ჩხეტიანმა და ტყემალაძემ რეაბილიტირებული „შევარდენის“ ბაზა დაათვალიერეს

ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ 5 მილიონიანი დაფინანსებით განხორციელდა.

მოეწყო მოედნის ბუნებრივი და ხელოვნური საფარი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა, გარემონტდა სასტუმრო. ჩხეტიანი და ტყემალაძე შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს და მორაგბეებს, რომლებიც ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ემზადებიან.

ქართულ რაგბიში განვითარების ახალი ეტაპი წლების წინ დაიწყო, როდესაც ფონდმა „ქართუმ“ ამ სპორტში 200 მილიონის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. „შევარდენის“ ბაზა და „ავჭალის“ სტადიონი პირველი იყო, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა, სულ კი ქვეყნის მასშტაბით 14 სარაგბო კომპლექსი აშენდა 27 სარაგბო მოედნით, 2 აკადემიით და 5 სასტუმროთი.

ფონდ „ქართუს“ მიერ თბილისის გარდა სარაგბო კომპლექსები მოეწყო ფოთში, ქუთაისში, ასპინძაში, რუსთავში, მარტყოფში, გორში, ბათუმში, თელავში, ნოქალაქევში, და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. მიმდინარეობს სარაგბო სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში.