ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ტიტულის მფლობელს კვლავ ‘ლელო’ და ‘აია’ გაარკვევენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ლიგის ფინალში ‘ლელო’ და აია’ ბოლო 7 სეზონის მანძილზე მეექვსედ შეიყრებიან. 2015 წლიდან მოყოლებული, დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა საჩემპიონო დავაში ჩარევა ერთხელ ‘ხვამლმა’ მოახერხა, თუმცა მუხიანელები მაშინ ტიტულს ვერ შეწვდნენ. ხსენებულ პერიოდში ‘ლელომ’ ტიტული 4-გზის მოიპოვა, ‘აიამ’ კი საჩემპიონო თასი 2-ჯერ შემართა. დებულების თანახმად ფინალური შეხვედრა დედაქალაქში გაიმართება. ‘ლელო’, როგორც რეგულარული სეზონის გამარჯვებული მოედნის უპირატესობით სარგებლობს. სატიტულო შეხვედრის თარიღი და ლოკაცია უახლოესს დღეებში გახდება ცნობილი.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი1’-ისა და ‘აკადემიას’ შეხვედრაში გაირკვევა. ბათუმელები, რეგულარულ სეზონში მეტოქეზე ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ და ისტორიაში პირველი პოდიუმისთვის მშობლიურ არენაზე იბრძოლებენ. ‘აკადემიას’ კი ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაუჩნდა.

‘ლელომ’ რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა ‘აიასთან’ და პლეი ოფის ორივე ეტაპი ქულა მიუღებლად განვლო. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭებმა სამივე შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით მოიგეს და ჯამში 32 გატანილი ლელოთი, 213 სამატჩო ქულას მოუყარეს თავი. ისიც აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში ‘ლელოს’ ობიექტურ მიზეზთა გამო ძირითადის რამდენიმე მოთამაშე აკლდა, მათ შორის-მარჯვენა ფრთა ლუკა ხორბალაძე, ვისაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ხორბალაძეს, ბორჯღალოსანთა დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინა გაფართოებულ შემადგენლობაშიც უხმო.

‘ლელო’-‘აკადემიას’ ნახევარფინალური შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა, რომლის დებიუტში დიდ დიღმელთა ფრთა ლუკა ცირეკიძის გატანილ ჯარიმას, ფავორიტმა შემდგომში 8 უპასუხო დადებული ლელო დაურთო. „ჰეთ-თრიკით“-მარბიელი ანდრო დვალი გამოირჩა. ‘აკადემიას’, პირველი ლელო მღლეტელმა შოთა მაღლაკელიძემ დაუდო, „მხატვართა“ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ჰავბეკის მიხეილ ყაჩლავაშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა – 57:0. ‘ლელომ’ 7 გარდასახვა გამოიყენა, რომელთა შორის 4 ზუსტი დარტყმა ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.

‘ლელო’ მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდა. ფავორიტის თამაშის ხარისხს ძირითადის 4 მოთამაშის არყოფნა საერთოდ არ დატყობია. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას, ხაზის მოთამაშეთა ეფექტური და პროდუქტიული თამაშით აღრმავებდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ლელოს’ უნიჭიერესი მხტომელის ვანიკო ნუცუბიძის საუცხოო თამაში. ნუცუბიძე კონტაქტებში შეუდარებელი გახლდათ და თან  მოლსა და რაქში კარგი თამაშითაც გამოირჩა.

„აია არენაზე“, ‘აიასა’ და ‘ბათუმი’-1-ის დაპირისპირება გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ‘ბათუმი’ უკეთ ირჯებოდა. აჭარელთა დაცვა რიონისპირელი მორკინალების მიძალებას წარმატებით უმკლავდებოდა, საკუთრივ კი ხაზის მოთამაშეთა ფეხით კარგი თამაშისა და რაციონალურ გადაწყვეტილებათა ხარჯზე მეორე ტაიმის დებიუტში სტუმართა უპირატესობამ 11 ქულა შეადგინა. ‘აიას’ კვაჭ გიგი ჭუმბურიძის გარდასახულ ლელოს, თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა მხტომელების: თამაზ დუმბაძისა და ლუკა ვადაჭკორიას დადებული ლელოები შეაგებეს, რასაც სტუმართა მგეზავ ბუბა ნოზაძისა და ფულბეკ ზურა ფირცხალაიშვილის გატანილი ჯარიმებიც დაერთო. ფირცხალაიშვილმა 1 გარდასახვაც გამოიყენა.

მარცხის საშიშროებამ ‘აია’ დროულად გამოაფხიზლა. რიონისპირელებმა ტემპს უმატეს, სტატიკაში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და ხაზის მოთამაშეებიც ეფექტურად ამოქმედნენ, რამაც პაატა ტყაბლაძის შეგირდთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ჯერ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ‘აიას’ სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დაფიქსირდა, რასაც შემდგომში მასპინძელთა მხრიდან კიდევ 2 ძალისმიერი ლელო მოჰყვა /ფრთა საბა ზაქარეიშვილი და მარქაფადან ჩართული ბურჯი შოთა ხელაძე/. ‘აიას’ მგეზავმა და კაპიტანმა ელგუჯა მახარეიშვილმა გარდასახვები უზადოდ შეასრულა და საკუთარი გუნდის რთული გამარჯვება დააფიქსირა – 28:18.