ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ ლიდერობას უდანაკარგოდ აგრძელებს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეოთხე ტურის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მეოთხე მატჩიც პრემიალური ქულით მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მაქსიმალური შედეგით, 20 ქულით უდგანან და თან მეტოქეებს ყველა სამატჩო სტატისტიკური მაჩვენებლითაც აღემატებიან. მართალია, ‘ხვამლმაც’ პირველობის ოთხივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა რატი ურუშაძის შეგირდებს მხოლოდ 1 ბონუს-ქულა აქვთ აღებული და ჩემპიონს 3 ქულით ჩამორჩებიან.

ქუთაისის ‘აიამ’ სეზონში მეორე შეხვედრა დათმო და ცხრილში მისთვის ერთობ უჩვეულო მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა. მესამე ადგილზე ‘ბათუმი’-1 მყარად დამკვიდრდა, ‘აკადემიამ’ კი აღებული ბონუსით ადგილი მოწინავე კვარტეტში მოიპოვა. ჩემპიონატს მოუგებლად ‘კოლხი რაინდები’ და ‘არმაზი’ აგრძელებენ. კოლხები 2 ნუგეშ-ქულით, ცხრილის ბოლოსწინა მეშვიდე ადგილზე დარჩნენ და პლეი ოფის ზონაში მყოფ ‘არმიას’ 4 ქულით ჩამორჩნენ. უქულოდ მყოფი ქვემო ქართლელები კი ბოლო ადგილს იკავებენ.

მოქმედმა ჩემპიონმა და პირველობის ლიდერმა ‘ლელომ’ მარნეულის ‘არმაზს’  მასივში უმასპინძლა და დაგეგმილი პრემიით, უპრობლემოდ იმარჯვა – 41:3. ჩემპიონი უპირატესად გაშლილ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა და მთლიანობაში 7 დადებული ლელოდან, კომბინაციურ სტილში 6 ლელო გაიტანა. ‘ლელოს’ რიგებში „დუბლით“ ფრთა ლუკა შუბითიძე გამოირჩა, ვინაც მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორიც გახდა. ‘არმაზმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი პირველ ნახევარში შუამარბ დავით არავიაშვილის გატანილი ერთადერთი ჯარიმით დააღწია.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. „ოქროს“ ჯგუფის დებიუტანტი „არმიელები“ თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებენ, რაც გია ჯავახიშვილის გუნდის შედეგებზეც აისახა. ‘არმიამ’ მიჯრით მესამე შეხვედრაში მოახერხა სამატჩო ქულების აღება და მუხიანელებთან პოზიტიურ შედეგამდე წამები დააკლდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატსობით წარიმართა. ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გარდასახული ლელოთი მატჩის დებიუტში ‘არმია’ დაწინაურდა. მუხიანელებმა ტემპს უმატეს და უხვი ტექნიკური წუნისა და ხშირად წაგებული დერეფანის მიუხედავად, მარბიელ გიორგი ბოჩიკაშვილისა და მატჩის გამორჩეული მოთამაშის, ფრთა არჩილ თოთიაურის ლელოთა წყალობით შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში კი „არმიელთა“ ფრთა ლაშა გოგოლაძის გარდაუსახავი ლელოთი, შუქფარმა საყაიმო ანგარიში ბოლო წუთამდე შეინარჩუნა. პრაქტიკულად მატჩის ბოლო შეტევაში გამომუშავებული ჯარიმის ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა ‘ხვამლის’ ფულბეკ გიგა ყიფშიძეს არ გაჭირვებია, რითაც უკეთესი თამაშის ორგანიზაციის მქონე რატი ურუშაძის ბიჭებმა მოგებათა სერია წარმატებით განაგრძეს – 15:12.

ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის ‘აია’ საკუთარი თამაშის პოვნას ჯერჯერობით ვერაფრით ახერხებს. მართალია, რიონისპირელებმა ‘ბათუმი’-1-თან საშინაო შეხვედრის დებიუტში სტუმართა შუამარბ ანრი დევაძის გატანილ ჯარიმას, მარბიელ საბა ნებიერიძის ძალისმიერი (გარდასახვა – თემურ ძოძუაშვილი) ლელო შეაგებეს და ანგარიშშიც დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა მეთოდურად მოიპოვეს უპირატესობა და ლევან თხელიძის ბიჭებს მეტი სამატჩო ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს.

აჭარლები სწრაფად, კომბინირებულად მოქმედებდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და ‘აიას’ ტაიმებში თითო ლელო დაუდეს. პირველ ნახევარში ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერი და ფულბეკი ნიკა ხალვაში გამოირჩა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებს ლელო ფრთა ლუკა ქამაშიძემ დაუდო. სტუმართა მგეზავმა და კაპიტანმა გიორგი ბერაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა, 2 ჯარიმაც ძელებსშუა ზუსტად გაატარა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა – 23:7.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’- ფოთის ‘კოლხი რაინდების’ პრინციპულ დაპირისპირებაში „მხატვრები“ დომინირებდნენ. ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდები განსაკუთრებით სტატიკაში კარგი თამაშით გამოირჩეოდნენ და მასპინძლებმა ლელოთა დიდი ნაწილი ძალისმიერ სტილში გაიტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აკადემიას’ კვაჭ გიორგი აღნიაშვილის შედეგიანი თამაში. მართალია, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიაშვილი ამჯერზე მისთვის უჩვეულო, მარბიელის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა. პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი მარქაფადან ჩართულმა მასპინძელთა მარბიელმა ირაკლი კვალიაშვილმა მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანა – 26:7. კოლხებმა „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი შუამარბ გიორგი კარანაიას დადებული ლელოთი დააღწიეს.