ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘აიამ’ იპირველა, ‘ხარები’ კი დაქვეითდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის დასკვნითი ტური რეგულარული სეზონისა და „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებულებს და ასევე „ოქროს“ საჩემპიონო პლეი ოფის დასკვნითი მონაწილის ვინაობას არკვევდა.

პირველობის ლიდერ ‘აიას’ რეგულარული სეზონის მოსაგებად, ქვემო ქართლის დედაქალაქში, ადგილობრივ ‘ხარებთან’ ხელს ნებისმიერი სხვაობით მოგება აძლევდა, რამეთუ რიონისპირელები თანაბარი საცხრილო ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონ ‘ლელოს’ უკეთესი პირისპირ ბალანსით აღემატებოდნენ. ‘ხარებს’კი ელიტაში დასარჩენად და პლეი ოფში მოსახვედრად სულ მცირე ნუგეშ-ქულის აღება მართებდათ.

პირველი ტაიმი ‘აიას’ სრული უპირატესობით წარიმართა. რიონისპირელთა კაპიტან და ბურჯ შოთა ხელაძის შესრულებულ „დუბლს“, მხტომელ ლევან კეპულაძის დადებული ლელოც დაემატა და ფავორიტი შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში სტუმრები უპირატესად ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ, რითაც ლაშა კაკაბაძის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს და მაქსიმალური მონდომების ხარჯზე საშური ნუგეშიც აიღეს. ‘ხარების’ ბურჯ ლაშა გახარიას გატანილ ლელოს, მასპინძელთა მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელო დაერთო-19:14. სეზონში დაკავებულმა პირველმა ადგილმა ‘აიას’ პლეი ოფის ყველა ეტაპზე/ ფინალური შეხვედრის ჩათვლით/ მოედნის უპირატესობა არგუნა. ‘ხარები’ კი აღებულმა ნუგეშმა ლიგაში დაქვეითებისაგან მაინც ვერ იხსნა.

‘ლელო’-აკადემიას’ გასული სეზონის ფინალის ერთგვარი „რიმეიქი“ მესამე მასივში გაიმართა. ‘ხარები’-აიას’ შეხვედრის შედეგმა გუნდები პოლარულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჩემპიონ ‘ლელოსთვის’ მატჩის სპორტულ მხარეს ძალა დაკარგული ქონდა, ვიცე-ჩემპიონი „მხატვრები“ კი „ოქროს“ ჯგუფში დასარჩენად ნუგეშ-ქულის აღებას საჭიროებდნენ. წინა ტურში, ღრმა აუტსაიდერ ‘წიქარასთან’ სენსაციურმა მარცხმა თორნიკე კალანდარიშვილის შეგირდები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა.

შეხვედრაში მოვლენები უპირატესად პირველ ტაიმში განვითარდა. ფულბეკ გიორგი ქარჩხაძის ჯარიმით დებიუტში ‘აკადემია’ დაწინაურდა, რასაც ‘ლელოს’ რამდენიმე მწვავე იერიში მოყვა. ერთ-ერთი მათგანი ლელოთი მარბიელმა მიხეილ შიოშვილმა დააგვირგვინა, რომლის გარდასახვა ჩემპიონის კაპიტან გიგი სირბილაძეს არ გაჭირვებია. მართალია, მატჩის დარჩენილ დროშიც უპირატესობას ‘ლელო’ ფლობდა, თუმცა შეხვედრის ანგარიში ხელუხლებელი დარჩა-7:3. ჩემპიონმა რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე ჩაამთავრა და გამარჯვებულ ‘აიას’ 1 ქულით ჩამორჩა. ‘აკადემია’ აღებული ნუგეშით ცხრილში ‘ხარებს’ კვლავ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით „მხატვრებმა“ მეექვსე პოზიცია შეინარჩუნეს, პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს და მომავალ სეზონს კვლავ უმცროს ჭაბუკთა ელიტარულ ჯგუფში გაატარებენ.

პოდიუმისთვის მებრძოლმა ‘ხვამლმა’ მესამე ადგილი პრინციპულ მეტოქე მარნეულის ‘არაზსთან’ დამაჯერებელი გამარჯვებით შეინარჩუნა. გუნდები უპირატესობის მოპოვებას უმეტესად სტატიკის ხარჯზე ცდილობდნენ, რაც ვაზისუბანის სარაგბო არენაზე უკეთ რატი ურუშაძის ბიჭებმა მოახერხეს. მუხიანელებმა მთლიანობაში 5 ლელო გაიტანეს და მათგან-4 ლელო, მიძალებითა და მოლით იქნა დადებული. ‘ხვამლის’ კვაჭმა ბექა ნეფარიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ქვემო ქართლელთა კვაჭ ნიკა გოგოლაძის მეორე ტაიმში გატანილი ლელო, მასპინძელთათვის თამაშში ერთადერთი გამოდგა-31:10. მოპოვებულმა ბონუს-ქულამ, ‘ხვამლი’ მდევარ ‘ბათუმისთვის’ ცხრილში მიუწვდომელი გახადა. სეზონში განცდილი მე-10 მარცხის მიუხედავად, ‘არმაზი’ ცხრილში მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

‘წიქარა’-‘ბათუმის’ შეხვედრა სატურნირო ცხრილის მხრივ აღარაფერს წყვეტდა და მატჩი მეტოქეთათვის ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა. აჭარლები სეზონს მეოთხე ადგილზე ასრულებდნენ, ბოლოადგილოსანი ‘წიქარა’ კი ელიტაში გატარებული სეზონის შემდეგ „ვერცხლის“ ლიგას დაუბრუნდა, თუმცა ბექა ფირანიშვილის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და სეზონი მიჯრით 2 გამარჯვებით დაასრულეს.

მართალია, ‘ბათუმმა’ მასპინძლებზე ერთით მეტი, 3 ლელო გაიტანა და თითქმის მთელი შეხვედრა ანგარიშშიც უპირატესობას ფლობდა, თუმცა ‘წიქარამ’ კარგად ორგანიზებული თამაშის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. აუტსაიდერის მხრიდან, ფრთა დემურ ქარდავასა და მგეზავ სანდრო ირემაშვილის ლელოები ჰავბეკმა ლუკა ლომაურმა გარდასახა, ვინაც ბოლო წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილი ჯარიმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა-20:19.

საკლასიფიკაციო მატჩების ნუსხას განკუთვნილი, „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებული ‘არმია’-კოლხი რაინდების’ 2-რაუნდიანი დაპირისპირების საპასუხო შეხვედრაში, „რაგბი ჭალაში“ გაირკვა. პირველი მატჩი  „რაინდებს“ კოლხეთში მინიმალური სხვაობით-16:15 ქონდათ მოგებული.

პირველი შეხვედრის მსგავსად, მეტოქეთა მეორე რკენაც უაღრესად დაძაბული გამოდგა. მატჩის დებიუტში მგეზავ ალიკა აბულაძის გატანილი წყვილი ჯარიმით კოლხები დაწინაურდნენ, რის შემდგომ ‘არმიამ’  უპირატესობა მეთოდურად ხელთ იგდო. „არმიელთა“ ფულბეკ ლუკა კეშელავას დადებული ლელო გარდასახა და 2 ჯარიმაც მგეზავმა გიორგი ჯაშმა ზუსტად შეასრულა, რამაც ლევან ჯაშის ბიჭები მეორე ტაიმის შუაწელს 7 ქულის სხვაობით დააწინაურა.

ბურჯ საბა კილაძისა და მხტომელ ზურა მისამიშვილის გატანილი ლელოებისა და აბულაძის ზუსტი გარდასახვების წყალობით კოლხებმა შეხვედრის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს-20:16. აღსანიშნავია, რომ როლანდ ჩაჩავას ბიჭებმა სეზონის 16-ივე ოფიციალურ შეხვედრაში იმარჯვეს და „ვერცხლის“ ლიგაშიც დამსახურებულად იპირველეს.

„ოქროს“ პლეი ოფის პირველ ეტაპზე (2-მატჩიანი 1/4-ფინალები) ითამაშებენ:

აია (1) – არმია (8)

ლელო (2) – კოლხი რაინდები (7)

ხვამლი (3) – აკადემია (6)

ბათუმი (4) – არმაზი (5)

პლეი ოფი სტარტს მაისის დასაწყისში აიღებს და 2-რაუნდიანი პაექრობის პირველი მატჩები უარესნომრიანი გუნდების მოედნებზე გაიმართება.