ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ‘ლელო’ წინ ლელოს გაუშვებლად მიიწევს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეექვსე ტური აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ შეხვედრით დაიწყო. მართალია ‘ბათუმმა’ პირველი საცხრილო ქულის აღება ამჯერზეც ვერ მოახერხა, თუმცა განახლებულ პირველობაზე ლაშა დუმბაძის შეგირდთა მომატებული თამაში თვალშისაცემია და მეტოქეებს წარმატების მისაღწევად გვარიანი ოფლისღვრა უხდებათ.

მეორე ტაიმის შუაწელამდე ფავორიტ რიონისპირელთა ანგარიშში უპირატესობა სულ 5 ქულას შეადგენდა. პირველ ტაიმში ლელოს გატანა ‘აიას’ ფრთა ლუკა ბრეგვაძემ მოახერხა. ზაზა გურეშიძის ბიჭებმა უკეთესი ფიზიკური კინდიციების ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო 20 წუთში მოიპოვეს. მასპინძლებს კიდევ  3 ლელო დაუდეს ( მიტრო სალდაძე, გიორგი ონიანი, ამირან მაჩიტიძე)  და მატჩიც სასურველი ბონუსით  24:0  მოიგეს. ‘აიამ’  24 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერ ‘ლელოს’ კვლავ 6 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონმა ‘ლელომ’ მორიგი ტიტულისკენ ფეიერული აღმასვლა ბრინჯაოსმედალოსან ‘ხარებთან’ საშინაო  გამარჯვებით განაგრძო. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა ქვემოქართლელებს დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ უმასპინძლეს და  მეტოქე  იოლად, 55:0  დაამარცხეს.

დიდ დიღმელები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ. მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ, რაც მასპინძელთა 9 გატანილ ლელოსა და ‘მშრალ’ ანგარიშში აისახა. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე მხტომელ გუგა ღანიაშვილის ლელომ დაუდო, ‘ხარების’ მარცხს კი წერტილი ბურჯ ბადრი ციხისთავის ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბუბუტეიშვილის ბიჭებს ლელო საერთოდ არ მიუღიათ და განვლილ 6 შეხვედრაში მეტოქეებს სულ 2 ჯარიმის გატანის შესაძლებლობა მისცეს, საკუთრივ კი ტამაშში საშუალოდ 60 ქულაზე მეტს აგროვებენ. დიდ დიღმელები სატურნირო ცხრილში მაქსიმალური შედეგით, 30 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და ტიტულის მთავარი ფავორიტებიც არიან.

‘ლოკომოტივმა’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და ‘არესთან’ საშინაო შეხვედრაში ბონუსიც რომ აეღო ცხრილში ‘ხვამლს’ გაუტოლდებოდა, თუმცა მატჩის მიწურულს მოდუნება ‘რკინიგზელებს’ საშური პრემიის დაკარგვის ფასად დაუჯდათ.

„ავჭალა არენაზე“  გამართული შეხვედრის დიდი ნაწილი ‘ლოკომოტივის’ უპირატესობით წარიმართა. 4 გატანილი ლელოთი, ვახტანგ კავთიძის ბიჭები 26:3 იგებდნენ, თუმცა გამარჯვების ნაადრევმა რწმენამ მასპინძლები კალაპოტიდან ამოაგდო. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ მატჩის ბოლო 7 წუთში 3 ლელოს დადება მოახერხა, რამაც რიონისპირელებს ნუგეში და შესაბამისად მიმდინარე სეზონში პირველი საცხრილო ქულა მოუტანათ  26:20.  ‘ლოკომოტივმა’ მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა და მესამეადგილოსან მუხიანელებს 1 ქულით ჩამორჩება.

მეექვსე ტური მუხიანში, ზეპრინციპული მეტოქეების ‘ხვამლისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ დაპირისპირებით დასრულდა. „ხვამლი არენაზე“ ქომაგმა ფიცხელ ბრძოლასთან ერთად, 2 განსხვავებული ტაიმი იხილა და მეორე ნახევარში ქვემოქართლელთა ორმა  გამოუყენებელმა გარდასხვამ მუხიანელებს დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება არგუნა 15:13.

მარბიელ გიორგი სხირტლაძის ლელო, ფულბეკმა გიორგი ბურდულმა გარდასახა, ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე ‘ხვამლი’ 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა.   მეორე ნახევრის დებიუტში მუხიანელებმა ჰუქერ თემურ ახობაძის ლელოთი ანგარიშში უპირატესობა გაიმყარეს 15:3. ‘არმაზმა’ შეძლო შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, შალვა ჭინჭარაულისა და ზურაბ ონიანის ლელოთა წყალობით ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ‘ხვამლის’ რთული გამარჯვება დააფიქსირა 15:13. აღებული ნუგეშის მიუხედავად ‘არმაზი’ ცხრილში მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა, მუხიანელები კი გარკვეული პაუზის შემდეგ მოწინავე სამეულში დაბრუნდნენ.

პირველი წრის და სეზონის  საკულტო შეხვედრა მორიგ ტურში ქუთაისში გაიმართება, სადაც ტიტულის მთავარი მაძიებლები ‘აია’ და ‘ლელო’ შეიყრებიან.