რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ლიდერებად ‘წიქარა’ და ‘რუსთავი’ რჩებიან

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ ‘წიქარამ’ და ‘რუსთავმა’ თანალიდერობა შეინარჩუნეს. ლიდერთა დუეტს 2 ქულით ‘სოხუმი’ ჩამორჩება. მოწინავე კვარტეტში ადგილი ‘გარდასახვამ’ გაიმყარა და რეგულარული სეზონის შუალედური ფინიშის დასკვნით ტურში გამორჩეული უდაოდ ‘სოხუმისა’ და გარდასახვას’ დაპირისპირება იქნება. ‘გარდასახვა’, ‘სოხუმს’ 4-ით, ლიდერებს კი 6 ქულით ჩამორჩება.

‘პატარძეულმა’, სეზონში მეოთხე მარცხის მიუხედავად ზედა ექვსეულში ადგილი ვადამდე დაიბევა. მოწინავე ექვსეულის ბოლო მონაწილე დასკვნით ტურში გაირკვევა. მართალია, მეხუთე ადგილზე მყოფ ‘ჭადარს’ ‘რუსთავთან’ უმძიმესი საშინაო შეხვედრა ელის, თუმცა კახელთა მდევარი ‘ივერიელი’ კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. ‘ივერიელმა’ საწადელის მისაღწევად პირველობის კიდევ ერთ ლიდერ ‘წიქარას’ პრემიალური ქულით უნდა მოუგოს და თან დამდეგ ტურში ‘ჭადარი’ სამატჩო ქულების გარეშე უნდა დარჩეს.

ლიგის ბოლოსწინა, მე-9 ტური არასრული გამოდგა. „ხვამლი არენაზე“, ‘წიქარა’-‘დევების’ დედაქალაქური დერბი არ შედგა. ზედა ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსის ქონის მიუხედავად, ‘დევებმა’ პირველობის ერთ-ერთ ლიდერთან  მატჩში სამონაწილეოდ სათანადო ოდენობის მოთამაშეთა თავმოყრა ვერ შეძლეს, რის გამოც დებულების თანახმად ‘წიქარას’ პრემიალური ქულის თანხლებით, ტექნიკური ანგარიშით 30:0 მოგება გაუფორმდა.

ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა ‘რუსთავმა’ ქვემო ქართლის დედაქალაქში ‘ივერიელს’ უმასპინძლა, ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო გაუნაწილა და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით 38:0 მოიგო. ქვემო ქართლელთა კაპიტანმა და მარბიელმა ზუკა ციცქიშვილმა შეხვედრის დებიუტში „დუბლი“ შეასრულა, მატჩის მიწურულს კი მარქაფადან ჩართული მასპინძელთა ფრთა არჩილ კაპანაძე ასევე წყვილი დადებული ლელოთი გამოირჩა.

„ხვამლი არენაზე“, ‘სოხუმი’-‘პატარძეულის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა არასრულფასოვანი გამოდგა. გარე კახელებმა მუხიანს მხოლოდ 14 მორაგბით მიაშურეს და ტრავმების გამო შეხვედრა სულაც 12 კაცის ამარა ჩაამთავრეს. აღნიშნულმა გარემოებამ ‘სოხუმს’ პრემიალური ქულით გამარჯვება გაუმარტივა.

‘სოხუმის’ მღლეტელმა ლუკა ჩხაბერიძემ და ფულბეკმა მიხეილ გოცირიძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ გაიფორმეს და შესვენებაზე ფავორიტი 26-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ნახევარში გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭებმა მონაგარს კიდევ 2 უპასუხო ლელო წაუმატეს და ფავორიტმა მატჩი „მშრალი“ ანგარიშით, 38:0 მოიგო.

ტურის დასკვნითი შეხვედრაც „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. ‘გარდასახვას’, პირველობის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ‘ლაშარმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ფავორიტის განუზომელი უპირატესობა 15 გატანილ ლელოსა და ასტრონომიულ ანგარიშში ნათლად აისახა – 97:0. ‘გარდასახვას’ მხრიდან „დუბლი“ კვაჭმა მიხეილ ლაცაბიძემ, ფრთა საბა ალთუნაშვილმა და მგეზავმა ლუკა ჭანკვეტაძემ შეასრულეს. ჭანკვეტაძემ 11 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ შეიქნა.