ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ერთპიროვნულად გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის წინ სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ‘ლელო’ ჩაუდგა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ 1 ქულით გაუსწრო. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული ბოლო ტურში, მომავალ უქმეებზე ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირებაში გაირკვევა.

‘ბათუმმა’ წლეულს სამივე გამართული შეხვედრა ბონუსით მოიგო და ჯგუფურ ეტაპს მესამე პოზიციაზე ასრულებს. მოწინავე კვარტეტს ‘აკადემია’ დაუბრუნდა, რითაც „მხატვრებმა“ პლეი ოფიც დაიბევეს და შესაბამისად, მომავალ სეზონში ელიტაში ადგილიც შეინარჩუნეს. ‘აკადემიას’ კვალ, პლეი ოფში თამაში ‘ყოჩებმაც’ გაინაღდა. დასკვნით ტურში ‘აკადემია’-‘ყოჩების’ შეხვედრა პირველობის მეოთხეადგილოსანს გამოავლენს.

პლეი ოფის დასკვნითი მონაწილე ბოლო ტურში გაირკვევა. ‘ხარები’ უშუალო კონკურენტ ‘ხვამლს’ 3 ქულით უსწრებს და რეგულარულ სეზონს მოუგებლად მყოფ აუტსაიდერ ‘არმაზსთან’ შეხვედრით ასრულებს, რაც ბრინჯაოსმედალოსანთა დარჩენაზე შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. ქვემო ქართლელებს მეხუთე ადგილის დაკავების შანსიც შემორჩათ. მუხიანელებს კი დასკვნით ტურში დაპირისპირება ‘ბათუმთან’ მოუწევთ.

‘ლელო’-‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი მესამე მასივში გაიმართა. მართალია, ‘ხვამლს’ პირველობის ბოლო 3 შეხვედრა ქონდა მოგებული. „ოქროს“ ჯგუფში დასარჩენად მუხიანელებს ფავორიტთან ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა, თუმცა უპირობო ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებს მიჯრით მეორე მატჩის სამნიშნა ციფრით მოგებამდე სულ 1 ქულა დააკლდათ.

‘ლელო’ განუზომელ უპირატესობას ფლობდა, რაც ფავორიტის მხრიდან მთლიანობაში 15 გატანილ ლელოში აისახა. მარბიელმა ნიკა აბესაძემ და ფრთა ლუკა ხორბალაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს. ჩინებულად გაისარჯა მარქაფადან ჩართული ფულბეკი საბა ციხელაშვილი, ვინაც ეფექტურ, უნარიან თამაშთან ერთად წყვილი ლელოს დადება მოახერხა. მუხიანელთა მარცხს წერტილი ბოლო წუთებზე მგეზავ ლუკა ჭინჭარაულის გატანილმა ლელომ დაუსვა. ჭინჭარაულმა 10-დან 9 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ‘ხვამლი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ნახევარში ბურჯ ცოტნე ნებულიშვილის გატანილი ლელოს წყალობით გადაურჩა – 99:7.

„ხარები არენაზე“, ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა. გიორგი ზირაქაშვილის ბიჭებმა წინა ტურში ‘ლელოსთან’ ასტრონომიული სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ დროული, სწორი დასკვნები გამოიტანეს და თან გაცილებით მეტი შემართებით იბრძოლეს. ქვემო ქართლელებმა პირველ ნახევარში რიონისპირელებზე 1-ით მეტი, 3 ლელოს გატანა მოახერხეს. თავი ჰავბეკმა ცოტნე უსენაშვილმა, მარბიელმა ნიკა ლომიძემ და შუამარბმა ალექს ზაზაძემ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში ჩემპიონმა ტემპს უმატა და თან დაცვაში თამაში გაამკაცრა. პაატა ტყაბლაძის შეგირდები მასპინძლებს სტატიკაშიც აღემატებოდნენ და 2 ძალისმიერი ლელოთი (მარბიელი საბა ლაღაძე და კვაჭი გიგი ჭუმბურიძე) 15 უპასუხო ქულა მიითვალეს. ‘აიას’ მგეზავმა და კაპიტანმა გიორგი მახარეიშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში გატანილი ჯარიმით დააფიქსირა, რამაც ‘ხარებს’ ნუგეშ-ქულის აღება არ დაანება – 29:19.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმმა’ ბოლნისის ყოჩებს მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. თენგიზ გოგიბერიძის ბიჭები ლაღად, სისწრაფეზე კომბინაციურ სტილში მოქმედებდნენ და ხელდახელ თამაშში 4 ლელო გაიტანეს, ქვემო ქართლელები კი შუამარბ დაჩი სამხარაძის წყვილ ჯარიმას დააჯერეს და შესვენებაზე 23-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. აჭარელთა მხრიდან ლელოს გატანა ფრთა გიორგი გორგილაძემ, მღლეტელმა გიორგი ირემაძემ, მხტომელმა თაზო დუმბაძემ და მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, შუამარბმა ზურა ნინიძემ მოახერხეს.

მართალია, მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, ‘ბათუმი’ კვლავ დომინირებდა და საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძლები შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს ცოდავდნენ და შეხვედრაც პირველი ტაიმის მონაგარით ჩაამთავრეს. ‘ყოჩებმა’ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა ვაჩე საღარაძემ პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა – 29:13.

მე-13 ტურის დასკვნით შეხვედრაში, ‘აკადემიამ’ აუტსაიდერ მარნეულის ‘არმაზს’ „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლა და პირველობაზე ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილ ქვემო ქართლელებს 9 ლელო დაუდო, რამაც „მხატვრებს“ მნიშვნელოვანი პრემიალური ქულაც არგუნა. ‘აკადემიას’ ფრთა გიორგი ქარჩხაძემ პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და მატჩი „პოკერის“ თანხლებით ჩაამთავრა. აუტსაიდერის მარცხს წერტილი ბოლო წუთებზე მხტომელ გიორგი გობეჯიშვილის ლელომ დაუსვა. ‘არმაზის’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს გატანა ბურჯმა ნიკა ბეროშვილმა მოახერხა – 51:8.