ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | უკონკურენტო ჩემპიონი

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, უპირობო ლიდერსა და ჩემპიონ ‘ლელოს’ წინააღმდეგობა ქუთაისის ‘აიამაც’ ვერ გაუწია. წლებია, რაც რიონისპირელებს „მშრალი“ ანგარიშით და თან ასეთი სხვაობით არ წაუგიათ. ‘ლელო’ ყოველ ტურში თავისივე რეკორდს აღრმავებს. ‘ლელოს’ რაგბის აკადემია სწორად გათვლილი, მიზანმიმართული მუშაობით ოდითგანვე გამოირჩევა, რაც მაღალ პროფესიული უნარებითა და ცოდნით გაჯერებული სტაფის მეშვეობით წარმატებით ხორციელდება.

თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა გასული სეზონიდან მოყოლებული დღემდე  ჩატარებული 20-ივე შეხვედრა ბონუსით მოიგეს. გარდა ამისა, ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში ლელოს დადება მხოლოდ ‘აკადემიას’ დაანება და 4 შეხვედრა სულაც „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი თამაშში საშუალოდ 60 ქულას აგროვებს და მეტოქეები საშუალოდ მხოლოდ 4 ქულის აღებას ახერხებენ. განვლილი მეექვსე ტურის შემდეგ, ‘ლელო’ მდევრებს 7 ქულით მოწყდა.

ქუთაისის ‘აია’ დიდ დიღომში ‘ლელოს’ ამაღლებული განწყობით ეწვია. რიონისპირელებს მიჯრით 4 შეხვედრა ქონდათ მოგებული და ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებოდნენ. მართალია, ‘აია’ სრულად დაიხარჯა, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა კლასით რამდენიმე თავით მაღლად მდგომ ჩემპიონთან ვერაფერს გახდა.

ევროპირველობის მოქმედი ჩემპიონებით გაძეძგილი ‘ლელო’ სრულ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. ჩემპიონი სწრაფ, დინამიურ თამაშს ეძალებოდა, სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და სივრცეზე მოპოვებულ უპირატესობას ლელოებით იოლად აგვირგვინებდა. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ჩემპიონის 9 გატანილი ლელოდან, ნახევარზე მეტი ფრთის მოთამაშეთა ანგარიშსზეა. საბა არჩვაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, შალვა აფციაურმა კი წყვილი ლელოს დადება მოახერხა. ‘ლელოსა’ და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა (უმეტესად  მახვილი კუთხიდან) 6 გარდასახვა გამოიყენა – 57:0.

რიონისპირელთა მარცხით ‘ხარებმა’ უმალ ისარგებლეს. ქვემო ქართლის დედაქალაქში, გიორგი ზირაქაშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ ‘ლოკომოტივს’ 11 უპასუხო ლელო გაუტანეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 69:0 მოიგეს.  მასპინძლები ჭაბუკ „რკინიგზელებს“ თამაშის ყველა კომპონენტში ერთიორად აღემატებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ლელოს გატანა ‘ხარების’ ერთბაშად 10-მა მორაგბემ მოახერხა. აუტსაიდერის განადგურებას წერტილი ერთადერთი „დუბლის“ ავტორმა, შუამარბმა ალექსი ზაზაძემ დაუსვა.

‘ხარებმა’ სეზონში მეხუთე შეხვედრა მოიგეს, 23 ქულა დააგროვეს, აიას’ 2 ქულით გაუსწრეს და გარკვეული პაუზის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდნენ.

‘ხვამლმა’ სეზონში მეოთხე მოგებით, მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა და თან მესამე ადგილზე დაქვეითებულ ‘აიასთან’ ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

ვიცე-ჩემპიონი, კიკეთში პირველობის კიდევ ერთ აუტსაიდერ ‘იუნკერებს’ ესტუმრა და მატჩი დაგეგმილი პრემიით – 52:5 მოიგო. ფავორიტი სწრაფად და ლაღად მოქმედებდა, ხაზს იოლად ჭრიდა და ლელოს დადებასაც მარტივად ახერხებდა.  გიორგი მეტრეველის შეგირდებმა 8 გატანილი ლელოდან, უმრავლესობა სწორედ ხელდახელ თამაშით დადეს. „დუბლით“-ფრთა ლუკა ადუაშვილი და შუამარბი დავით სეფიაშვილი გამოირჩნენ. კიკეთელთა ბურჯ რატი ურჩუხაშვილის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილმა ერთადერთმა ლელომ აუტსაიდერი მხოლოდ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ‘ლოკომოტივის’ მსგავსად მოუგებლად მყოფ ‘იუნკერებს’ პლეი ოფში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო შეუმცირდათ.

მეექვსე ტური, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემია’-‘არმაზის’ შეხვედრით დასრულდა. სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. „მხატვართა“ დადებულ წყვილ ლელოს, ‘არმაზის’ მხტომელმა ამირან ყაჭეიშვილმა საპასუხო ლელო შეაგება, რის შემდგომ მატჩი ‘აკადემიას’ სრული უპირატესობით წარიმართა.

ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭები კარგად კომბინირებდნენ, სტატიკაში მეტოქეს არაფერს უთმობდნენ, ხაზსში კი საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ,აკადემიამ’ ჯამში 8 ლელო გაიტანა და მატჩი ბონუსით – 41:5 მოიგო, რამაც „მხატვრებს“ 14 ქულით ცხრილში ‘არმაზის’ გადასწრებისა და მეხუთე ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე ლუკა ფილიშვილი გახლდათ. „მხატვართა“ მარბიელმა „პოკერის“ (4 ლელო) შესრულება მოახერხა. „დუბლი“-‘აკადემიას’ შუამარბ ლუკა კობაურის ანგარიშსზეა. სეზონში მეოთხე მარცხის მიუხედავად ‘არმაზი’ პლეი ოფის ზონაში მყარად რჩება და აუტსაიდერებს (‘ლოკომოტივი’ და ‘იუნკერები’) 9 ქულით უსწრებს.

პირველი წრის დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ‘ხვამლი’-‘ლელოს’ დაპირისპირება იპყრობს. ვიცე-ჩემპიონი მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს მუხიანში, „ხვამლი-არენაზე“ უმასპინძლებს. ინტერესმოკლებული არც ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘აკადემიას’ შეხვედრაც არ უნდა გამოდგეს.