სუპერ თასი | შავი ლომი – ნახევარფინალი ისრაელიდან

‘შავმა ლომმა’ წლის ბოლო მატჩში ‘თელავივ ჰითი’ ლამაზ სტილში, 52:28 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო.

გამარჯვებამ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა და ნახევარფინალის საგზურიც დაუბევა. ახლა ‘ენისეისთან’ გადადებულმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ უმასპინძლებს ნახევარფინალში ესპანურ ‘იბერიანზს’ და ვინ გაემგზავრება პორტუგალიაში ‘ლუზიტანუშთან’ სათამაშოდ. აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, ‘შავ ლომს’ 20 ქულა აქვს, ‘ენისეის’ კი 16.

ფეთაჰ’თიქვაში გამართული თამაში უხვქულიანი და უხვლელოიანი აღმოჩნდა. მასპინძლებმა 4 ლელო გაიტანეს, ქართველებმა 7 და რაც მთავარია, ხარისხიანი თამაშის შედეგად, გამარჯვების ბედი ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. ამ დღეს გუნდი კარგი იყო მოლში და მრავალფეროვანი ხელდახელ თამაშში. ასევე ეპიზოდების გარდა საიმედოდ იდგა დაცვაში, ის რამდენიმე შეცდომა კი, გაშვებულ ლელოებად დაგვიჯდა.

სასიხარულოა, რომ სტადიონის ტრიბუნებიდან ‘შავ ლომს’ მრავლად ქომაგობდნენ ქართველები, რისთვისაც მათ გუნდის და რაგბის კავშირის სახელით მადლობას ვუხდით.

თეთრ ფორმაში მოთამაშე ‘ლომებმა’ შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ლაშა ხმალაძემ, ლუკა ივანიშვილმა და აკა ტაბუცაძემ 5 წუთში სამჯერ გაჭრეს ხაზი. მე-7 წუთზე მეტოქე მისსავე 22-ში, მისსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ. ამას დერეფანი, მოლი და სანდრო მამამთავრიშვილის ლელო მოყვა. გიორგი ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. მე-17 წუთზე ტაბუცაძის კარგ თამაშს მეტოქის 22-თან აუტი მოყვა, იქიდან აგორებულმა მოლმა ბოლომდე იარა და გუნდის კაპიტანმა შალვა მამუკაშვილმა იმ დღეს თავისი პირველი ლელო გაიტანა.

‘თელავივი’ გააქტიურდა და პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ აგრესიულ დაცვას წააწყდა. ასე გაგრძელდა 23-ე წუთამდე, მერე მსაჯმა თორნიკე აქუბარდია გაასინბინა და მეტობა მასპინძლებმა გარდასახულ ლელოში ასახეს. შესვენებამდე გუნდებმა თითო-თითო სახიფათო შეტევა გაცვალეს, ბაბუნაშვილმა ორი ცდიდან ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 17:7 დასრულდა.

განახლდა შეხვედრა და ‘ჰითმა’ ხელდახელ შეტევით მეორე ლელო გაიტანა, რასაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა. გარდამტეხ მომენტში ქართველმა მორაგბეებმა შეძლეს მობილიზება, მეტოქეს მისსავე ნახევარზე წნეხი დაადეს, 47-ე წუთზე დერეფნიდან მოლი დაძრეს და მამუკაშვილმა მეორე ლელო გაიტანა. 51-ე წუთზე ტაბუცაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, შეტევა სწრაფად გაიშალა, საჭირო დროს ლაშა ხმალაძემ ბურთი ფრთაზე ფეხით მოზომილად გადაკიდა, მას ტაბუცაძე დაეუფლა და ლელოში შეიჭრა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და მამუკაშვილმა ლელოთი მორიგი მოლი დაასრულა, ბაბუნაშვილმა კი რთული პოზიციებიდან გარდასახვა გააგრძელა. 61-ე წუთზე თენგიზ პერანიძემ გაჭრა ხაზი, ერთი ფაზის შემდეგ, რაქიდან მოკლე ფრთაზე კვლავ თავად შეუტია და იერიში ლელოთი დააგვირგვინა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით ანგარიში – 45:14 გახადა.

ლელოების თანაფარდობა 6-2-ზე იყო და საფრთხე არსაიდან ჩანდა, მაგრამ წაკინკლავებებს ორჯერ მოყვა ჯარიმის შეტრიალება და ჯერ ნიკოლოზ ხატიაშვილის, მერე ნოდარ ჭეიშვილის სინბინი. მეტობაში მოთამაშე მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და ამით გამარჯვებულს საფრთხე ვერ შეუქმნეს, მაგრამ ბონუსისთვის საჭირო ლელოთა სხვაობა შეცვალეს. გაწითლებულ დროზე ეს საჭირო სხვაობა დაბრუნდა. დემე თაფლაძემ საკუთარ 22-ში ჩაჭრა ბურთი და შეუტია, კონტრშეტევა ოფლოუდის შემდეგ პერანიძემ გააგრძელა, მის ფეხით შეცურებულს კი ტაბუცაძე მიყვა და დუბლით ბონუსი დაგვიბრუნა. ბაბუნაშვილმა ესეც გარდასახა – 52:28.

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია
II ტური. 18 დეკემბერი. ფეთაჰ’თიქვა.
თელავივ ჰით (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 28:52

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი (კაპ.), 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

7 ლელო: მამამთავრიშვილი, მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), პერანიძე

7 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

 

ფოტო: Daniel Halac