რეგიონული ლიგა | ‘რუსთავმა’ პლეი ოფი პირველმა გაინაღდა

რეგიონული ლიგის მე-13 ტურში ‘რუსთავმა’ მორიგ წარმატებას მიაღწია და აღმოსავლეთ ზონაში ქვემო ქართლელები მდევართათვის მიუწვდომლები შეიქნენ. კახა უჩავას ბიჭები ვაზისუბანში ‘რაშებს’ დაუპირისპირდნენ და მატჩი ბონუსის თანხლებით, დამაჯერებლად მოიგეს – 58:7, რამაც ქვემო ქართლელებს პლეი ოფის საგზურთან ერთად, ზონაში პირველი ადგილი ვადამდე დაუბევა.

‘რუსთავი’ სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშში უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა და მთლიანობაში ‘რაშებს’ 10 ლელო დაუდო. შესრულებული „პოკერით“ რუსთაველთა ფრთა თორნიკე ალავიძე შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. ‘რუსთავმა’ პირველობის 12-ივე მატჩი მოიგო და ბონუსის აღება მხოლოდ ‘ივერიელთან’ მეორე წრის შეხვედრაში ვერ მოახერხა.

რუსთაველთა კვალ, აღმოსავლეთის ზონიდან პლეი ოფის კიდევ ერთ საგზურზე პრეტენზიას ერთბაშად 4 გუნდი აცხადებს და მოწინავე კვინტეტში მყოფების ‘წიქარასა’ და ‘დინამოს’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა, რაშიც დიდი როლი ძლიერ ქარს მიუძღვის.

მატჩის პირველ ნახევარში ‘დინამოს’ ზურგქარმა კარგი სამსახური გაუწია. ქართული რაგბის უხნესი გუნდის კვაჭ ლევან პირმისაშვილის შესრულებული „ჰეთ-თრიკის“ წყალობით სერგო რამიშვილის ბიჭები შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 17:0.

მეორე ნახევარში ზურგქარი უკვე ‘წიქარას’ მეგზურად იქცა. დათო სტეფანოვის შეგირდებმა შუამარბ ვახო აბრამიშვილის, კვაჭ ვაჟა ლომოურისა და ფულბეკ გოჩა ფილიას დადებული ლელოებით შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს. ‘წიქარას’ მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ 2 გარდასახვას გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘დინამო’ ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა – 22:17. ორივე გუნდმა 32 ქულა დააგროვა, თუმცა ‘დინამოს’ მეტოქეზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აქტივში 32 ქულა დარჩათ ‘დევებს’, რომლებმაც ტურის კიდევ ერთ პრინციპულ დაპირისპირებაში ‘ივერიელთან’ ვერაფერი გააწყეს. ვაჟა პაიჭაძის შეგირდები უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდნენ, მეტოქეს ხაზს იოლად უჭრიდნენ და სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. ‘ივერიელის’ კვაჭმა შახო ჯავახიამ „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა, მგეზავმა მერაბ მარგველიანმა კი „დუბლის“ შესრულება მოახერხა – 50:10. ‘ივერიელი’ 34 ქულით ცხრილში მეორე პოზიციაზე დაბრუნდა და თან აღებულმა ბონუსმა პაიჭაძის ბიჭებს მდევართა სამეულის 2 ქულით გასწრების შესაძლებლობაც მისცა.

დასავლეთ ზონის ლიდერმა ჭიათურას ‘მათემ’ საშინაო იმერულ დერბიში სამტრედიას ‘ფენიქსთან’ დაგეგმილი პრემიის თანხლებით იოლ წარმატებას მიაღწია – 54:0. ლიდერი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ლელოთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშით გაიტანა. ჭიათურელთა წარმატებას სათავე მარბიელ მამია მანდარიას ლელომ დაუდო. ზემო იმერლებმა პირველ ტაიმში 44 ქულა აიღეს და მთლიანობაში მეტოქეს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს. ‘მათეს’ ფულბეკმა ნიკა სამხარაძემ და ფრთა თემურ ვაშაძემ „დუბლი“ შეასრულეს. გოჩა კვაჭანტირაძის შეგირდებმა პირველობის 11-ივე მატჩი მოიგეს და ბონუსის აღება მხოლოდ ‘ფირალებთან’ გასვლით შეხვედრაში ვერ შეძლეს. ზემო იმერლებმა 54 საცხრილო ქულა დააგროვეს, მდევარ კოლხებთან უპირატესობა 3-ქულამდე გაზარდეს და პლეი ოფის საგზურის ოფიციალურ გაფორმებას 1 ქულაღა აშორებთ.

დასავლეთ ზონაში ტურის გამორჩეული შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ზღვისპირულ დერბიში, მასპინძელმა ქედას ‘ფირალებმა’ მეორე ადგილზე მყოფ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ მედგარი წინააღმდეგობა კი გაუწიეს, თუმცა სამატჩო ქულების აღება ვერ მოახერხეს. ხისტ თამაშთან ერთად, მეტოქენი დიდ ყურადღებას დაცვას უთმობდნენ და უპირატესობის მოპოვებას უმეტესად სტატიკის ხარჯზე ცდილობდნენ, რაც შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ კოლხებმა შეძლეს. ფოთელები რაქს მასპინძლებზე სწრაფად და უკეთ ასუფთავებდნენ, რამაც მეორე ტაიმში აჭარლებს ჯარიმები მოუმრავლა.

მატჩის ბოლო წუთამდე ‘კოლხი რაინდები’ თავიანთი მგეზავის, კაპიტნისა და მოთამაშე-მწვრთნელ როლანდ ჩაჩავას გატანილი 4 ჯარიმით 12-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, რომელიც კოლხთა ბურჯმა ნიკოლოზ ჩაგუნავამ ბოლო შეტევაში დადებული მატჩის ერთადერთი ლელოთი გაამყარა – 17:0.

მართალია, ‘კოლხი რაინდებმა’ 12 ჩატარებული მატჩიდან წარმატებას მე-11 შეხვედრაში მიაღწიეს, თუმცა ფოთელებს პლეი ოფში მოსახვედრად გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევთ. კოლხთა მდევარმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ცხრილში ფოთელებთან ჩამორჩენა 11-ქულამდე შეამცირა და თან იმერლებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გადადებულ და დასკვნითი ტურებზე, სადაც როგორც ფოთელები, ასევე წყალტუბოელები ზონის ლიდერ ჭიათურას უმასპინძლებენ.

‘დინოზავრს’ გასვლით შეხვედრაში ვანის ‘აიეტთან’ დაგეგმილი პრემიით მოგება არ გაჭირვებია. სტუმრები მთელი შეხვედრა დომინირებდნენ და ‘აიეტს’ 9 ლელო დაუდეს. აღსანიშნავია, რომ ლელოს გატანა ზაზა ჩირგაძის 9 შეგირდმა მოახერხა. ‘დინოზავრის’ წარმატებას სათავე მატჩის დებიუტში შუამარბ გიორგი ჩაფიძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ბოლო წუთებზე მარბიელ ბორის ტუსკაძის გატანილმა ლელომ დაუსვა-55:8. მასპინძლები ბოლომდე იბრძოდნენ და შეხვედრის მიწურულს ვანელთა მხტომელმა შოთა ჩახუნაშვილმა მოახერხა პრესტიჟის ლელოს გატანა.