ქარის თასი | ‘კავალიერსმა’ ‘შავ ლომს’ ბოლოში გაასწრო

‘ბოლანდ კავალიერსმა’ ‘შავ ლომს’ დაშვებული შეცდომები არ აპატია, დასკვნით 5 წუთში 14 უპასუხო ქულა აიღო და ქარის თასის მე-8 ტურში 27:17 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, მასპინძლები 21 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდნენ და ფლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს, ‘შავ ლომს’ კი 19 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა, თუმცა მას მეტოქეზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. წინ ორი მატჩია, მათ შორის ერთი უშუალო კონკურენტ ‘იგლზთან’ (3 ივნისს) და ორივეს მოგების შემთხვევაში, ‘შავ ლომს’ მოწინავე ოთხეულში მოხვედრის შანსი ექნება.

განვლილი მატჩი დაგეგმილზე ერთი დღით გვიან ჩატარდა. ‘შავმა ლომმა’ განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ეპიზოდებში კარგი თამაში აჩვენა და რამდენჯერმე გაჭრა ხაზი, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო მათი ნახევარზე მეტი გამოუყენებელი დარჩა. ამას დაერთო დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომები, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, ორი ლელო გაიტანეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

სტუმრები შერკინებაში უპირატესობას ფლობდნენ და მე-10 წუთზე მოპოვებული ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ბაბუნაშვილს დარტყმა გაუცუდდა. ‘კავალიერსმა’ მე-17 წუთზე ჯარიმით უპირატესობა მოიპოვა, თუმცა 29-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში კიდევ ერთხელ დავძარით, თორნიკე აქუბარდიამ 22-ის ხაზთან აიტაცა ბურთი, დარჩენილი მანძილი ბრძოლით დაფარა და ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს ცენტრალურ ხაზთან ბურთის დაკარგვა კონტრშეტევად დაგვიჯდა, არენცემ ოვალს ფეხი წაკრა, ბაბუნაშვილმა მისი დამორჩილება ვერ მოახერხა და ‘კავალიერსმა’ ლელოს გარდასახვაც მიაყოლა – 7:10.

მეორე ტაიმში ‘შავმა ლომმა’ ტემპს უმატა და რამდენჯერმე შეძლო მეტოქის ხაზის გაჭრა, მაგრამ ორი სალელოვე შეტევა უშედეგოდ დასრულდა. მასპინძლები თითქმის მატჩის ბოლომდე ჩვენს 22-თან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ და 56-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. ამას სტუმართა სწრაფი და თანმიმდევრული შეტევა მოყვა, ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა და მიხეილ წიკლაურის პასის შემდეგ ლუკა ივანიშვილმა ლელო გაიტანა. 58-ე წუთზე შეტევა ლაშა ლომიძემ წამოიწყო, აკა ტაბუცაძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და მისი ოფლოუდის შემდეგ ივანიშვილმა დუბლი შეასრულა.

გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘შავი ლომი’ 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, საფრთხე არსაიდან ჩანდა. მაგრამ ტაიმის ბოლოს შეცდომებმა კვლავ იჩინა თავი. 77-ე წუთზე ‘კავალიერსმა’ თავისი ნახევრიდან დაწყებული ხელდახელ შეტევა ლამაზი ლელოთი დაასრულა და რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ტაბუცაძემ ბურთი მოხსნა და იოსებ გუშარაშვილს შეატევინა, მაგრამ მას კონტაქტის შემდეგ ოვალი წინ გადაუვარდა და სწრაფი კონტრშეტევით გატანილი ლელოს შემდეგ, მასპინძლებმა თამაში 27:17 მოიგეს.

ქარის თასი. VIII ტური. 29 მაისი
ველინგთონი. ბოლანდ სთედიუმი.
შავი ლომი – კავალიერსი 17:27

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ლაშა ჯაიანი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. მიხეილ წიკლაური, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

3 ლელო: აქუბარდია, ივანიშვილი (2)

1 გარდასახვა: გ. ბაბუნაშვილი