.

‘ლელომ’, დაცვაში გამკაცრებულ თამაშთან ერთად ტემპს უმატა, რასაც მასპინძელთა მხრიდან უხვი ჯარიმები და ყვითელი ბარათები მოყვა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს და დარჩენილ დროში კოლხებს 3 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘ლელოს’ კაპიტან ნიკა აბესაძის გატანილ ლელოს, ფოთელთა მხრიდან მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელოც დაერთო. საკუთარი გუნდის გამარჯვება კი მიხეილ შიოშვილმა მატჩის მიწურულს შესრულებული „დუბლით“ გაამყარა – 29:10.

ქუთაისის ‘აია’ „ვერცხლის“ ლიგის მეორეადგილოსან ‘არმიას’ „რაგბი ჭალაში“ დაუპირისპირდა, სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა 7 უპასუხო ლელოში ასახა და საპასუხო შეხვედრაც ფორმალობად აქცია. რიონისპირელები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ, რასაც ‘არმია’ ვერ გაუმკლავდა. ‘აიას’ ერთ-ერთმა ლიდერმა და კვაჭმა შოთა ხელაძემ „პოკერი“ გაახერხა. სტუმართა შუამარბმა გიორგი მანაგაძემ გატანილ ლელოს, 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. „არმიელთა“ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული მხტომელის ლევან ბენდელიანის დადებულმა ლელომ დაუსვა – 45:0.

ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრამ უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა. რეგულარულ სეზონში ქვემოქართლელებს ორივე ურთიერთ შეხვედრა ქონდათ წაგებული, თუმცა ორივე ხსენებულ დაპირისპირებაში ბორის აბაშიძის ბიჭებმა ფავორიტს ტოლი არ დაუდეს, ხოლო პლეი ოფის პირველ შეხვედრაში სულაც ნავსის გატეხვა მოახერხეს.

‘არმაზმა’, დაცვაში საიმედო გარჯისა და ორგანიზებული თამაშის ხარჯზე პირველ ნახევარში აჭარლებს გასაქანი არ მისცა. ჯერ ფრთაზე სწრაფად გათამაშებული  ოვალი ლელოდ მასპინძელთა მხტომელმა რეზო შარიამ აქცია. მარნეულელთა მგეზავმა გოგიჩა გოგუამ კი ტაიმის მიწურულს გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაამყარა – 8:0.

მეორე ნახევარში ‘ბათუმი’ გააქტიურდა და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად შეცურებულ ოვალს პირველმა სტუმართა მხტომელმა დიმიტრი პატარაიამ მიუსწრო. ბათუმელთა ფრთა მირიან შერვაშიძეს გარდასახვის ზუსტად შესრულება არ გაჭირვებია. სტატიკაში მოპოვებული მცირე უპირატესობის ხარჯზე ‘არმაზის’ კვაჭმა და კაპიტანმა ნიკო გოგოლაძემ მოლით გატანილი ლელოთი ქვემო ქართლელებს 6-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის ბოლო წუთებმა კი აჭარელთა იერიშებში ჩაიარა, რასაც ფულბეკ ნიკოლოზ სირაძის მოედნის კიდესთან დადებული ლელო მოყვა. ძლიერი ქარის თანხლებით, რთული პოზიციიდან გარდასახვა შერვაშიძეს  ამჯერად გაუცუდდა, რამაც ‘არმაზს’ მატჩის მინიმალური სხვაობით მოგების შესაძლებლობა მისცა – 13:12.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ხვამლის’ შეხვედრაც უაღრესად დაძაბული გამოდგა. წყვილში ფავორიტი მუხიანელები პირველ ტაიმში მეტოქეზე მეტს მოძრაობდნენ, „მხატვრებს“ სტატიკაშიც აღემატებოდნენ და სტუმართა ბურჯმა ლუკა დარბაიძემ მოლით, ტყუპისცალივით მსგავსი წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. მასპინძელთა ფულბეკმა გიორგი ქარჩხაძემ ჯარიმით სხვაობის 7-ქულამდე შემცირება მოახერხა.   მეორე ტაიმში ძლიერმა ქარმა თამაშს თავისი დაღი დაასვა. ორივე გუნდის მხრიდან იმატა ტექნიკურმა წუნმა, რის გამოც მეტოქეებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად სამატჩო ქულების აღება ვერ მოახერხეს და შუქფარს საბოლოოდ პირველი ნახევრის ანგარიში შემორჩა – 10:3. აღსანიშნავია, რომ რატი ურუშაძის ბიჭებმა ვიცე-ჩემპიონს სეზონის სამივე შეხვედრა მოუგეს.

1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები, რომლებიც ტიტულის მაძიებელ წარმატებულ კვარტეტს გამოავლენს, 11 მაისს გაიმართება.