ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელოს’ რეკორდული აღმასვლა გრძელდება

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-12 ტური, მესამე მასივში ‘ლელოსა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრით დაიწყო. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებს საქართველოს ჩემპიონატში 2018 წლიდან მოყოლებული მიჯრით 56 მოგებული შეხვედრა დაუგროვდათ, რომელთა შორის ჩემპიონმა ბონუსის აღება მხოლოდ 2 მატჩში ვერ მოახერხა. გასული სეზონიდან მოყოლებული კი ‘ლელოსთან’ პაექრობაში უკვე 26  შეხვედრაა, რაც მეტოქეებს ნუგეშ-ქულის მოპოვებაც კი არ ძალუძთ.

მართალია, ქვემო ქართლელებმა მატჩის დებიუტში ფრთა საბა თეიმურაზიშვილის გატანილი ჯარიმებით ანგარიშში დაწინაურება 2-გზის მოახერხეს, თუმცა ჩემპიონს უპირატესობის მოპოვება და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების გაფორმება არ გაჭირვებია. ხელდახელ, გაშლილი თამაშით ბუბუტეიშვილის ბიჭებმა რამდენიმე მახვილგონივრული კომბინაციის თანხლებით ‘არმაზს’ 10 უპასუხო ლელო დაუდეს – 64:9. ‘ლელოს’ კვაჭმა ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. ჩემპიონის ფრთა საბა არჩვაძემ „დუბლი“ შეასრულა, ფულბეკმა ვაჟა მიქაძემ კი ძლიერ ქარში 7 გარდასახვის რეალიზება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ‘ლელომ’ წლეულს გამართული მეორე შეხვედრაც ლიდერების გარეშე ჩაატარა და მთლიანობაში ძირითადი შემადგენლობის 10-მდე მორაგბე მოისაკლისა. გუნდის კაპიტან პეტრე ხუციშვილთან ერთად, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე კლუბის მთავარ გუნდში, ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოში’ დაწინაურდა, ძირითადის რიგ მოთამაშეებს კი ტრავმების მოშუშებაზე უხდებათ ზრუნვა. ისიც საგულისხმოა, რომ თორნიკე ბუბუტეიშვილი მარქაფადან, 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკ მორაგბეებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას ბოლო ხანს ხშირად აძლევს, რაც გუნდში ისედაც მძლავრ კონკურენციას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ზრდის.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი არენაზე“  გასული სეზონის მედალოსნები, ‘ხვამლი’ და ‘აია’ დაუპირისპირდნენ. მართალია, რიონისპირელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე ფლობდნენ, თუმცა მუხიანელებმა სტუმართა შეცდომებით პირველ ტაიმში კარგად ისარგებლეს, შუამარბების ლაშა ინჯგიასა და გიორგი პიტიურიშვილის ლელოთა წყალობით შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 20:10.

მეორე ნახევარში ‘აიამ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. სტატიკაში მოპოვებული საგრძნობი უპირატესობის ხარჯზე გამოთავისუფლებული სათამაშო სივრცე კარგად აითვისა, მასპინძლებს 3 უპასუხო ლელო დაუდო და მუხიანელები ოდენ ნუგეშს დააჯერა. ანგარიშში სხვაობა ჯერ ‘აიას’ ფულბეკმა ზურა ხურციძემ შეამცირა, რასაც რიონისპირელთა კვაჭ გიგი ჭუმბურიძის შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა – 27:20.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აიას’ კაპიტან გიორგი გერგედავას საუცხოო თამაში. რიონისპირელთა მღლეტელმა მუხიანელებს მთელი შეხვედრა გასაქანი არ მისცა და თან თანაგუნდელთა შედეგიან ქმედებათა უმეტესობასაც დაუდო სათავე.

მართალია, ‘აიამ’ ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა, თუმცა ლიდერ ‘ლელოსთან’ ჩამორჩენა 10-ქულამდე გაიზარდა. რეგულარული სეზონის მორიგ, ბოლოსწინა ტურის საკულტო შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. ‘აია’ ლიდერსა და პრინციპულ მეტოქე ‘ლელოს’ მასპინძლობს.

‘აკადემიასთან’ დედაქალაქურ დერბიში, ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა ‘ლოკომოტივმა’ პლეი ოფში მოხვედრის ბოლო შანსი გამოიყენა. „რკინიგზელებმა“ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და „ქამბექით“ – 13:10 იმარჯვეს. პირველ ნახევარში „მხატვრები“ უპირატესობას ფლობდნენ. ‘აკადემიას’ შუამარბმა ლუკა კობაურმა გატანილი ლელო თავად გარდასახა, 1 ჯარიმაც დაურთო და შესვენების წინ საკუთaრი გუნდი 10-ქულიანი სხვაობით დააწინაურა.

მეორე ნახევარში ‘ლოკომოტივმა’ თამაში დაალაგა. დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად, „რკინიგზელებმა“  მეტოქეს სტატიკაში აჯობეს, 13 უპასუხო ქულა აიღეს და დაძაბულ ბრძოლაში – 13:10  მოიგეს. ლელოს გატანა ჰავბეკმა საბა მაჩიტიძემ მოახერხა. ფულბეკმა ლუკა სახელაშვილმა კი გარდასახვას ზუსტად შესრულებული ჯარიმაც მიაყოლა. „რკინიგზელებმა“ 11 ქულა დააგროვეს და პლეი ოფის ზონაში მყოფ ‘არმაზსთან’ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს.

რუსთავის ‘ხარებმა’ „ავჭალა არენაზე“ აუტსაიდერ ‘იუნკერებთან’ მატჩის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტეს. ქვემო ქართლელებმა უქულოდ მყოფ კიკეთელებს 8 ლელო დაუდეს და მატჩი დაგეგმილი პრემიით – 44:12 მოიგეს. ‘ხარების’ მარბიელმა თამაზ ჭამიაშვილმა „პოკერი“ გაახერხა. ფავორიტი, რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა აუტსაიდერს, რამაც რუსთაველთა დამრიგებელ გიორგი ზირაქაშვილს შემადგენლობის როტაციისა და მარქაფაში მყოფი პრაქტიკულად ყველა მოთამაშის საქმეში გამოცდის შესაძლებლობა მისცა.

მესამე ადგილზე მყოფმა ‘ხარებმა’ 42 ქულას მოუყარეს თავი და სეზონის მეორე ადგილზე ჩამთავრების მცირე შანსიც შეინარჩუნეს. ქვემო ქართლელები ‘აიას’ 8 ქულით ჩამორჩებიან და რეგულარული სეზონის დარჩენილ შეხვედრათა კალენდარის გათვალისწინებით, მეორე ადგილოსანის ბედი შესაძლოა ბოლო ტურში ‘აკადემია’-‘აიას’ შეხვედრაში გადაწყდეს.

„ვერცხლის“ ჯგუფში კი შეჯიბრება საკლასიფიკაცო ეტაპის შეხვედრებით დასრულდა. ზონებში გამარჯვებულები ‘ბათუმი’ და ‘ყოჩები’ ჯგუფის პირველადგილოსანს არკვევდნენ. მართალია, „რაგბი“ პლატოზე ‘ყოჩებმა’ დაძაბულ ბრძოლაში – 19:13 იმარჯვა და აჭარის დედაქალაქში განცდილი მარცხისთვის რევანშიც აიღო, მეტოქეს სეზონში პირველი მარცხიც აგემეს, თუმცა 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ‘ბათუმი’ გახდა, რამეთუ თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებს საშინაო შეხვედრა უფრო სოლიდური სხვაობით – 39:3 ქონდათ მოგებული.

„ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებული ‘ბათუმი’ პლეი ოფის საწყის სტადიაზე დიდი ალბათობით ქუთაისის ‘აიას’ დაუპირისპირდება. ‘ყოჩებს’ კი 1/4-ში მოქმედ ჩემპიონ და პირველობის უპირობო ფავორიტ ‘ლელოსთან’ მოუწევს პაექრობა.