ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მოწინავე კვარტეტი ფავორიტებმა შეავსეს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში „ოქროს“ პლეი ოფი დაიწყო. პირველობაზე 2004/05 წლებში დაბადებული მორაგბეები ასპარეზობენ. რეგულარული სეზონის „ოქროს“ ჯგუფის 6 საუკეთესო კოლექტივს, „ვერცხლის“ ლიგიდან რუსთავის ‘ხარები’ და ‘ბათუმი’2  შეურთდნენ. „ვერცხლის“ დონის ფინალში ქვემოქართლელებმა აჭარლებს დამაჯერებლად მოუგეს და პლეი ოფში მეტოქედ ‘აკადემია’ ირგუნეს. ბათუმელთა მეორე გუნდს კი დაპირისპირება სეზონის პირველადგილოსან და მთავარ ფავორიტ ‘ლელოსთან’ მოუწია.

ჩემპიონი, აჭარლებს კლუბის მთავარ არენაზე, დიდ დიღომში დაუხვდა. პაატა მაისურაძის ბიჭებს მოედნის ბუნებრივ საფარზე ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაჭირდათ, რის შემდეგ ფავორიტი საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა. ‘ლელო’ სისწრაფეზე მოქმედებდა და თან სტატიკაში, მძლავრი ბიძგებით სივრცეზე უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა.

ჩემპიონმა 10 ლელო გაიტანა (5 ლელო მორკინალთა ანგარიშსზეა) და მეტოქე, შუამარბ მათე თავდგირიძის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერა. აღსანიშნავია, რომ 10-ივე ლელო, ჩემპიონის სხვადასხვა მორაგბემ დადო. ფულბეკმა ლუკა ხორბალაძემ 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე ბურჯ დავით მჭედლიძის ლელომ დაუდო, აჭარელთა მარცხს კი წერტილი, მარქაფადან ჩართული მღლეტელი ნიკა პაატაშვილის ლელომ დაუსვა-62:6.  36 წლის პაატა მაისურაძე ‘ბ’ ლიგის ‘ლელოს’ სათავეში სადებიუტო სეზონს ატარებს და გუნდს აშკარად ეტყობა ნიჭიერი სპეციალისტის ხელი.

‘ლელოს’ მეტოქე ნახევარფინალში ‘ხვამლი’ იქნება. აღსანიშნავია, რომ დიდ დიღმელთა და მუხიანელთა გზები წინა პირველობის სატიტულო შეხვედრაში გადაიკვეთა.  მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი ‘ხვამლმა’ მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა და მოწინავე კვარტეტში მოსახვედრად მეხუთეადგილოსან ‘ბათუმი’1-ს საკუთარ არენაზე უმასპინძლა. რეგულარული სეზონის შეხვედრათა მსგავსად, მეტოქეთა რკენა ამჯერზეც უაღრესად დაძაბული გამოდგა.

‘ხვამლმა’ უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვა, თუმცა ფეხით თამაშით უკეთ აჭარლები ირჯებოდნენ, რამაც ირაკლი მასხარაშვილის შეგირდებს ანგარიშში სოლიდური სხვაობით დაწინაურების შესაძლებლობა არ მისცა. ისიც აღსანიშნავია, რომ თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა მასპინძელთა რამდენიმე შეცდომითაც ისარგებლეს და 2 ლელოს გატანა მოახერხეს. მუხიანელებმა კი საკუთრივ 3 ლელო მიითვალეს (მარბიელი ლუკა კოტორაშვილი, შუამარბი ლუკა შავგულიძე, ლუკა სულუაშვილი), რომელთა გარდასახვა ჯუმბერ როსტომაულმა უზადოდ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც სწორედ მასპინძელთა შუამარბის გატანილი ჯარიმით დაფიქსირდა-24:17.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მუხიანელთა მეორე შუამარბი ლუკა შავგულიძე გახლდათ. „პიკასო“- უმცროსი (გამოჩენილი მორაგბის ამირან შავგულიძის ვაჟი) თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. სხარტი აზროვნების მქონე მუდამ აქტიური ჭაბუკი ოვალს კარგად ხურავს, რაქში ჩინებულად ირჯება, ოფლოუდებიც ეხერხება და  მეტოქის მცირე უზუსტობითაც კარგად სარგებლობს. განვლილი შეხვედრის პირველ ნახევარში, მოედნის ცენტრთან სტუმართა  დავარდნილი ოვალი ლუკა შავგულიძემ უმალ აიტაცა,  ხაზი იოლად გაჭრა და ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირებით ეფექტური ლელოც გაიტანა.

ქუთაისის ‘აიას’, ‘ბათუმი“1-თან  სეზონის სადებიუტო შეხვედრაში განცდილი მარცხი მეორე ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, შემადგენლობით კარგად დაბალანსებული რიონისპირელები ფავორიტთა შორის რჩებიან, რაც მარნეულის ‘არმაზსთან’  პლეი ოფის შეხვედრამაც ცხადყო.

‘აია’, ქვემო ქართლელებთან უპირატესობას შეხვედრის პირველივე წუთებიდან დაეუფლა. ქუთათურები დაცვაში საიმედი თამასთან ერთად, განსაკუთრებით შერკინებასა და დერეფანში დომინირებდნენ და მოლსაც კარგად აყენებდნენ. მასპინძლებმა 8 ლელოს გატანა მოახერხეს და ‘არმაზი’ ოდენ მგეზავ სანდრო სესიაშვილის 3 გატანილ ჯარიმას დააჯერეს. ‘აიას’ მგეზავმა გუჯა მახარეიშვილმა 5 გარდასახვას, მეორე ტაიმში საკუთრივ დადებული ლელოც დაურთო. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, აიას მღლეტელმა ლუკა კიკვაძემ კი „დუბლი“ შეასრულა და მისმა მეორე ლელომ ‘აიას’ დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა-50:9.

ბოლო ნახევარფინალისტი კი „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიასა’ და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრამ გამოავლინა. „ოქროს“ ჯგუფის მეორე ადგილოსანი „მხატვრები“, „ვერცხლის“ ჯგუფიდან დაწინაურებულ რუსთაველებთან ლამის უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ქვემო ქათლელებმა საუცხოოდ იბურთავეს და ლაშა კაკაბაძის შეგირდებს პირველობის ყველაზე ხმაურიან სენსაციამდე სულ  2 წუთი დააკლდათ. რაგბის კლუბ ‘ხარების’ პრეზიდენტ  დავით /“შორო“/კაკაბაძის 34 წლის ძმიშვილმა ლაშა კაკაბაძემ ‘ბ’ ლიგაში მოღვაწეობის 3-წლიან პერიოდში ნიჭიერი ადგილობრივი მორაგბეები ოვალის ფილოსოფიას საღად აზიარა და თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესში მყოფ ქალაქის მთავარ გუნდს საიმედო ცვლის პერსპექტივაც გაუჩინა.

მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში წარიმართა. ‘აკადემიას’ შუამარბმა ლუკა კობაურმა თავისივე დადებული ლელო გარდასახა, ზედ ჯარიმაც დაურთო, თუმცა ‘ხარების’ ჰუქერ ნიკა გომიაშვილის ლელოს, მისი თანაგუნდელი შუამარბის ალექსი ზაზაძის გარდასახული ლელოც დაერთო და შესვენებაზე სტუმრები 2-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ-12:10.  მეორე ნახევარში გომიაშვილის „დუბლმა“ ‘ხარების უპირატესობა გაამყარა. მარცხის რეალურმა საშიშროებამ თორნიკე კალანდარისვილის შეგირდები დროულად გამოაფხიზლა. ჯარიმით კობაურმა ანგარიშში ჩამორჩენა 4-ქულამდე შეამცირა, მატჩის დამთავრებამდე  2  წუთით ადრე კი მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ფრთაზე ოვალის სწრაფი გაშლითა და მარქაფადან ჩართული მღლეტელის ნიკო ანდღულაძის ნახტომში გატანილი ეფექტური ლელოთი დასრულდა. ‘აკადემიამ’-18:17 იმარჯვა და ნახევარფინალში საკუთარ არენაზე ‘აიას’ დაუპირისპირდება.