ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ პირველობას მოგებათა მაქსიმუმით აგრძელებენ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მეხუთე ტურის შემდეგ ‘ლელოს’ და ხვამლის’ აქტივში 5-5 მოგებაა, თუმცა მუხიანელებმა პრემია მხოლოდ 1 შეხვედრაში აიღეს და ლიდერ ჩემპიონს ცხრილში კვლავ 3 ქულით ჩამორჩნენ. სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვების შემდეგ ‘აკადემიამ’ ადგილი ‘ბათუმს’ გაუცვალა, აჭარლებს 1 ქულით გაუსწრო  და მოწინავე სამეულში აინაცვლა.

‘აიას’ წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება. რიონისპირელებმა უკვე მესამე შეხვედრა დათმეს. ვიცე-ჩემპიონი მეხუთე ადგილზე რჩება და თან გასავარდნ ზონას 4 ქულაღა აშორებს. სეზონში პირველი გამარჯვების მიუხედავად, ფოთის ‘კოლხი რაინდები’ მეშვიდე პოზიციაზე დარჩნენ. ‘არმიამ’ პლეი ოფის ზონაში მეექვსე ადგილი კოლხებთან მოპოვებული ნუგეშ-ქულის წყალობით შეინარჩუნა. ცხრილის ბოლო  საფეხურზე კი მოუგებლად და უქულოდ მყოფი მარნეულის ‘არმაზი’ რჩება.

ტურის გამორჩეული შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ‘ბათუმი’-1-მა პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ ‘ლელოს’ უმასპინძლა და კოკისპირული წვიმის მიუხედავად, შეხვედრა უაღრესად დაძაბული და კარგი საცქერიც გამოდგა. მატჩი ‘ლელოს’ იერიშებით დაიწყო და ჩემპიონი მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელოს წყალობით დაწინაურდა. ბათუმელებმა მეთოდურად სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმეს და შუამარბ ანრი დევაძის გატანილი წყვილი ჯარიმით შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე ნახევარში შეხვედრის სურათი და ანგარიში არ შეცვლილა. უმეტესად კვლავ მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ოვალის ხშირმა წინ ვარდნამ და ჯარიმებმა გიორგი სვინტრაძის ბიჭებს სენსაციური გამარჯვება არ დაანება და აჭარლები ოდენ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. ‘ლელომ’ დაძაბულ ბრძოლაში – 7:6 იმარჯვა და სეზონში პრემიალური ქულის აღება პირველად ვერ შეძლო, თუმცა მდევარ ‘ხვამლთან’ 3-ქულიანი „ჰანდიკაპი“ შეინარჩუნა.

ასევე ინტერესს იწვევდა გასული სეზონის პრიზიორების ‘ხვამლისა’ და ‘აიას’ შეხვედრა, რომელიც მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. მართალია, ‘ხვამლი’ საკადრო პრობლემებთან ერთად, სრულფასოვანი მარქაფას დეფიციტსაც განიცდის, თუმცა ბრინჯაოსმედალოსანი შეუპოვარი ბრძოლით, დაცვაში საიმედო, ხისტი ქმედებითა და თამაშის მაღალი ორგანიზაციით გამოირჩევა, რამაც რატი ურუშაძის ბიჭებს პირველობაზე დღემდე ჩატარებული ყველა მატჩი თავის სასაგებლოდ დაასრულებინა.

მუხიანელებისა და რიონისპირელთა შეხვედრა ფიცხელი ბრძოლით აღინიშნა, რომლის პირველი ნახევარი მასპინძლებმა ფრთა არჩილ თოთიაურის გარდაუსახავი ლელოთი მოიგეს. მეორე ნახევარში ‘აიამ’ ტემპს უმატა, თუმცა ლევან თხელიძის ბიჭებმა ჯარიმებსაც მოუხშირეს, რამაც მატჩის შედეგზე უშუალო გავლენა იქონია. ‘აიას’ ფრთა საბა ნებიერიძის ლელოთი, რომელიც ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა, სტუმრებმა მეორე ტაიმის შუაწელს ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. მაგრამ ხსენებულ ჯარიმათა გამო, ვიცე-ჩემპიონი პოზიტიურ შედეგს ვერ შეწვდა. ‘ხვამლის’ ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ 2 ჯარიმა გაიტანა და ‘აია’ ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა – 11:7.

ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘აკადემიას’ მატჩის პირველი ტაიმი „მხატვართა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭები სწრაფად, კომბინირებულად მოქმედებდნენ და სტიტაკაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. ‘აკადემიას’ კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ბურჯ დაჩი გიორგაძის ლელოთი „მხატვრებმა“ შესვენების წინ 15 უპასუხო ქულა დააგროვეს.

მეორე ნახევარში ქვემო ქართლელები უკეთ აბურთავდნენ, სტუმართა ფრთა ნიკა არაბულის ლელოს, კვაჭ ლუკა ბაკურაძისა და მისი თანაგუნდელი მარბიელის თორნიკე გელაშვილის გატანილი ლელოები დაუპირისპირეს, რითაც ბორის აბაშიძის ბიჭებმა ანგარიშში ჩამორჩენა გაანახევრეს . ‘აკადემია’ არ შედრკა და სწრაფი კომბინაციის შემდეგ მარბიელ ირაკლი კვალიაშვილის დადებული ლელოთი პრემიალური ქულაც გამოიმუშავა – 27:12.

პრინციპულ ხასიათს ატარებდა ფოთში, ‘კოლხი რაინდებისა’ და არმიას’ შეხვედრა. მეტოქენი, რომელთაც ცხრილში 4 ქულა აშორებდათ, პლეი ოფში მოსახვედრად და შესაბამისად  ელიტაში დასარჩენად იბრძვიან. აღნიშნულმა გარემოებამ მატჩის სიმძაფრეს კიდევ უფრო მეტი ელფერი შემატა. მართალია, შეხვედრის დიდი ნაწილი უპირატესობას ‘არმია’ ფლობდა, თუმცა კოლხები დაცვაში საიმედი თამაშთან ერთად, უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მოქმედებდნენ.

მატჩის დებიუტში ფოთელთა შუამარბმა გიორგი კარანაიამ მეტოქეს ჩაუჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც მგეზავმა ალიკა აბულაძემ ზუსტად გარდასახა, რასაც შემდგომში გატანილი ჯარიმაც დაურთო და მასპინძლები 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კოლხთა მხრიდან ლელოს გატანა ფრთა ლუკა ბუკიამაც მოახერხა. მდევრის როლში მყოფმა „არმიელებმა“, მხტომელ ნიკოლოზ ჩხორთოლიასა და ბურჯ ვაჟა ხეცურიანის ლელობით ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს. ალიკა აბულაძის გატანილმა ჯარიმამ როლანდ ჩაჩავას შეგირდებს 6-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი „არმიელებმა“ მეტოქის 5-მეტრიანთან სალელოვე შეტევის დაგვირგვინება ვერ მოახერხეს, რამაც სეზონში ‘კოლხი რაინდებს’ პირველი გამარჯვება არგუნა – 18:12.