სუპერ თასი | ‘შავმა ლომმა’ ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო

‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალისთვის მზადებას შეუდგა.

სამხრეთ აფრიკიდან შინ დაბრუნების შემდეგ, შემადგენლობას თბილისში დარჩენილი ბორჯღალოსნები შეუერთდნენ და შეკრებაზე ორშაბათს შევიდნენ.

სუპერ თასის ნახევარფინალში ‘შავი ლომი’ დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, ესპანურ ‘იბერიანზს’ 17 აპრილს, „ავჭალაზე“ 18 საათზე ეთამაშება.

ჯგუფურ ეტაპზე ‘იბერიანზმა’ ექვსიდან 4 თამაში მოიგო, ორში კი მარცხი განიცადა. ესპანელებმა ორ-ორჯერ მოუგეს ბელგიურ ‘დევილზს’ (47:7, 53:3) და ნიდერლანდურ ‘დელტას’ (41:7, 32:30), თავად კი ორჯერ დამარცხდნენ პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’ – 19:34 და 13:20. შედეგად, ‘იბერიანზმა’ ჯამში დააგროვა 20 ქულა, გაიტანა 29 ლელო და მიიღო 12, ქულათა ბალანსით 205/101 და დასავლეთ კონფერენციაში დაიკავა მეორე ადგილი.

‘შავმა ლომმა’ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5-იდან 4 თამაში მოიგო (ლელოები 19:10; ქულები 155/88), ‘ენისეისთან’ განმეორებითი შეხვედრა ტურნირიდან რუსული კლუბების მოკვეთის გამო გაუქმდა და პირველ ადგილზე გავიდა.

ქართული ფრენჩაიზი მარტის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში, ქარის თასზე გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა და ზიმბაბვურ ‘გოსჰოქს’ 34:10, ხოლო აფრიკულ ‘ელეფანტს’ 25:22 მოუგო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მორაგბეების ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია:

„სამხრეთ აფრიკიდან დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ბიჭებმა დაისვენეს და ძალები აღიდგინეს. გვაქვს მცირე ტრავმები. ტვინის შერყევა ქონდა კოკი თხილაიშვილს და უახლოეს დღეებში ექიმებისგან ველით პასუხს, შეძლებს თუ ვერა ის ნახევარფინალში თამაშს. აქ დარჩენილი ნაკრების მორაგბეები ისვენებდნენ, თუმცა პერიოდულად ვარჯიშობდნენ და ფორმა არ დაუკარგავთ. მთლიანობაში გუნდი მწყობრშია და ემზადება მომავალი შეხვედრისთვის“.

„ვნახეთ მეტოქის თამაშები. დასავლეთ კონფერენციაში კონკურენცია პრაქტიკულად მხოლოდ ორ გუნდს შორის იყო. განვიხილეთ ‘ლუზიტანუშთან’ თამაშები, რადგან სხვა შემთხვევებში მათ მეტოქესთან დიდი უპირატესობა ქონდათ. შევისწავლეთ ‘იბერიანზის’ ძლიერი და სუსტი მხარეები. ვეცდებით მათ დავუპირისპიროთ ჩვენი თამაში, იქ, სადაც ვთვლით, რომ უპირატესობა გვექნება“.

‘შავი ლომი’ შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: ლაშა ხმალაძე.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალები
16 აპრილი. ლისაბონი. 19:00

ლუზიტანუში (პორტუგალია) – თელავივ ჰითი (ისრაელი)

17 აპრილი. თბილისი. 18:00

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანზი (ესპანეთი)