სულხან ჩიხლაძე – ალგარვედან ევროპის ჩემპიონატამდე

ქართველი მსაჯი სულხან ჩიხლაძე ივლისის შუა რიცხვებამდე სამი მაღალი დონის 7-კაცა ტურნირს იმსაჯებს.

11-12 ივნისს პორტუგალიაში, ქალაქ ალგარვეში 7-კაცას საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც პორტუგალიის, საქართველოს, ჰონკონგისა და სხვა ქვეყნების ნაკრებების გარდა, ისეთი კლუბებიც ითამაშებენ, როგორებიც სამხრეთ აფრიკული ‘ბლუ ბულსი’ და ინგლისური ‘ ვოსპსი’ არიან. სწორედ ამ კერძო ტურნირზე მიიწვიეს მსაჯად სულხან ჩიხლაძე.

„7-კაცა რაგბი განსაკუთრებით მიყვარს, რადგან მოედანზე სივრცეები ბევრია და შესაბამისად, თამაშის დინამიკაც მაღალია. მოხარული ვარ, რომ ჩემი წინსვლა გრძელდება უკვე ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე პერსონალურად მიწვევენ. აქ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების გარდა, თამაშობენ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გუნდები. ეს იქნება კარგი მოსამზადებელი ეტაპი ოფიციალური ჩემპიონატების წინ, რაც ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“ – ამბობს სულხან ჩიხლაძე, რომელიც 1-3 ივლისს რაგბი ევროპის კაცთა, ხოლო 9-10 ივლისს 18-წლამდელთა ჩემპიონატებს იმსაჯებს:

„შარშან რაგბი ევროპის „ალაფაზე“ ვიმსაჯე და დიდი გამოცდილება შევიძინე. დეკემბერში ვიყავი დუბაიში, სადაც სამი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი თამაშის მსაჯობა მომიწია, მათ შორის ერთ-ერთი ტურნირის ფინალისაც. რაგბი ევროპის წარმომადგენლების მუდმივი დაკვირვების ქვეშ ვარ და როგორც ჩანს, მოეწონათ ჩემი ხედვა და ამიტომაც მივიღე მათი ეგიდით ჩატარებულ უმაღლეს ჩემპიონატზე დანიშვნა“.

რაგბი ევროპის ეგიდით გასამართ სხვადასხვა დონის ტურნირებზე მიიღეს დანიშვნები სხვა ქართველმა მსაჯებმაც: 4-5 ივნისს სერბეთში, კაცთა ევროპის ჩემპიონატის კონფერენც1 დივიზიონს იმსაჯებს გიგა მშვენიერაძე; 7-ქალას „ალაფის“ ორივე ეტაპზე, ხორვატიასა (11-12 ივნისი) და უნგრეთში (17-18 ივნისი) ნინო ელოშვილია მიწვეული; 8-9 ივლისს პოლონეთში, 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზეა მიწვეული ანა პოღოსიანი.