რეგიონული ლიგა | დრამა რუსთავში და ლიდერის პირველი მარცხი

დასავლეთის ჯგუფში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფის უპირობო ლიდერები: წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ პირველობას კვლავ მაქსიმალური შედეგით, 30-30 ქულით აგრძელებენ და პირველი წრის დასკვნით ტურში ფავორიტები ერთმანეთს იმერეთში დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ლიდერთა დუეტთან მესამე ადგილზე მყოფ ვანის ‘აიეტის’ ჩამორჩენა უკვე 11 ქულას შეადგენს.

„პარკი არენაზე“, ადგილობრივმა ‘კოლხი რაინდებმა’ მოუგებლად მყოფ ერთ-ერთ აუტსაიდერ ქედას ‘ფირალებს’ 10 ლელო გაუტანა და დაგეგმილი პრემიით, იოლ წარმატებასაც მიაღწია – 60:5. მასპინძელთა რიგებში „დუბლით“ მარბიელი ზურა მისაბიშვილი და შუამარბი ლაშა პაპიძე გამოირჩნენ. ქედელები კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში ჰავბეკ კლიმენტი გურგენიძის დადებული ლელოთი გადაურჩნენ.

ჯგუფის კიდევ ერთ ლიდერ წყალტუბოს ‘დინოზავრსაც’ მეტოქედ აჭარული გუნდი ყავდა, თუმცა ‘ფირალებისგან’ განსხვავებით ბათუმელი ‘მეკობრეები’ უკეთ ბურთაობენ, ცხრილის შუაწელს იმყოფებიან და იმერლებს საკუთარ არენაზეც მასპინძლობდნენ, მაგრამ ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ‘დინაზვრი’ მატჩის პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც ზაზა ჩირგაძის შეგირდებმა 12 გატანილ ლელოში ასახეს. წყალტუბოელთა მარბიელმა ბადრი დანგაძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ფულბეკმა იაგო ხაბულიანმა „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. ‘მეკობრეები’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ფრთა საბა არძენაძის დადებული ლელოთი გადაურჩნენ – 70:5.

აღმოსავლეთში კი მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ ‘რუსთავის’ პირველმა მარცხმა ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მართალია, ქვემო ქართლელები ცხრილის სათავეში რჩებიან, თუმცა დაკარგული ქულებით რუსთაველებს მესამე ადგილზე ანაცვლებული ‘წიქარა’ უტოლდება, მეორე ადგილზე დამკვიდრებული ‘სოხუმი’ კი ლიდერს 2 ქულითღა ჩამორჩება. ჯგუფში კენტი ოდენობის მონაწილეთა გამო, მეშვიდე ტურისგან თავისუფალი ‘გარდასახვა’ გახლდათ, რამაც ლიგის დებიუტანტი ჯერჯერობით მეოთხე ადგილამდე დააქვეითა.

აღმოსავლეთ ჯგუფის მეშვიდე ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. პირველობის ლიდერმა ‘რუსთავმა’ ‘წიქარას’ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა მეტოქეზე 1-ით მეტი ლელოს გატანა მოახერხეს, გიორგი ჯიმშელაძის შეგირდები სეზონში პირველ მარცხს ვერ გადაურჩნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში წარიმართა და უაღრესად დაძაბული მატჩის გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა.

‘წიქარა’ მატჩის დებიუტში ფულბეკ სანდრო ირემაშვილის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა კვაჭ უჩა აღაშვილის ასევე გარდასახული ლელოთი უპასუხეს. მეორე ტაიმის შუაწელისთვის  მგეზავ ლუკა ზუხბაიას გატანილი წყვილი ჯარიმით ‘წიქარა’ 6-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, რასაც  ქვემო ქართლელთა მარბიელ ზაურ დვალიშვილის დადებული ლელო მოყვა. რუსთაველთა ფულბეკმა ბექა აქუბარდიამ მეორე გარდასახვაც გამოიყენა და საკუთარი გუნდი მინიმალური უპირატესობით ანგარიშში წინ პირველად გაიყვანა. მატჩის ბოლო წუთებზე ‘წიქარამ’ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომლის გატანა ლუკა ზუხბაიას არ გაჭირვებია – 16:14.

‘სოხუმმა’, ერთ-ერთი აუტსაიდერი ‘ლაშარი’ 160:0 გაანადგურა, თუმცა  გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭები, ისევე როგორც დამსწრე საზოგადოება შეხვედრის მსვლელობისას თავს უხერხულად გრძნობდნენ. ‘სოხუმი’ მოედანზე სრულად რომ დახარჯულიყო, ანგარიშში სხვაობა გაცილებით კატასტროფული იქნებოდა. აუტსაიდერმა შეხვედრა 10 მორაგბით დაიწყო და მატჩი სულაც 9 კაცის ამარამ ჩაამთავრა!

‘პატარძეულმა’ ცხრილში მეხუთე პოზიცია გაიმყარა. გარე კახელებმა საკუთარ არენაზე მოუგებლად მყოფ ‘ივერიას’ 14 უპასუხო ლელო დაუდეს და აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით – 94:0 დაამარცხეს. მასპინძელთა ფრთა თორნიკე უსტიაშვილმა „პოკერი“ შეასრულა, ფულბეკმა შაქრო სუხაშვილმა კი საკუთრივ შესრულებული 10-ივე გარდასახვა გამოიყენა.

ზედა ექვსეულის ვაკანტური, მეექვსე ადგილისთვის ჭიდილში, ‘ჭადარმა’ და ‘დევებმა’ ასევე ბონუს-ქულებით იმარჯვეს, 4-მატჩიანი მარცხიანი სერიებიც დაასრულეს და ცხრილში ერთმანეთს კვლავ 2 ქულა აშორებთ.

‘დევებმა’, „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქურ დერბიში ‘არაგველებს’ 6 უპასუხო ლელო დაუდეს და „მშრალი“ ანგარიშით გამარჯვებაც დააფიქსირეს – 41:0. ‘დევების’ წარმატებას სათავე მხტომელ კაკო ვარდოსანიძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ბურჯ ლუკა ასათიანის გატანილმა ლელომ დაუსვა.

„კავკასიონი არენაზე“, თელავის ‘ჭადარმა’ თბილისის ‘ივერიელს’ 8 ლელო დაუდო, სტუმრები კი პირველ ტაიმში კვაჭ ლაშა აფციაურის გატანილ ეულ ლელოს დააჯერა – 52:5. კახელთა შუამარბმა ვანო თუშიშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ვინაც ამავდროულად მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორიც გამოდგა. ‘ივერიელს’ სეზონში მეოთხე მარცხის შემდეგ მოწინავე ექვსეულში მოხვედრის შანსი საგრძნობლად შეუმცირდა.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე