ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ მდევრებთან უპირატესობა გაზარდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქრის“ ჯგუფის მეცხრე ტური არასრული გამოდგა. პირველობის აუტსაიდერმა ‘იუნკერებმა’ 2 კოვიდინფიცირებულ მოთამაშესთან ერთად, ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილიც მოისაკლისა. რაკიღა მწირი მარქაფა კიკეთელების სამატჩო 15-ეულს სრულად ვერ ავსებდა, შეგირდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ‘იუნკერების’ თავკაცობამ ჩემპიონთან რიცხობრივ უმცირესობაში შეხვედრის გამართვა მიზანშეუწონლად მიიჩნია. საშეჯიბრო დებულების თანახმად ‘ლელოს’ ტექნიკური გამარჯვება ბონუსით გაუფორმდა – 30:0. ‘ლელო’ პირველობაზე დამაჯერებელ ლიდერობას მაქსიმალური შედეგით – 40 ქულით აგრძელებს.

ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ‘აიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. რიონისპირელები, ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ქვემო ქართლელებს სულ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ და მასპინძელთა მოტივაციას პირველ წრეში რუსთავში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღების სურვილიც აორმაგებდა. ქვემო ქართლელები უმეტესად სტატიკურ ფაზებს ეძალებოდნენ, რიონისპირელები კი უპირატესობას სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ, რამაც მასპინძელთათვის სასურველი შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო – 26:7.

‘აიამ’ მთლიანობაში 8 ლელო გაიტანა, სტუმრები 2 ლელოს დააჯერა და მატჩი საშური ბონუსით – 48:14 მოიგო. რიონისპირელთა რიგებში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მგეზავ გუჯა მახარეიშვილისა და ფრთების – რეზი დიაკონიძისა და სოლომონ რაზმაძის კარგი თამაში. დიაკონიძემ მატჩის დებიუტში დადებული ლელოთი საკუთარი გუნდის წარმატებას დაუდო სათავე, რაზმაძემ კი „დუბლის“ შესრულება მოახერხა. ‘აიამ’ 31 ქულით ცხრილში ადგილი ‘ხარებს’ გაუცვალა, მეორე ადგილზე აინაცვლა და ლიდერ ‘ლელოს’ 9 ქულით ჩამორჩება.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ლოკომოტივის’ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთი ლელოს ავტორმა, „რკინიგზელთა“ მგეზავმა ლუკა სახელაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ჯარიმაც გაიტანა და შესვენების წინ საკუთარი გუნდი 5 ქულით დააწინაურა – 17:12.

მეორე ტაიმში ‘არმაზმა’ თამაში დაალაგა. დაცვაშიც საიმედოდ გაისარჯა და წარმატებას უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე მიაღწია. ანგარიშში სხვაობა ჯარიმით ჯერ ქვემო ქართლელთა მგეზავმა ბეტო იაკობაშვილმა შეამცირა, რასაც მატჩის გამორჩეული მოთამაშის ნიკა კუჭავას გამარჯვების მომტანი ლელო მოჰყვა. ‘არმაზმა’ 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ თავისი მარბიელის შესრულებული „დუბლით“ შეწყვიტა – 20:17. დავით კიკნაძის ბიჭებმა 14 საცხრილო ქულით მეექვსე პოზიცია გაიმყარეს და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘ლოკომოტივს’ 8 ქულით გაუსწრეს.

მერვე ტურის დასკვნით შეხვედრას „ხვამლი-არენამ“ უმასპინძლა. მუხიანში, ცხრილში მეზობლად მყოფნი ‘ხვამლი’ და ‘აკადემია’ დაუპირისპირდნენ. ტოლ-სწორ მეტოქეთა პაექრობაში გადამწყვეტი როლი „მხატვართა“ უკეთესმა ორგანიზაციამ ითამაშა და თან მათ დამრიგებელ ბესიკ ჩინჩალაძეს მგეზავის პოზიციაზე ძირითადში დაწინაურებულმა რატი პაპაშვილმა აშკარად გაუმართლა. სწორედ პაპაშვილის უნარიანმა და შედეგიანმა თამაშმა დიდად განსაზღვრა ‘აკადემიას’ სეზონში მოპოვებული მეოთხე გამარჯვება. „მხატვართა“ მგეზავი ოვალს კარგად შლიდა, ფეხით შორ მანძილზე გადაქონდა აუტში ბურთი და თან „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა.

„მხატვრებმა“ მასპინძლებზე ერთით მეტი, 3 ლელო გაიტანეს და ბოლო წუთებზე  რატი პაპაშვილის მეორე ლელოს წყალობით მუხიანელები უქულოდ დატოვეს – 22:12. ჩინჩალაძის შეგირდებმა მოგებით ორმაგად იხეირეს. ერთის მხრივ, პირველობის სადებიუტო შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს და თან ცხრილში მეოთხე პოზიციაზე მყოფ ‘ხვამლთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. მორიგ ტურში „მხატვრებს“ ლიდერ „ლელოსთან“ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეცხრე ტურის გამორჩეული შეხვედრა კი რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ‘ხარები’ ‘ხვამლს’ დაუპირისპიურდებიან.

„ვერცხლის“ ჯგუფში კი რეგულარული სეზონი დასრულდა. აღმოსავლეთში, ‘ყოჩებმა’ კონკურენტ ‘წიქარასთან’ ჭიდილში 1-ქულიანი უპირატესობით იპირველეს. დასავლეთში კი ‘ბათუმმა’ ყველა შეხვედრა მოიგო და „ოქროს“ ჯგუფის პლეი ოფის პირველ ეტაპზე უპირობო ფავორიტ ‘ლელოსთან’ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, 2-რაუნდიან შეხვედრებში ‘ყოჩებთან’ მოუწევს წარმატებაზე ზრუნვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერ-იმერის გამარჯვებულები (‘ყოჩები’ და ‘ბათუმი’) დამდეგი პლეი ოფის გარდა, მომავალ სეზონში „ოქროს“ ჯგუფში ითამაშებენ. მიმდინარე პირველობის „ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევ მატჩებთან ერთად, აღნიშნულ დონეზე საკლასიფიკაციო შეხვედრები გაისად, გაზაფხულზე გაიმართება.