რვა ერი | მეტი თამაში, მეტი შეტევა, თუმცა კვლავ უქულოდ

საქართველოს ნაკრებმა ჰლანეჰლიში უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებას მოწყურებული მეტოქე მხოლოდ ორ ლელოს დააჯერა.

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში, „პარკ ი სკარლეთსზე“ უელსმა 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა ამისათვის ბრძოლა დაჭირდა. ბორჯღალოსნებმა შეტევაში უფრო თამამად ითამაშეს, ვიდრე ერთი კვირის წინ ინგლისთან და მანამდე შოტლანდიასთან, თუმცა ქულის აღებას ზედიზედ მეორე მატჩია ვერ ახერხებენ.

უელსთან ამის შანსი რამდენჯერმე იყო და ანგარიშიდან გამომდინარე, ჯარიმის კარში დარტყმა ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი გამოცდილების მიღება და მეტი თამაშია.

რა თქმა უნდა ეს არ იყო საუკეთესო თამაში, რომელიც კმაყოფილების განცდას გაგვიჩენს, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე ყველა კომპონენტში ზრდა და პროგრესი თვალშისაცემია და ეს სწორედ ის არის, რა მიზანიც ტურნირზე გამგზავრებამდე დავისახეთ.

საქართველო უკეთესი იყო დაცვაშიც და რამდენჯერმე მეტოქის სახიფათო შეტევა მოიგერია. შოტლანდიისა და ინგლისის მსგავსად, უელსმაც სცადა მოლით ქულების აღება, მაგრამ ამჯერად დაცვითმა მოლმა კარგად იმუშავა და რამდენჯერმე ამ ხერხით შეტევაშიც დავძარით მეტოქე.

პრობლემები გვქონდა ფეხით თამაშში და შერკინებაში. არაზუსტი დარტყმებით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეტოქეს რამდენჯერმე გადავაბარეთ ბურთი, შერკინებაში კი უელსელებმა რამდენჯერმე შეძლეს ჯარიმის მოპოვება.

პირველი ტაიმი

მატჩის დღეს ჰლანეჰლიში წვიმა და ქარი იყო და სველმა მოედანმა მორაგბეებს პრობლემები შეუქმნა. მეტოქის საწყისი შეტევების მოგერიების პარალელურად, როდესაც ამის შანსი გვქონდა ხელით ვცდილობდით შეტევას, თუმცა ხშირი იყო ფეხით თამაში და შეცდომები. მე-9 წუთზე მეტოქემ შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა, რადგან სტუმრებისგან თავდადებულ დაცვას წააწყდა კარში დარტყმა გადაწყვიტა და ქალუმ შიდმა ანგარიში გახსნა.

რადგან ჩვენს თამაშში ხშირი იყო ტექნიკური წუნი, ძირითადად დაცვაში, ჩვენს ნახევარზე გვიწევდა თამაში. ტაიმის შუაში მეტოქის ფორვარდების მრავალფაზიანი შეტევა წითელ ზონაში მოვიგერიეთ, თუმცა გამუდმებით დაცვაში თამაში რთულია, უელსმა 28-ე წუთზე 5-მეტრიანი შერკინებიდან შეტევა ფრთაზე გაშალა და რის ზამითმა ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო შიდმა რთული პოზიციიდან გარდასახა – 0:10.

ბორჯღალოსნებმა საპასუხოდ მეტოქის ნახევარზე კარგი შეტევა წამოიწყეს, ხაზით მანძილიც მოიგეს და მეტოქე დააჯარიმეს, მაგრამ სამი ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, პირველ ჯერზე მოლში მეტოქეც დააჯარიმეს, მაგრამ მერე ბურთი დაიკარგა. ტაიმის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა კოტე მიქაუტაძე, გაწითლებულ დროზე კი ხელდახელ შეტევას ჯარიმა მოყვა, მაგრამ თედო აბჟანდაძეს 42 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. საწყის 10 წუთში უელსმა ორჯერ დაარტყა ჯარიმა კარში და მეორე გაიტანა. საპასუხოდ საქართველომ შეტევის გაშლა სცადა, მაგრამ ტექნიკური წუნის შემდეგ სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ, მეტოქე კარგი ბოჭვით ბექა გორგაძემ შაჩერა, რომელსაც ვარდნისას ბექა საღინაძის ხელი სახეში მოხვდა და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დავრჩით.

უელსმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. პირიქით, ამ პერიოდში კარგი ხელდახელ შეტევით მანძილიც მოვიგეთ და მეტოქის 22-თან ჩვენს სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა, მაგრამ დავჯარიმდით. ამას მოყვა ლაშა ჯაიანის კარგი თამაში მეტოქის დერეფანში და კონტრშეტევა, რომელიც ასევე ტექნიკური წუნის გამო ჩაიშალა.

რადგან თამაში გაიხსნა, ხელდახელ თამაშში უელსიც აგვყვა და 75-ე წუთზე რის ვებმა მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და „დრაკონებნმა“ საპატიო სხვაობით, 18:0 იმარჯვეს.

„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე მატჩს ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. ირლანდიელებმა პირველ ტურში უელსს 32:9 მოუგეს, ხოლო მეორე ტურში ინგლისთან 7:18 დამარცხდნენ.

 

პრესკონფერენცია

ნამატჩევს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ კოტე მიქაუტაძემ ნეკნი დაიზიანა, მას სურათს გადაუღებენ და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

თამაშთან დაკავშირებით თქვა, რომ შედეგი რეალობას არ ასახავს:

„საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით“.

„დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი“.

მაისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება, თუმცა არის პრობლემებიც:

„ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ“.

„წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება“.

თედო აბჟანდაძე: „სისტემა მუშაობს და უნდა გავაუმჯობესოთ“

ბორჯღალოსანთა მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ მორაგბეები მოედანზე თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ინგლისთან და სისტემამაც იმუშავა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო მომენტების გამოყენება ვერ მოხერხდა:

„მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ“.

„ჩვენი მიზანი იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით“.

„თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ“.

შემოდგომის ერთა თასი. მეორე ტური
21 ნოემბერი. ჰლანეჰლი. პარკ ი სკარლეთ
უელსი – საქართველო 18:0
საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.