ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ‘ლელო’ ერთპიროვნულად გალიდერდა

მეორე ტური მუხიანში ‘ხვამლისა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრით დაიწყო. ელიტაში რომ სუსტი გუნდები არ არსებობენ, განვლილმა შეხვედრამაც ნათლად ცხადყო. მართალია, ფავორიტ მუხიანელებს პრემიით გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ, თუმცა მეტოქის შეუფასებლობის ფაქტორიდან გამომდინარე, საკუთარი თამაშის პოვნა მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხეს.

‘ხვამლმა’, აჭარლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუტანა, თუმცა კომბინირებული თამაშით მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეტოქის დაცვის გარღვევა. მუხიანელთაგან დადებული ლელოებით ფრთა გიგი დევდარიანი, ჰუქერი ლაშა კეკელიძე, შუამარბი დავით სეფიაშვილი და ბურჯი სერგო აბრამიშვილი გამოირჩნენ. ‘ხვამლი’ უპირატესობას ძირითადად სტატიკასა და დერეფანში ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ‘ბათუმი’ პირველი ტურისგან განსხვავებით უკეთ გამოიყურებოდა, ბოლომდე მედგრად იბრძოლა და შეხვედრის ბოლოს, ფრთა ილია ზოიძის გატანილმა ლელომ აჭარლებს პირველი სამატჩო ქულები არგუნა – 26:5.

‘ხვამლმა’ 2 სადებიუტო მოგებით, 9 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში მუხიანში პრინციპულ მეტოქე ‘ხარებს’ დაუხვდება. სწორედ ქვემოქართლელებთან სენსაციურმა მარცხმა რატი ურუშაძის შეგირდები ბოლო სეზონში პოდიუმს მიღმა დატოვა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა. ‘აიასთან’ საუცხოოდ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ‘არმაზმა’ ჩემპიონთან უღიმღამოდ იბურთავა, სათანადო კონცენტრაცია ვერ შეძლო და პირწმინდა მარცხიც იწვნია – 0:59.

‘ლელო’ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და ქვემოქართლელებს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ. ჩემპიონმა მთლიანობაში 9 უპასუხო ლელოს დადება მოახერხა. პირველ ტაიმში ‘დუბლით’ ფრთა შალვა აფციაური გამოირჩა, მეორე ნახევარში კი მარბიელმა ლაშა ციხისთავმა და ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ პირად აქტივს ასევე წყვილ-წყვილი ლელო შემატეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ლელოს’ მგეზავის გოგიტა რიკაძის საუცხოო თამაში. რიკაძე, ჩემპიონის თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელია, ოვალს სწრაფად, უნარიანად ანაწილებს და  თამაშის მაღალ ორგანიზაცისთან ერთად, არაორდინალური ქმედებებით მეტოქეს ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის. რიკაძე კარგად გასწორებული სამიზნითაც გამოირჩევა, რასაც განვლილ შეხვედრაში გოგიტას მიერ  7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოწმობს. ‘ლელომ’ პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრა ‘მშრალი’ ანგარიშით, დამაჯერებლად მოიგო და მაქსიმალური 10 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა. მომდევნო ტურში ‘ლელო’ თავის პრინციპულ თანაქალაქელ მეტოქე ‘ლოკომოტივს’ დაუპირისპირდება.

‘აიას’ დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ ‘არმაზთან’ წაგებული შეხვედრის შემდეგ გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რაც რიონისპირელთა თამაშზე დადებითად აისახა. ძლიერი ქარის მიუხედავად, ‘ლოკომოტივთან’ საშინაო შეხვედრაში მასპინძლებმა დინამიკა სრულად შეინარჩუნეს და მაღალ სათამაშო დისციპლინასთან ერთად, დაცვაში საიმედო თამაშითაც  გამოირჩნენ.

მატჩის პირველ ნახევარში ‘დუბლით’ აიას ბურჯი ლაშა ფხაკაძე გამოირჩა, მეორე ტაიმში ფრთა გიორგი ბარათელის გატანილმა ლელომ კი, რიონისპირელებს სეზონში პირველი გამარჯვება პრემიის თანხლებით არგუნა – 17:0. ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხმა ‘რკინიგზელები’ ცხრილში მეექვსე პოზიციამდე დააქვეითა.

‘ხარებმაც’ პირველ ტურისგან განსხვავებით გაცილებით უკეთ იბურთავა და ქვემოქართლის დედაქალაქში ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 45:14 მოუგო.

მასპინძლები სისწრაფესთან ერთად, უპირატესობას დერეფანსა და სტატიკაში ფლობდნენ. ინდივიდუალურ გარღვევებსაც ხშირად აწყობდნენ და ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჰავბეკ იაგო მარსაგიშვილის გატანილი ლელო. ‘ხარების’ კაპიტანმა ლამის  60 მეტრი მაღალ სიჩქარეზე ეულად ირბინა და ოვალი რიონისპირელთა ძელებს შუა დადო. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში მასპინძელთა შვიდივე  გატანილი ლელო, თემურ ლობჟანიძის 7 შეგირდზე მოდის. ‘არესი’ ბოლომდე იბრძოდა და ბოლო წუთზე მარბიელმა ირაკლი თევზაძემ 1 საპასუხო ლელოს დადება მოახერხა. ‘ხარები’, ‘არმაზთან’ და ‘აიასთან’ ერთად ცხრილში 5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. უქულოდ მყოფნი, ‘არესი’ და ბათუმი’ კი ბოლო ადგილებზე განთავსდნენ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე