ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეგულარული სეზონი ვადამდე მოიგო

ჭაბუკთა ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში გამორჩეულ ინტერესს ქუთაისში, ‘აია’-‘ლელოს’ შეხვედრა იწვევდა. რიონისპირელები ცხრილში მყარად მეორე ადგილზე იმყოფებიან და თან პირველ წრეში დედაქალაქში 0:57 განცდილი მწარე მარცხისთვის საკუთარი ქომაგის წინაშე ერთგვარ რეაბილიტაციას ეშურებოდნენ. ლიდერ და ჩემპიონ ‘ლელოს’ კი ზურგს 2018  წლიდან მოყოლებული 56-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა. აღნიშნულ პერიოდში თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება.

შეხვედრა საამო საცქერი და უხვქულიანი გამოდგა. მეტოქენი სწრაფად მოქმედებდნენ, უპირატესობის მოპოვებას ძირითადად სტატიკის ხარჯზე ლამობდნენ, რაც უმეტესად ხელს ჩემპიონს აძლევდა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მწყობრად და ძალუმად უტევდნენ, ფეხს კარგად ხმარობდნენ, უამრავ ორთაბრძოლაშიც იმარჯვეს, რასაც რაქსა და მოლში მოპოვებული უპირატესობაც დაერთო. ჩემპიონს მცირე პრობლემა მხოლოდ სათამაშო დისციპლინის მხრივ ქონდა. ‘ლელომ’ უჩვეულოდ ბევრი ჯარიმა აიღო, თუმცა აღნიშნულ გარემოებას მატჩის მსვლელობასა და შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რამეთუ ლიდერმა მასპინძლებზე მთლიანობაში 5-ით მეტი, 8 ლელოს გატანა მოახერხა.

ჩემპიონმა პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრის წინ ძირითადი შემადგენლობის ბირთვს მოუყარა თავი. ჩვეული ოსტატობით ირჯებოდა ‘ლელოს’ ლიდერი, მგეზავი და კაპიტანი პეტრე ხუციშვილი.‘ლელოს’ წარმატებას სათავე მატჩის დებიუტში შუამარბ დიტო ბერაიას ლელომ დაუდო. საწყის ნახევარ საათში ჩემპიონმა 4 გარდასახული ლელოთი 28-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ლელოს’ ჰავბეკ დავით ხუროშვილის საუცხოო თამაში. ხუროშვილმა „პოკერის“ შესრულება მოახერხა, მასპინძელთა მარცხს კი წერტილი ხუროშვილის შემცვლელმა სანდრო ჯიღაურმა დაუსვა. ‘აიას’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რიონისპირელები ფავორიტს არ ეპუებოდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და 3 ლელოს გატანაც (კვაჭი გივი ჭუმბურიძე, ფრთა ემზარ მინდიაშვილი და ფულბეკი მიშო ჟორჟოლიანი) მოახერხეს – 17:52.

‘ლელომ’ რეგულარული სეზონი ვადამდე მოიგო (ყველა შეხვედრა ბონუსის თანხლებით და 65 საცხრილო ქულით) და დასკვნით ტურში ‘ხვამლთან’ მაქსიმალური შედეგის შენარჩუნებასა და თავისივე უნიკალური რეკორდის გაღრმავებას ეცდება. ‘აიას’ კი მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში ‘აკადემიასთან’ ხელს ნუგეშ-ქულაც აძლევს, რაც რიონისპირელებს პლეი ოფში უპირობო ფავორიტთან დაპირისპირებას ფინალამდე ააცილებს.

‘ხვამლმა’ აუტსაიდერ ‘იუნკერებთან’ ხელდახელ თამაში გააჩაღა და კიკეთელებს 9 ლელო დაუდო. ‘ხვამლის’ წარმატებას სათავე მატჩის დებიუტშივე ჰავბეკ გიორგი ცერცვაძის ლელომ დაუდო. მუხიანელთა შუამარბებმა ლაშა ინჯგიამ და ლადო სეფიაშვილმა „დუბლი“ შეასრულეს. უქულოდ მყოფი აუტსაიდერის მარცხს წერტილი სეფიაშვილის მეორე გატანილმა ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ‘იუნკერები’ ბოლომდე იბრძოდნენ, ფავორიტს 3 ლელოც დაუდეს, თუმცა მარქაფას არყოლამ და გადაღლილობამ კიკეთელებს უკეთეს შედეგზე ზრუნვის შესაძლებლობა არ მისცა – 57:15.

‘ხვამლი’ 24 ქულით ცხრილში ‘აკადემიას’ გაუტოლდა, თუმცა „მხატვრები“ უკეთესი პირისპირ ბალანსის გამო სასურველ მეოთხე პოზიციას ინარჩუნებენ. ‘აკადემიას’ ტურის შეხვედრა ‘არმაზსთან’ გადაუვადდა. ვაზისუბანის დათოვლილ და მოყინულ არენაზე, მორაგბეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ორგანიზატორებს მატჩის გადადება მოუხდათ. უთამაშებლობის მიუხედავად, მართალია ‘არმაზი’ 14 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა, თუმცა დავით კიკნაძის ბიჭებს პლეი ოფში მოსახვედრად რეგულარული სეზონის დარჩენილ 2 რთულ შეხვედრაში (‘აკადემია’ და ‘ხარები’) პოზიტიურ შედეგზე მოუწევთ ზრუნვა.

‘ლოკომოტივმა’ მოწინავე სამეულში მყოფ რუსთავის ‘ხარებს’ „შევარდენზე“ დიდი ბრძოლა გაუმართა. პირველ ნახევარში მეტოქეებმა 2-2 გარდაუსახავი ლელო მიითვალეს და ტაიმიც ფრედ 10:10 დასრულდა. გარდამტეხი მეორე ნახევარის საწყისი 10 წუთი გამოდგა. აღნიშნულ პერიოდში ქვემო ქართლელთა რიგებში გამორჩეულმა მოთამაშეებმა: მარბიელმა თამაზ ჭამიაშვილმა და კვაჭმა ნიკოლოზ გომიაშვილმა („დუბლი“ შეასრულა) 2 ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთა გარდასახვა ‘ხარებმა’ ამჯერზეც ვერ შეძლეს. ‘ლოკომოტივმა’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო შეტევაში გამომუშავებული ჯარიმით, რომელიც ზუსტად ჰავბეკმა საბა მაჩიტიძემ შეასრულა, მეტად საშური ბონუს-ქულა აიღო – 20:13.

გაუმჯობესებული თამაშის ხარისხისა და გარემოებათა გამო „რკინიგზელებს“ სეზონის მიწურულს პლეი ოფში მოხვედრისა და ელიტაში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი გაუჩნდათ. ვახტანგ კავთიძის ბიჭებს 12 საცხრილო ქულა დაუგროვდათ, ჩამორჩენა ‘არმაზსთან’ 2-ქულამდე შეუმცირდათ და რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში აუტსაიდერ ‘იუნკერებთან’ მაქსიმალური სარგებელის ნახვასაც ეცდებიან.