რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთ ზონაში დაძაბულობამ იმატა

რეგიონული ლიგის რეგულარული სეზონის მე-11 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ ზონაში, პლეი ოფის მეორე საგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. 1/2-ში თამაში ზონის ლიდერ ‘რუსთავს’ პრაქტიკულად განაღდებული აქვს. ქვემო ქართლელებს თელავში, ადგილობრივი ‘ქისის’ ძლევა არ გაჭირვებიათ – 47:3. „რუსთავმა“ კახელებს 7 უპასუხო ლელო დაუდო. კახა უჩავას შეგირდთაგან გააზრებული და შედეგიანი თამაშით თორნიკე კიკნაძე გამოირჩა. სტუმართა მგეზავმა გატანილ ლელოს, 6 გარდასახვაც დაურთო. ქვემო ქართლელებმა პირველობის 10-ივე შეხვედრა მოიგეს, 49 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ, ზონაში პირველი ადგილისა და პლეი ოფის საგზურის ოფიციალურ გაფორმებას მომავალ უქმეებზე ღრმა აუტსაიდერ ‘ივერიასთან’ საშინაო შეხვედრაში ეცდებიან.

ვაზისუბანში, ‘რაშებმა’ ფავორიტ ‘დევებს’ ტოლი არ დაუდეს და მგეზავ გიორგი მიმინოშვილის გარდასახული ლელოთი ანგარიშში უპირატესობას ფლობდნენ. ‘დევებმა’ შეხვედრის შემოტრიალება შოთა და დაჩი წიწილაშვილების მეოხებით შეძლებს. შოთამ ტაიმის მიწურულს დადებული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი გამარჯვების მომტანი ლელო დაჩიმ გაიტანა – 12:7. ‘დევებმა’ 32 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს, თუმცა კონკურენტებზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული.

31 ქულით მესამე ადგილზე ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა ‘დინამომ’ აინაცვლა. სერგო რამიშვილის ბიჭებმა პრემიით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს და ამჯერზე უშანსოდ უქულოდ მყოფი აუტსაიდერი ‘ივერია’ დატოვეს – 38:7. ‘დინამომ’ მეტოქეს 6 ლელო დაუდო. „დუბლით“ მღლეტელი ლუკა ქამუშაძე გამოირჩა, ვინაც აქტივში მატჩის პირველი და ბოლო ლელოები მიითვალა.

ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში ‘წიქარა’ და ‘ივერიელი’ ერთმანეთს „რაგბი ჭალაში“ დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ‘წიქარას’ კარნახით წარიმართა. დათო სტეფანოვის ბიჭებმა 3 ლელოს გატანა მოახერხეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

გამოცდილი ვაჟა პაიჭაძის შეტანილმა კორექტივებმა ‘ივერიელს’ მეორე ნახევარში თამაშის გარდატეხის შესაძლებლობა მისცა. მარბიელმა გიორგი მაისურაძემ პირველ ტაიმში გატანილ ლელოს კიდევ ერთი წაუმატა, მატჩის მიწურულს კი ‘ივერიელის’ მორიგი მძლავრი მიძალებით კვაჭმა მალხაზ ჯავახიამ იხეირა, ვისმა დადებულმა ლელომ ‘ივერიელს’ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა – 21:17, ‘წიქარა’ კი  მხოლოდ ნუგეშ-ქულას დააჯერა. მარცხისა და მეხუთე ადგილზე დაქვეითების მიუხედავად, 28 ქულის მქონე ‘წიქარა’ პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებს.

‘ივერიელმა’ ცხრილში ‘წიქარას’ 1 ქულით გადაასწრო და იმის მიუხედავად, რომ  მეოთხე ადგილზე იმყოფება, სანუკვარ ორეულში მოხვედრის არცთუ ურიგო შანსს ინარჩუნებს. ვაჟა პაიჭაძის ბიჭები დაკარგული ქულებით ‘დევებს’ ასწრებენ, მესამე ადგილზე ანაცვლებულ ‘დინამოსთან’ კი მომავალ უქმეებზე გადადებული შეხვედრის გამართვა მოუწევთ.

აღმოსავლეთ ზონისგან განსხვავებით, დასავლეთში პრაქტიკულად მოწინავე ორეული გარკვეულია. განვლილ ტურში ლიდერმა ჭიათურას ‘მათემ’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ მორიგ წარმატებას ბონუს-ქულათა თანხლებით მიაღწიეს.

ჭიათურას ‘მათემ’ გასვლით შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი ‘ზესტაფონი’ თერჯოლაში იოლად დაამარცხა – 48:0. ნაწვიმარ, ატალახებულ მოედანზე გუნდები ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ, სადაც ზემო იმერლებს საგრძნობი უპირატესობა ქონდათ, რაც გოჩა კვაჭანტირაძის შეგირდთა 8 უპასუხო ლელოში აისახა. მარქაფადან ჩართულმა ჭიათურელთა ბურჯმა თეიმურაზ შეყილაძემ „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა.

ზემო იმერლებმა პირველობაზე ჩატარებული ცხრავე შეხვედრა მოიგეს, 44 ქულით ლიდერობენ, მდევარ კოლხებს 2 ქულით უსწრებენ და თან მეტოქეზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

‘კოლხი რაინდებმა’ რეგიონულ დერბიში ‘ზუგდიდს’ საშინაო შეხვედრაში 9 ლელო დაუდეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 53:10 მოიგეს. კოლხთა რიგებში გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი ირაკლი სასანია გამოირჩა. მასპინძელთა 33 წლის ფრთამ „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა.

კოლხები მესამე ადგილზე ანაცვლებულ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ 12 ქულით უსწრებენ. იმერლებმა ბათუმში ქედელი ‘ფირალების’ დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს – 25:19 და დამდეგ უქმეებზე გადადებულ შეხვედრაში ზონის ერთ-ერთ აუტსაიდერ სამტრედიის ‘ფენიქსს’ წყალტუბოში უმასპინძლებენ.