რეგიონული ლიგა | ‘დინოზავრმა’ პირველი წრე ქულათა მაქსიმუმით ჩაამთავრა

დასავლეთ ჯგუფის პირველი წრის მიჯნაზე წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ ქულათა მაქსიმუმით მივიდნენ და ბუნებრივია ქუთაისში ლიდერთა დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მოედანზე მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა, რომლის პირველი ნახევარი იმერლებმა მღლეტელ გიორგი გოგიძის შესრულებული „დუბლით“ 12-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში კოლხთა შუამარბმა დემეტრე ჭურღულაიამ ლელოს გატანა და ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა, თუმცა თამაშის უკეთესი ორგანიზაციის მქონე ‘დინოზავრს’ უპირატესობის დაბრუნება არ გაჭირვებია. დერეფანიდან კარგად ჩამოყალიბებული მოლით 2-გზის იმერელთა კვაჭმა გიორგი ტორაძემ იხეირა, რამაც ზაზა ჩირგაძის შეგირდებს მატჩი ბონუსით მოაგებინა – 24:7. ‘დინოზავრმა’ მაქსიმალურ, 35 ქულას მოუყარა თავი და პირველი წრის შემდეგ პირველი ადგილის უშუალო კონკურენტ კოლხებს 5 ქულით გაუსწრო.

ფოთელთა წაფორხილებით მესამე ადგილზე მყოფმა ვანის ‘აიეტმა’ ისარგებლა. ვანელებმა საკუთარ არენაზე ბათუმის ‘მეკობრეებს’ დაძაბულ ბრძოლაში 36:17 აჯობეს. აჭარლებმა მასპინძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ტაიმ-ნახევარი უწიეს და 3 ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა ვანელებმა სტატიკაში იძალეს, მეტოქე მრავალგზის დააჯარიმეს და მთლიანობაში 6 ლელოს დადებაც მოახერხეს. ‘აიეტის’ რიგებში „დუბლით“ ფრთა დუტა ხურციძე გამოირჩა. ვანელებმა პრემიალური ქულა სწორედ ხურციძის ბოლო წუთებზე გატანილი მეორე ლელოს წყალობით მოიპოვეს.   ‘აიეტმა’ მიჯრით მესამე მოგების შემდეგ 24 ქულა დააგროვა და კოლხებთან ცხრილში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ვანელები მეორე წრეში კოლხებს საკუთარ არენაზე დაუხვდებიან, რაც ‘აიეტს’ მოწინავე ორეულში მოხვედრის გარკვეულ შანსს უნარჩუნებს.

აღმოსავლეთის ჯგუფში, მე-8 ტურის შემდეგ ‘რუსთავმა’ ლიდერობა განიმტკიცა. ქვემო ქართლელები მდევარ ‘წიქარას’ 5 ქულით უსწრებენ, თუმცა გიორგი ბარნოვის შეგირდებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ტურის შეხვედრას კალენდრით ‘სოხუმი’ ტოვებდა, რითაც კარგად ისარგებლა ‘წიქარამ’ და მეორე ადგილზე აინაცვლა. ‘პატარძეულმა’ ცხრილში ადგილი ‘გარდასახვას’ გაუცვალა და მოწინავე კვარტეტში აღზევდა. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ გარე კახელებისა და ‘გარდასახვას’ შეხვედრა იწვევს. მართალია, ‘ჭადარმა’ ზედა ექვსეულში გამავალი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა კახელებს დაკარგული ქულებით ‘ივერიელი’ აღემატება, ‘დევები’ კი უტოლდება.

ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. პირველობის ლიდერმა ‘რუსთავმა’ მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘გარდასახვას’ „ხარები არენაზე“ უმასპინძლა. ქვემო ქართლელები დაცვაში ხისტად, საიმედოდ ირჯებოდნენ და სისწრაფეზე მოპოვებულ უპირატესობასაც კარგად იყენებდნენ. ლიგის დებიუტანტის მონაგარი ფრთა თედო დევიძის 3 გატანილი ჯარიმით შემოიფარგლა. გიორგი ჯიმშელაძის შეგირდებმა კი 4 ლელოს გატანა (შუამარბი ზუკა ბენდელიანი, ბურჯი მიშა კუპატაძე, მხტომელი მიშა ყუფარაშვილი, ფრთა გიორგი სირაძე) მოახერხეს და მატჩი საშური პრემიით მოიგეს – 24:9.

‘წიქარა’ დედაქალაქურ დერბიში, „ხვამლი არენაზე“ ‘არაგველებს’ დაუპირისპირდა. ‘წიქარას’ დამრიგებელმა გიორგი ბარნოვმა ძირითადში რამდენიმე ახალბედა ჭაბუკი მორაგბე გაამწესა, რამაც მატჩის პირველ ტაიმს დაძაბულობის ელფერი მისცა. ‘არაგველების’ მგეზავ თორნიკე მეგრელიშვილის დადებულ ლელოს, მასპინძლებმა წყვილი ლელო დაუპირისპირეს.

მართალია, მეგრელიშვილმა ლელოს დადება მეორე ნახევარშიც მოახერხა, თუმცა ‘წიქარას’ მარქაფადან გაძლიერებულ შემადგენლობას ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ უწია. ბარნოვის ბიჭებმა მეორე ტაიმში 8 ლელო გაიტანეს და შეხვედრა – 66:12 მოიგეს. ‘წიქარას’ ფრთა ცოტნე ბაძგარაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა ფრთა ლუკა ბურდულმა ბოლო 7 წუთში „დუბლი“ შეასრულა.

„ხვამლი არენაზე“, ‘დევებისა’ და თელავის ‘ჭადარის’ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეტოქეებმა 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს. მართალია, ‘დევები’ ანგარიშში უპირატესობას კარგა ხნის მანძილზე ინარჩუნებდნენ, თუმცა კახელებმა მატჩის დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარეს. ,ჭადარი’ თავისი ბურჯების: გიორგი ქუსიკაშვილისა და ვასო ნანიევის ლელოთა წყალობით ბოლო წუთებზე 7 ქულით დაწინაურდა. ‘დევებმა’ ბოლომდე იბრძოლეს და მგეზავ ლუკა ასათიანის დადებული ლელოთი მატჩის ხსნის რეალური შანსიც მიეცათ, თუმცა მასპინძელთა ფულბეკ დავით ფურცელაძეს არცთუ ურიგო პოზიციიდან ანგარიშის გამთანაბრებელი გარდასახვა გაუცუდდა, რამაც სეზონში კახელების მეოთხე გამარჯვება არგუნა – 29:27.

‘პატარძეულმა’ საშინაო შეხვედრაში უშანსოდ ‘ლაშარი’ დატოვა. გარე კახელებმა აუტსაიდერთა რიგებში მყოფ მეტოქეს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვეს – 82:0. „პოკერით“ მასპინძელთა შუამარბი დავით ოთიაშვილი გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ‘პატარძეულმა’ მიჯრით მესამე შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო.