ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონი შეუდარებელი და შეუჩერებელია

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონ ‘ლელოს’ მეტოქენი ჯეროვან წინააღმდეგობას მიმდინარე სეზონშიც ვერ გაუწევენ. თორნიკე ბუბუტეიშვილის ხელთ არსებული მოთამაშეთა ფართო და ხარისხიანი რესურსით, ‘ლელო’ ჯგუფის მონაწილეებს მნიშვნელოვნად აღემატება და ჩემპიონის ძირითადი შემადგენლობის თავმოყრის შემთხვევაში, ნებისმიერი მეტოქისთვის ფავორიტთან „საპატიო“ ანგარიშით მარცხი მაქსიმალურ შედეგადაა ქცეული.

პირველობის 3 ტურის თავს ‘ლელო’ მეტოქეებს ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატება. ერთადერთმა დაუმარცხებელმა და თან მაქსიმალური შედეგის მქონე ჩემპიონმა ყველაზე მეტი ლელო გაიტანა, ყველაზე მეტი სამატჩო ქულა დააგროვა და ყველაზე ცოტა ქულაც გაუშვა. გასული სეზონიდან მოყოლებული ‘ლელომ’ 17-ივე გამართული შეხვედრა ბონუსით მოიგო და თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააღრმავა.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. სეზონის დებიუტში ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლისა’ და ბრინჯაოსმედალოსან ‘აიასთან’ მოპოვებული ურთულესი გამარჯვებების შემდეგ, ‘ხარებმა’ ლიდერ ‘ლელოსთან’ ვერაფერი გააწყო. საევროპირველობო ტრიუმფის შემდეგ, ჩემპიონატის უპირობო ფავორიტს მთავარი მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დაუბრუნდა, ვისაც ქვემო ქართლელებთან სამატჩო განაცხადში ერთბაშად 17 ევროპის ჩემპიონი ყავდა. აღნიშნულმა გარემოებამ მატჩის შედეგზე უშუალო ზეგავლენა მოახდინა.

ჩემპიონი ლაღად, სისწრაფეზე მოქმედებდა და მასპინძელთა ხაზს უპრობლემოდ ჭრიდა. ‘ლელომ’ მთლიანობაში 9 ლელოს გატანა მოახერხა და დაცვაში ხისტი, დისციპლინირებული თამაშის ხარჯზე მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 55:0 მოიგო. ბურჯმა ბადრი ციხისთავმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. შეხვედრის მიწურულს კი მარქაფადან ჩართული ფრთა ლუკა მაისურაძე ასევე წყვილი დადებული ლელოთი გამოირჩა. ჩვეული შემართებითა და ოსტატობით ირჯებოდა 18-წლამდელთა და ‘ლელოს’ კაპიტანი პეტრე ხუციშვილი. ჩემპიონის მგეზავმა 4 გარდასახვას გატანილი ლელოც დაურთო.

მუხიანში, ‘ლოკომოტივი’-ხვამლის’ შეხვედრის ნომინალურმა მასპინძელმა „რკინიგზელებმა“ ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მატჩიც „მშრალი“ ანგარიშით – 0:40 დათმეს. მუხიანელები ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ მეტოქეს და ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს, რომელთა უმრავლესობა სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. პირველ ნახევარში ფულბეკმა ნიკა ქობელაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, „რკინიგზელთა“ მარცხს კი წერტილი მატჩის მიწურულს შუამარბ დავით სეფიაშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ხვამლის’ მგეზავმა გიორგი ბურდულმა 5 გარდასახვა გამოიყენა. აღებულმა ბონუს-ქულამ ვიცე-ჩემპიონი ცხრილის მოწინავე სამეულში დააბრუნა.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’ ქუთაისის ‘აიას’ დაუხვდა. გამარჯვებათა იშტაზე მყოფი დავით კიკნაძის ბიჭები ცხრილში მეორე პოზიციის  შენარჩუნებას ლამობდნენ, რიონისპირელები კი თავის მხრივ პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში სატურნირო კიბის ასევე მეორე საფეხურზე ინაცვლებდნენ.

მეტოქენი უპირატესად შეტევაზე ზრუნავდნენ. ლაღ, დინამიურ თამაშში უკეთ რიონისპირელები გამოიყურებოდნენ. ფულბეკ ოთარ მეტრეველისა და კვაჭ გიგი ჭუმბურიძის ლელოთა მეოხებით სტუმრებმა პირველ ტაიმში 12 უპასუხო ქულა აიღეს. ‘არმაზმა’ მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, 2 ლელოც გაიტანა, თუმცა მატჩის საერთო სურათის შეცვლა ვერ მოახერხა. რიონისპირელები შეხვედრის სადავეებს ხელთ მყარად ფლობდნენ და ბოლო წუთებზე მძლავრი მოლით ბონუსის მომტანი ლელო მარბიელმა დავით ვარდანიძემ გაიტანა – 33:12.  მთლიანობაში, ‘აიას’ 5 დადებული ლელოდან, გუნდის კაპიტანმა და მგეზავმა ელგუჯა მახარაშვილმა 4 გარდასახვა გამოიყენა. სეზონში პირველი მარცხის შემდეგ ‘არმაზი’ მოწინავე სამეულს მიღმა აღმოჩნდა და მომავალ უქმეებზე პრინციპულ მეტოქე ‘ხვამლთან’ დაპირისპირება ტურის გამორჩეული შეხვედრა იქნება.

მესამე ტური, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემია’-‘იუნკერების’ შეხვედრით დასრულდა. საწყის 2 ტურში ხელმოცარულმა მეტოქეებმა წარმატების მისაღწევად თავი არ დაზოგეს და მატჩის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა…

მიძალებული ტრავმების გამო „მხატვართა“ დამრიგებელმა ბესიკ ჩინჩალაძემ  (სამწვრთნელო კარიერის სადებიუტო სეზონი) მხოლოდ 19 მორაგბეს მოუყარა თავი. მარქაფას სიმწირისა და რიგ წამყვან მოთამაშეთა არყოლის მიუხედავად, აკადემიამ’ თავი არ დაზოგა, ბოლომდე იბრძოლა და წარმატებას დრამატულ ბრძოლაში მიაღწია. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის მეორე ტაიმში ‘იუნკერები’ მგეზავ დავით იმნაძის ლელოთი გამარჯვებას მიუახლოვდნენ. „მხატვრებმა“ მატჩის ბოლო, ხანგრძლივ შეტევაში საკუთარი ნახევარიდან წამოღებული ოვალით (რამდენიმე ჯარიმის თანხლებით) კიკეთელთა 5-მეტრიანს უწიეს, სადაც ჩამოყალიბებული მოლი კარგად გაშალეს და ბურჯმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი ლელო კიდეზე დადო – 15:12. „მხატვრები“ სეზონში პირველი გამარჯვებით, 5 ქულით მეექვსე ადგილზე, პლეი ოფის ზონაში დამკვიდრდნენ. ‘იუნკერებმა’ კი აღებული ნუგეშითა და სეზონში მოპოვებული პირველი ქულით, ცხრილის ბოლო საფეხურზე უქულოდ მყოფი ‘ლოკომოტივი’ დატოვა.