რვა ერი | გიორგი კვესელაძე – მე-3 ტურის სიმბოლურში და ტურის საუკეთესო მოთამაშე

ბორჯღალოსანთა ცენტრი გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

23 წლის მორაგბემ, ირლანდიას პირველ ტაიმში შესანიშნავი, ინდივიდუალური ლელო გაუტანა. მან ხაზი ცენტრში გაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. გარდა ამისა, ის კარგად ირჯებოდა დაცვაში და 17 ბოჭვა შეასრულა, მათ შორის მეტოქის 8 ნომერ სი’ჯეი სტანდერზე, რომელსაც უკან დაახევინა და დაცვის ტექნიკის შესანიშნავი უნარები გამოავლინა.

შედეგმაც არ დააყოვნა და კვესელაძე როგორც ტურნირის ოფიციალურ, ასევე სხვადასხვა გამოცემების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მისი თამაშით მოხიბლულმა ირლანდიელთა ყოფილმა კაპიტანმა, ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლმა საკუთარ „თვითერზე“ დაწერა:

„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე, სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა“.

ირლანდიის ნაკრების კიდევ ერთმა ვეტერანმა, RTE Sport-ის ანალიტიკოსმა ბერნარდ ჯეკმენმა კი დაწერა – „კვირის საუკეთსო ლელო გიორგი კვესელაძეს ეკუთვნის“.

კვესელაძემ ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში, რომელსაც გულშემატკივრები ირჩევენ, ინგლისელ სემ ანდერჰილს, უელსელ ჯონი უილიამსს და ფრანგ ბრის დულინს აჯობა. ის შეუერთდა შოტლანდიელ დუან ფან’დერ’მერვეს (პირველი რაუნდის საუკეთესო) და ინგლისელ ჯონი მეის (მეორე რაუნდის საუკეთესო). ქართველმა ხმების 88,7% მიიღო.