ფიზიო-ჰოლანდის მორიგი სემინარი ნიუ ვიჟენში

ქართული რაგბისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორობით, მოქმედი და დამწყები სპორტული ექიმების, ფიზიო-თერაპევტებისა და სტუდენტებისთვის, ტრავმების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვანელი დევიდ შერმანი უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის მეორე დონის ედუკატორია და უკვე წლებია (2017 წლიდან) საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობს. მასში ასევე ჩართული იყვნენ ნიდერლანდური კომპანიის -Fysio Holland-ის წარმომადგენლები მაარტენ დე კიონინგი და მარტაინ სნუკი.

2021 წლის ნოემბრიდან დღემდე, ჯგუფმა სანაკრებო ვერტიკალისა და ქართული კლუბების სპეციალისტებისთვის მეოთხე სემინარი გამართა და ის სახსრების ტრავმის მექანიზმს, მის ამოცნობას, მკურნალობის დაგეგმვას, ვარჯიშში და შემდგომ თამაშში დაბრუნებას ეხებოდა.

„დიდი მადლობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულების გუნდს. მათი დახმარებით, „ნიუ ვიჟენის“ სივრცეში წელს მესამე სემინარი გავმართეთ, რომელიც კიდურის ტრავმის დიაგნოსტიკას და მკურნალობის პროცესს შეეხო. მსმენელებმა თითოეულ კიდურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ეს სემინარი ორი დღე გაგრძელდა და მოწვეული სტუმრები ჯგუფის ჩართულობით და აქტიურობით კმაყოფილი დარჩნენ. ისინი უკვე ნერგავენ პრაქტიკაში იმ ცოდნას, რომელიც წინა ტრენინგების დროს მიიღეს და ახალი უნარებით კიდევ უფრო დიდ სამედიცინო განათლებას იღებენ, რაც ტრავმების პრევენციისა და მათი მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე“ – ამბობს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

რაგბის კავშირთან თანამშრომლობით კმაყოფილია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა საგანელიძე:

„ჩვენი უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი უკვე დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახლის შეძენა და დანერგვაა, რაც სრულად ემთხვევა რაგბის კავშირის მიზნებს და თანამშრომლობის პროცესიც უპრობლემოდ დაიწყო. ორივე ორგანიზაციის სურვილია ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება და გადამზადება სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. მოწვეული არიან „ფიზიო ჰოლანდის“ უკვე გამოცდილი ტრენერები, რომლებმაც საქართველოში არაერთი სემინარი გამართეს და მათი მუშაობით ყველა კმაყოფილია. ტრენინგში ჩართული არიან როგორც მოქმედი სპეციალისტები, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართული სპორტული მედიცინის მომავალი გახდებიან“.

დევიდ შერმანი: „საქართველოში არაერთი წარმატებული სემინარი ჩავატარეთ და გადავწყვიტეთ, წელს კონკრეტული ტრენინგები ჩავატაროთ. ეს არის გზა, ტრავმის მიღებიდან თამაშში დაბრუნებამდე. მოხარულები ვართ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. აქ შესანიშნავი გარემო და ინფრასტრუქტურაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდებს სრულად გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჯგუფი ძირითადად იმ მსმენელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ზოგადი კურსის სემინარი გაიარეს“.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე