რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ზედა ექვსეული გაირკვა

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურს, ‘წიქარა’-‘დევების’ არშემდგარ მატჩსზე სრკ-ს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება უძღვოდა. კავშირის ტრიბუნალმა, რაგბის პატიოსანი თამაშის პრინციპების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მთავარი ფაქტორების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ხსენებული მატჩის ჩატარების თარიღისა და დროის განსაზღვრაში მონაწილეთა შორის არ იყო საკმარისი კომუნიკაცია და რეგიონული ლიგის მენეჯერს უმოკლეს პერიოდში აღნიშნული მატჩის ჩატარება დაავალა, რომლის შედეგი პირველი ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულს განსაზღვრავს. ‘წიქარა’, ბონუსით მოგების შემთხვევაში ლიდერობას ‘რუსთავს’ ჩამოართმევს.

44 ქულით, ცხრილის სათავეში ჯერჯერობით ‘რუსთავი’ რჩება და მდევარ ‘წიქარას’ 4 ქულით აღემატება. ‘სოხუმმა’ 39 ქულით მესამე პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა მდევარ ‘გარდასახვას’ 1 ქულითღა უაწრებს. ზედა ექვსეულში ‘პატარძეული’ და ჭადარიც’ იაპარეზებენ, თუმცა გარე კახელები და თელაველები ლიდერთა კვარტეტს შესაბამისად 13 და 14 ქულით ჩამორჩნენ და პლეი ოფში მოხვედრას მომავალ სეზონში ეცდებიან.

ზედა ექვსეული 1 წრედ, 5 ტურად ითამაშებს და 2 წარმატებული გუნდი პლეი ოფში იასპარეზებს. გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები სრულად გადაყვებათ. მეორე ეტაპზე, წყვილში ის გუნდი იქნება მასპინძელი, რომელმაც პირველი ეტაპის შეხვედრა უშუალო მეტოქესთან სტუმრად ჩაატარა.

‘დევებთან’ დაპირისპირებამდე, ‘წიქარამ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ივერიელს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით-29:0  მოიგო. პირველ ნახევარში ლელოს გატანა მღლეტელმა გიორგი მანჯუკაშვილმა მოახერხა.  მეორე ტაიმში კი გიორგი ბარნოვის შეგირდთა უპირატესობა ბურჯ თემურ თოფურიას, მარბიელ გიორგი დანელიას და შუამარბ გიორგი ექსეულიძის დადებულ ლელოებში აისახა.

„რაგბი პლატოზე“, ‘სოხუმი’-‘გარდასახვას’ ტურის გამორჩეულმა შეხვედრამ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. ‘სოხუმს’, პირველობის სადებიუტო მარცხის შემდეგ მიჯრით 8 მატჩი ქონდა მოგებული. დამდეგ შეხვედრას ‘გარდასახვაც’ ამაღლებული განწყობით ხვდებოდა. ლიგის დებიუტანტს აშკარად დაეტყო გამოცდილი და უნარიანი დამრიგებლის ლაშა აზალაძის ხელი. აზალაძემ მკვეთრად გააუმჯობესა გუნდის თამაშის ხარისხი და სათანადო პოზიტიურმა შედეგმა ‘გარდასახვას’ პლეი ოფში მოხვედრის შანსი აუმაღლა.

პირველ ტაიმში ‘გარდასახვა’ ხისტად და პრაგმატულად მოქმედებდა, თან სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მეტოქეს ხშირად აჯარიმებდა. ‘გარდასახვას’ ფრთა თედო დევიძემ თავისივე დადებული ლელო გარდასახა, 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო, მეტოქე კი ფულბეკ პაატა ღარიბაშვილის ეულ ჯარიმას დააჯერა და საკუთარ გუნდს შესვენების წინ 13-ქულიანი უპირატესობაც მოუპოვა. მეორე ნახევარში ‘სოხუმი’ გააქტიურდა, 3 ლელოს /პაატა ღარიბაშვილი, შუამარბი ფრიდონ ბაღაშვილი, მღლეტელი ლუკა ჩხაბერიძე / გატანაც შეძლო, თუმცა გაცუდებული გარდასახვების გამო მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩა-21:18.

ვაზისუბანში, ‘არაგველებს’ მოწინავე ექვსეულში ადგილ განაღდებული ‘პატარძეული’ შესუსტებული / ძირითადის 7 მოთამაშის გარეშე / და შეთხელებული შემადგენლობით, 15 მორაგბით ეწვია. მატჩის დებიუტშივე „ცრუ“ შერკინებაში ჩამდგარმა გარე კახელებმა ტრავმების გამო შეხვედრა 13 კაცის ამარა ჩაამთავრეს, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

‘არაგველები’ პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს მთლიანობაში 4-ით მეტი, 6 ლელო დაუდეს. „არაგველთა“ შუამარბმა ლევან ქარდავამ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, გარე კახელთა მარცხს კი წერტილი მხტომელ ლევან თოშხუას ლელომ დაუსვა-34:12.

„რაგბი ჭალაში“, ‘დევებმა’ პირველობაზე ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილ ‘ივერიას’ 3-ით მეტი, 5 ლელო გაუტანეს და მატჩიც პრემიით-31:10  მოიგეს. ‘დევების’ ფრთა ნიკოლოზ მეტრეველმა პირველ ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, ბონუს-ქულის მომტანი ლელო კი კვაჭ გიორგი შაკაიას ანგარიშსზეა.

„კავკასიონი არენაზე“, ჭადარმა’ ლიდერ ‘რუსთავს’ დიდი ბრძოლა გაუმართა, ფავორიტს დაგეგმილი პრემიალური ქულა არ დაანება, საკუთრივ კი სანუკვარი ნუგეშ-ქულა აიღო, რამაც კახელებს გზა ზედა ექვსეულისკენ გაუხსნა. ქვემო ქართლელთა მარბიელ ზუკა ციცქიშვილის „დუბლსა“ და კვაჭ უჩა აღაშვილის ლელოებს, მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა მასპინძლებმა, მარბიელ შალვა ხუცაიძისა და შუამარბ საბა ზათიაშვილის ლელოებით უპასუხეს, ხოლო მატჩის მიწურულს ნუგეშ-ქულის მომტანი ჯარიმა ‘ჭადარის’ მგეზავმა დიტო ცისკარიშვილმა გაიტანა-24:17.