ქართული რაგბი და Native Racha დამეგობრდნენ

ქართული რაგბი და რაჭული ლორის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Native Racha დამეგობრდნენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და Native Racha-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა მოაწერეს.

თანამშრომლობა ერთწლიანია, თუმცა მხარეები იმედოვნებენ, რომ მეგობრობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„ეს მემორანდუმი ქართული საქმის კეთებას ემსახურება. რაგბი ქართულ კლუტურასთან, ტრადიციასთან და ძალასთან ასოცირდება. Native Racha-ს სურვილიც სწორედ ისაა, რომ ქართული ტრადიციები წამოიწიოს. ჩვენ ვაწარმოებთ მივიწყებულ ხორცპროდუქტების თანამედროვე ვარიანტებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართული რაგბისა და ჩვენი მეგობრობა ერთგვარი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს მხარში დაუდგეს ორი განსხვავებული სექტორი, რათა მოხდეს ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია“ – განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

„ქართული რაგბი საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან დამეგობრდა. მემორანდუმი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ მრავალ წელს გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ეს მეგობრობა მაგალითია ყველა კომპანიისთვის, ქართული წარმოებისთვის, როგორ უნდა ვაკეთოთ ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე“ – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

„ჩვენ მუდამ დავდგებით იმ კომპანიების გვერდით, სადაც ქართული იდენტობა იქნება ხაზგასმული“ – თქვა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამ.

„Native Racha და ქართული რაგბი ერთობლივ ცხოვრებას იწყებენ და ერთად წარმოაჩენენ საქართველოს სახელს საერთაშორისო ბაზარზე. ქართული რაგბი ერთადერთი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელიც 2003 წლიდან ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა. ამიერიდან ჩვენ და Native Racha ერთად წარმოვაჩენთ ქართულ გენს და კულტურას“ – დაამატა რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის მრჩეველმა ნიკა ალავიძემ.