ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ – #რაგბიჩვენითამაშია

საქართველოს რაგბის კავშირმა და თიბისი ბანკმა სასპონსორო, საპარტნიორო ურთიერთობა განაახლეს და ახალ, შესაბამის 4 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების ფარგლებში თიბისი რაგბის პოპულარიზაციაზე იზრუნებს როგორც შიდა ჩემპიონატის, ასევე საერთაშორისო ასპარეზობების ფორმატში, ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ერთობლივ სოციალურ პროგრამებს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში სარაგბო ფესტივალებს, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ რაგბის მარკეტინგსა და ბრენდირებული პროდუქციის მასობრივ რეალიზაციაზე.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ქართულმა რაგბიმ ამ ბოლო, ძალიან მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და რაგბის მთელ სამყაროს აჩვენა, რომ აქვს უდიდესი განვითარების პერსპექტივა. მსოფლიო მედიაც უკვე ალაპარაკდა ქართულ ფენომენზე რაგბიში, – უელსთან გამარჯვების შემდეგ ბიბისის კომენტატორმა ქართული ნაკრების სიძლიერე იმით ახსნა, რომ რაგბი ყოველი ქართველის სისხლშიაო, და ეს სიმართლეა, ჩვენი ისტორიული ლელო-ბურთი ამის დასტურია, და ისიც, რომ საქართველოს, სადაც რაგბი მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყო, ამდენი სახელოვანი ვეტერანი მორგაბე ჰყავს – მათ მსოფლიო იცნობს და აღიარებს, ისინი ათწლეულების განმავლობაში უყრიდნენ საფუძველს დღევანდელ წარმატებებს, რასაც ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის მსოფლიოში უპრეცედენტო ქველმოქმედებაც დაემატა, – 100 მილიონი დოლარის ინვესტირება სარაგბო ინფრასტრუქტურაში და ეს უმძლავრესი ბიძგი აღმოჩნდა“.

„ამდენად მე ძალიან მიხარია, რომ ამ ხაზს თიბისი ბანკიც გააგრძელებს და ახალი ძალით დაუდგება გვერდში ქართულ რაგბს. თიბისი 2015 წლიდან არის საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი და სასიამოვნოა, რომ დღემდე ინარჩუნებს ნდობას, – უფრო მეტიც, კიდევ უფრო ზრდის მხარდაჭერას. თიბისი ბანკი ხედავს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ შთამბეჭდავ შედეგებს და სრულად იზიარებს რაგბის კავშირის გრძელვადიანი განვითარების გეგმასაც. ვიმედოვნებ, რომ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც დაინახავენ თიბისისთან ჩვენი განახლებული ურთიერთობის სიკეთეს და ასევე შემოგვიერთდებიან, – გამარჯვება ხომ მხოლოდ ერთობას მოაქვს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარის სანუკვარ ოცნებას“.

ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა არაერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ახალი ფურცელი ჩაწერეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში, რის პასუხადაც მსოფლიო რაგბი, რაგბი ევროპა და 6 ერის ტურნირის ადმინისტრაცია არნახულ დაინტერესებას იჩენენ ქართული რაგბით და მზად არიან მის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ. 6 ერის ტურნირის მესვეურებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომ 6 ერის 18 წლამდელთა ფესტივალი საქართველოში ჩატარდეს მათ შორის ქართველი ჭაბუკების მონაწილეობით, ხოლო დიდი 6 ერის ტურნირის საოპერაციო ნაწილში მარკეტინგისა და სატელევიზიო ტრანსლირების ქართველი მენეჯერები ჩაერთონ სათანადო გამოცდილების მისაღებად. რაგბის სამყარო ერთსულოვნად იწონებს საქართველოს რაგბის კავშირის გრძელვადიან გეგმას, რომელიც საქართველოში რაგბის მასობრივ და სწრაფ განვითარებას ითვალისიწინებს.

თავის მხრივ ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათი დაფინანსებით საქართველოში 100 სარაგბო მოედნის მშენებლობის პროგრამა ხორციელდება, ასევე საჯარო სკოლებში უკონტაქტო რაგბის სწავლების მასობრივი პროგრამა იწყება, რომელიც 10 ათასამდე მოსწავლეს მოიცავს. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემელაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე წარმატებების შენარჩუნების კვალად აუცილებელია ახალი თაობების აღზრდასა და წარმატების უწყვეტობაზე ზრუნვა, რაშიც ბიზნესიც აუცილებლად უნდა ჩაერთოს და თიბისის მსგავსად გევრდში დაუდგეს ქართულ რაგბის.