სერგო უგრეხელიძე იუბილარია

გამოჩენილ ქართველ მორაგბე სერგო უგრეხელიძეს დაბადებიდან  60  წელი შეუსრულდა.  სულმნათ ოლეგ ლიპარტელიანთან ერთად,  უგრეხელიძეს რაგბში ქართველთაგან პირველს, „საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის“ პრესტიჟული წოდება მიენიჭა…

სერგო უგრეხელიძე ცაგერში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის კოოპერატიულ ტექნიკუმში განაგრძო. ტანადი, ჯანიანი და მოქნილი ჭაბუკი ჭიდაობის რიონისპირელ სპეციალისტებს უმალ მოუვიდათ თვალში და უგრეხელიძემ ძალა ჯერ ქართულ ჭიდაობასა და სამბოში, შემდეგ კი ძიუდოში მოსინჯა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უგრეხელიძის კარიერა ძიუდოში, სადაც უმოკლესს პერიოდში სერგომ ახალგაზრდებს შორის სსრკ-ს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და სპორტის ოსტატის წოდებაც დაიმსახურა.

იმხანად მოჭიდავეები ქუთაისში, „დინამოს“ სტადიონზე ვარჯიშობდნენ, სადაც ასევე რაგბისტებიც ოსტატდებოდნენ. უგრეხელიძე რაგბის თამაშით თავიდანვე მოიხიბლა, თუმცა ტატამი არ ეთმობოდა და რომ არა მორაგბეთა ღვაწლმოსილი მწვრთნელის შაკო ქურციკიძის დაჟინებული შეგონება, ნიჭიერი ჭაბუკი ძიუდოში, სპორტსმენის კარიერის დასრულებამდე დარჩებოდა.

უგრეხელიძეს იმ ეპოქაში „სახლმშენის“ /შემდგომ- „მშენებელის“/ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გაჭირვებია. სერგო მარჯვენა ბურჯის ამპლუას თავიდანვე კარგად მოერგო და თავის 2 ახალ მეგობარ თანაგუნდელთან, ჰუქერ თენგიზ ტურძელაძესა და მარცხენა ბურჯ, გუნდის კაპიტან რობერტ ობოლაძესთან ერთად, მოკლე პერიოდში საბჭოური რაგბის მესვეურეთა მხრიდან საუკეთესო  შერკინებად იქნა აღიარებული. სწორედ აღნიშნული სამეულის ძალისხმევით, 1982 წელს მომავალმა „აიამ“ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თან საკავშირო ასპარეზზე რესპუბლიკის უპირობო ლიდერ თბილისის „ლოკომოტივს“ პირველად გაუსწრო.

სერგო უგრეხელიძის კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 1984-85 წლების პერიოდი გამოდგა. ქუთათურებმა ჯერ სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, მომდევნო სეზონში კი მარათონულ, 39-მატჩა პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. რიონისპირელთა უკვე ერთ-ერთ ლიდერად ქცეულ უგრეხელიძეს სსრკ-ს ჯერ მეორე ნაკრებში, შემდეგ კი საბჭოეთის მთავარ გუნდშიც უხმეს. „ერთა თასის“ წინამორბედ „ფირას“ პრესტიჟულ პირველობაზე სსრკ-ს ნაკრებმა საფრანგეთის კვალ მეორე ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სერგო უგრეხელიძეს მიუძღვის.

გარემოებათა გამო, უგრეხელიძეს ოვალთან განშორება 26 წლის ასაკში მოუხდა. ესოდენ ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, სერგო უგრეხელიძეს ქართული რაგბის განვითარებაში დიდი როლი ეკისრება. უგრეხელიძის ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე კომპიუტერული ტექნიკითაა დაკავებული და მამის მხრიდან  ბიჭის რაგბთან ზიარების ყოველი მცდელობა უშედეგო გამოდგა. მიუხედავად ამისა, სერგო უგრხელიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს რომ ბაბუის ნაკვალევზე, მისი მომავალი შვილიშვილი უგრეხელიძეთა სარაგბო ტრადიაციას ღირსეულად აღადგენს.