ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ ფინალში ტიტულს ‘აიასთან’ დაიცავს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი ფინალისტი დიდ დიღომში გაირკვა. მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ‘ხვამლს’  საკუთარი კლუბის მთავარ არენაზე უმასპინძლა და მრავალრიცხოვანმა ქომაგმა მეტოქეთა მხრიდან საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში იხილა, რაც ქართული რაგბის იმედისმომცემი მომავალი თაობის პერსპექტივას კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს. პირველი მატჩი ჩემპიონს მუხიანში 15:0 ქონდა მოგებული და ‘ხვამლი’ ესოდენ სოლიდური სხვაობის აღმოსაფხვრელად გააფთრებულ ბრძოლას მატჩის პირველივე წუთებიდან შეუდგა.

მართალია, ‘ხვამლმა’ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება შეძლო, თუმცა რატი ურუშაძის შეგირდებმა დიდ დიღმელთა ხისტ და პრაქტიკულად გაუვალ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ‘ლელო’ მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩა, მოთამაშეები თავიანთი დამრიგებლის პაატა მაისურაძის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, მეტოქეს საკუთარ 22-იანში გასაქანი არ მისცეს, საკუთრივ კი მგეზავ გიგი სირბილაძის გატანილი წყვილი ჯარიმის წყალობით ტაიმი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგეს – 6:0.

‘ხვამლის’ დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა. მუხიანელები შეტევებს აგრძელებდნენ, ჩემპიონი კი თავს საიმედოდ იცავდა და ‘ლელოს’ ერთ-ერთ მრავალსვლიანი კომბინაცია გიორგი ხაინდრავას გატანილი ლელოთი დასრულდა. ‘ლელოს’ შუამარბმა გადამწყვეტ მომენტში ‘ხვამლს’ ოვალის „გაჭედვის“ შესაძლებლობა არ მისცა და მეურვესაც კარგად დაუსხლტა. სირბილაძეს გარდასახვა არ გაჭირვებია. დარჩენილ დროში მუხიანელებმა მხოლოდ ნავსის გატეხვა მოახერხეს და 2 მატჩის ჯამში პირველი სამატჩო ქულები აიღეს. კარგად შეკრული მოლით ლელოს გატანა ‘ხვამლის’ კვაჭმა და კაპიტანმა ბექა ნეფარიძემ მოახერხა – 13:5.

2014 წლიდან მოყოლებული, უმცროს ჭაბუკთა პირველობაზე ‘ლელო’ ფინალში მეექვსედ გავიდა. აღნიშნულ პერიოდში დიდ დიღმელებმა ტიტული 4-გზის მოიპოვეს და ისიც აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ პანდემიის გამო შეწყვეტილ პირველობაზეც ჩემპიონი დამაჯერებლად ლიდერობდა.

სატიტულო შეხვედრის მეორე მონაწილეს ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ ქუთაისური შეხვედრა არკვევდა. პირველი მატჩი რიონისპირელებს აჭარის დედაქალაქში დაძაბულ ბრძოლაში ქონდათ მოგებული – 14:11. საპასუხო შეხვედრა კი ‘აიას’ სრული უპირატესობით წარიმართა და რიონისპირელებმა საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრეს.

‘აია’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა. მასპინძელთა ხაზი სწრაფად ჩაუქობდა და მორკინალებიც აჭარლებს ძალუმად უტევდნენ. თავი ჯერ ‘აიას’ შუამარბმა ლუკა ჩხაბერიძემ გამოიჩინა, ვინაც თანაგუნდელთა სივრცეზე სწრაფად გაშლილი ოვალი ლელოდ აქცია, რომელიც ფულბეკმა გიორგი ბარდალიანმა ზუსტად გარდასახა. მართალია, ‘ბათუმი’ გააქტიურდა და სტუმართა მგეზავმა ირაკლი გოგიამ ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ‘აიამ’ ტექნიკური ლელო გამოიმუშავა და ფავორიტი შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 14:3.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა კარნახით წარიმართა. ‘აიამ’ დაცვაში თამაში კიდევ უფრო გაამკაცრა, საკუთრივ კი საერთო მონაგარს გუნდის კაპიტან შოთა ხელაძის ლელო შემატა. ამპლუით კვაჭი ხელაძე ამჯერად შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა და თანაგუნდელთა კარგად შეკრული მოლი ძალისმიერი ლელოთი დააგვირგვინა – 19:3.

2015 წლის შემდეგ ‘აია’ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. ‘აია’-‘ლელოს’ 1-მატჩა სატიტულო შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. რიონისპირელებმა რეგულარული სეზონი მოიგეს და დებულების თანახმად გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ არენაზე ჩაატარებენ.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი მუხიანში, ‘ხვამლი’-‘ბათუმის’ შეხვედრაში გაირკვევა. მუხიანელები მასპინძლობის უფლებით, სეზონში აჭარლებზე დაკავებული მაღალი ადგილის გამო ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ‘ბათუმი’ ‘ბ’ ლიგაში პოდიუმს პირველად ეშურება. ‘ხვამლმა’ კი აღნიშნულ ლიგაში, ბოლო 5 წლის მანძილზე ტიტული და ვერცხლის მედლები მოიპოვა.