სამედიცინო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი, რაგბი ევროპის სამედიცინო კომისიაში განათლების მიმართულებით იმუშავებს. ამავდროულად, ის მსოფლიო რაგბის სამედიცინო კომისიის კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

ბოლო დროს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ხშირად ჩნდება. ივლისში, 7-ქალას ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ევროპის ზონის შესარჩევ ტურნირზე, რომელსაც ყაზანმა უმასპინძლა, ტურნირის ექიმად ბესიკ ჩადუნელი იყო მიწვეული. როგორც წესი, მსგავსი ტურნირებისას ექიმად ადგილობრივი კადრები ინიშნებიან, თუმცა ამ შემთხვევაში არჩევანი ქართველ ექიმზე შეჩერდა.

 

რაგბი ევროპის სამედიცინო კომისია

აგვისტოს ბოლოს რაგბი ევროპის სამედიცინო კომისიის აღორძინებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ადრეულ წლებში არსებობდა, მაგრამ მერე ფუნქცია დაკარგა. მსოფლიო რაგბის სამედიცინო განვითარების მენეჯერის, ლუის მენდიას ძალისხმევით, რაგბი ევროპის აღმასრულებელ დირექტორ ფლორან მარტისთან შეთანხმებით, კომისიის აღდგენა დაიწყო და მასში საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, რუმინეთი, რუსეთი და პორტუგალია გაერთიანდნენ, კომისიის თავმჯდომარედ კი ფრანგი დიდიე სირიე დაინიშნა.

შემუშავდა განვითარების გეგმა და ამ ეტაპზე სამი ძირითადი მიმართულება დაისახა – ტურნირებისთვის სამედიცინო სტანდარტების შემუშავება, განათლება და განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა. ჩადუნელი განათლების მიმართულებაში ჩაერთო და ამას ასე ხსნის:

„დავაფიქსირე, რომ მსურდა კომისიაში განათლების კუთხით მემუშავა, მაგრამ ასევე მაინტერესებდა ტურნირების სამედიცინო სტანდარტების შემუშავების სფეროც. თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის სამედიცინო განათლება მნიშვნელოვანია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჯგუფის ფარგლებში, სხვადასხვა დონეებისა და ქვეყნებისთვის შევიმუშავებთ სამედიცინო სტანდარტების მინიმუმს. ასევე, უნიფიცირდება სამედიცინო პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები (რაც, სავარაუდოდ, დაეყრდნობა საქართველოში მიღებულ ანალოგიურ დოკუმენტს, რომელიც მოწინავე სპორტის მედიცინის ცენტრებისა და სარაგბო კლუბების სტანდარტების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული). „მსოფლიო რაგბის“ რეკომენდაციაა, რომ ტიერ2-ის ქვეყნების საკლუბო ჩემპიონატებში და ესე იგი დიდ 10-შიც, ყველა კლუბის სამედიცინო პერსონალი გადამზადდეს მეორე დონეზე, ასევე ყველა შეხვედრაზე იყოს მატჩის ექიმი და თანდათანობით დაინერგოს ვიდეო-მონიტორინგის სისტემა (ტვინის შერყევის უკეთესად დიაგნოსტიკისთვის). განათლების კუთხით, ყველა ქვეყანას უნდა ყავდეს მინიმუმ ერთი ტრენერი და 2-3 ედუკატორი, რათა მოიხსნას ენის ბარიერი, შემცირდეს ხარჯები და უფრო მეტმა რაგბში ჩართულმა ადამიანმა გაიაროს სამედიცინო გადამზადება. ვისაუბრეთ ტრავმების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაზეც და მას დიდ 10-ში დავნერგავთ. ეს მნიშვნელოვანია ტრავმების პრევენციისთვის“.

 

„მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო კომისიის კონფერენცია

მსოფლიო თასის მსვლელობისას, იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაში ყოველწლიური „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო კომისიის კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ამჯერად ტრეინინგისა და განათლების პროგრამის კონფერენციაც დაემთხვა.

მთავარი სიახლე ისაა, რომ შეიცვალა „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო სამსახურის უფროსი. აქამდე მას მარტინ რაფტერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის დაარსება და გატარება. ამ სისტემას საფუძველი 2011 წელს ჩაეყარა, რასაც რაგბის წესებში ცვლილებები მოყვა და ის მოთამაშეთათვის უფრო უსაფრთხო გახადა. ამიერიდან მას ირლანდიელი ეანა ფალვი ჩაანაცვლებს.

კონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს: შევიდა ცვლილებები ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის და მართვის სტრუქტურაში. ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება მოთამაშეთა დატვირთვების მართვა. კვლავ იყო საუბარი ბოჭვაზე, რომელიც დღესდღეისობით რაგბში ყველაზე ტრავმული ელემენტია. ადრე ასეთი შერკინება იყო, რისი გამოსწორებაც სწორედ სამედიცინო სფეროს ძალისხმევით მოხდა და ის ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა. ტვინის შერყევების უმეტესობა კი სწორედ ბოჭვის დროს ხდება და დაზარალებული ძირითადად თავად მბოჭავი რჩება. სამომავლოდ, იგეგმება მწვრთნელებში ტვინის შერყევის გაცნობიერების პროგრამის განხორციელება, რათა ისინიც ჩაერთვნონ თავის ტრავმების მართვაში. ასევე, სამედიცინო კვლევების ერთ-ერთი მიმართულება იქნება ტვინის შერყევისგან გამოწვეული ხანგრძლივი შედეგების დადგენა. აქტუალური იყო „ლურჯი ბარათის“ თემაც, რომელიც უკვე წარმატებით დაინერგა სამხრეთულ ქვეყნებსა და საფრანგეთში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სამხრეთელებთან აქტიურად მუშაობს ბესიკ ჩადუნელი:

„კონფერენციის მსვლელობისას დავამყარე კონტაქტი სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის წარმომადგენლებთან. თუ დაგვჭირდება ექსპერტების დახმარება, ისინი „ლურჯ ბარათთან“ დაკავშირებით დიდი სიხარულით დაგვეხმარებიან. სამხრეთ აფრიკელებმა ერთი საინტერესო მოსაზრება გაგვაცნეს. მათ არ ყავთ კლუბებში მაღალი დონის თავის ტრავმის სპეციალისტები და როდესაც მორაგბეები დაზიანებას იღებენ, ისინი დაზღვევის ექიმებთან მიდიან. სამხრეთ აფრიკელებმა დაზღვევის ექიმებს ტვინის შერყევა რაგბის კუთხით გააცნეს, გადაამზადეს და ახლა მათ სხვადასხვა რეგიონებში, კლინიკებში, სპორტული კუთხითაც ნასწავლი ნერვოლოგები ყავთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კარგმა სამოქალაქო ნერვოლოგმა, შესაძლოა არ იცოდეს ტრავმის მართვა სარაგბო კუთხით“.

კონფერენციაზე ბატონი ბესიკი მოხსენებით გამოვიდა, რომელიც სამედიცინო გადამზადების ტესტირებას ეხებოდა. იმისათვის, რომ მსმენელმა სხვადასხვა დონის „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო გადამზადების დასწრებითი კურსი გაიაროს, ჯერ ონლაინ-ტესტი უნდა ჩააბაროს. ონლაინ მოდულები ქართულ ენაზე თითქმის სრულად ითარგმა და მალე აიტვირტება „მსოფლიო რაგბის“ ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც ქართველ მსმენელებს მისი ჩაბარება მშობლიურ ენაზე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ მოცულობითი მასალის მიუხედავად, ტესტირებას ყველა ქვეყანაში ყველა მსურველი უპრობლემოდ აბარებს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამის მიზეზი ისაა, რომ სავარაუდო პასუხების შეცვლის რაოდენობა შეუზღუდავია და სწორ პასუხამდე „გარტყმის პრინციპით“ ყველა უპრობლემოდ მიდის.

„კონფერენციაზე ტესტები იაპონურ ენაზე გადავიყვანე და ვაჩვენე, რომ სწორი პასუხების მისაღებად ენის ცოდნაც კი არაა საჭირო. არადა ჩვენ სერთიფიკატზე მეტად ცოდნა გვაინტერესებს. ასევე ვახსენე, რომ საქართველოში შექმნილია საგანმანათლებლო ვებგვერდი, რაც გიორგი ნოზაძის დიდი დამსახურებაა და სწორედ მასთან ერთად ამ საკითხზე ფიქრისას გაგვიჩნდა იდეა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში, ეკრანზე გამოვიდეს მესიჯი, რომელიც პასუხის გამცემს აუხსნის თუ რატომაა მისი პასუხი არასწორი. ამით იმას მივაღწევთ, რომ ტესტირებას ცოდნის შეფასების ფუნქციასთან ერთად, ცოდნის მიღების ფუნქციასაც დავუმატებთ, რითაც შეიძლება ინტერესიც კი გავუღვივოთ მოპასუხეს და ასე ვთქვათ, უფრო „ჩავითრიოთ“ სასწავლო პროცესში. სამედიცინო კვლევებით დადგენილი ფაქტია, რომ ტესტის და გამოცდის ჩაბარება, აძლიერებს დამახსოვრების უნარს. ამიტომაც ონლაინ ტესტების გაუმჯობესების იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის ანდი სმიტისგან, რომელიც „თვიქენჰემის“ სამედიცინო სამსახურის უფროსია და ამავდროულად, მსოფლიო რაგბის სამედიცინო სფეროს ტესტებისა და ტექსტების ავტორია. მან მთხოვა, რომ პრეზენტაცია გადავუგზავნო და გადახედავს, რადგან არაა გამორიცხული, რომ ეს იდეა მსოფლიო რაგბის ონლაინ მოდულების ტესტებშიც გადაიტანონ. მთლიანობაში, მოხსენებით კმაყოფილი ვარ. უფრო კი იმით ვარ კმაყოფილი, რომ ფაქტობრივად ყველამ, მათ შორის მარტინ რაფტერიმ, მსოფლიო რაგბის ტრეინინგებისა და განათლების გენერალურმა მენეჯერმა ჯოკ პეგიმ, ლუის მენდიამ და კიდევ ბევრმა სხვამ, ჩვენს მიერ არჩეული გზის სისწორე დაგვიდასტურა. ეს კი, მიუხედავად იმისა, შემოიღებს თუ არა მსოფლიო რაგბი აღნიშნულ ცვლილებებს, ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის საფუძველს გვაძლევს“ – ამბობს კონფერენციის შეფასებისას ჩადუნელი.