რაგბი ევროპა | ესპანეთთან მატჩის დღე

დღეს საღამოს, საქართველოს დროით 22 საათზე ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ტორელავეგაში, მასპინელ ესპანეთთან გამართავენ.

ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, თუმცა ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და ვინ ისარგებლებს 4, ან 5 მარტს მასპინძლის უფლებით. ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის მატჩში გადაწყდება როგორ განაწილდება პირველ-მეორე ადგილი „ბ“ ჯგუფში და შესაბამისად, როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც იბერიელებს 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 23 შეხვედრიდან 12 შინ გავმართეთ და 11 სტუმრად, მოვიგეთ 19, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 2012 წელს.

ესპანელებმა სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს – 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა. საქართველოს ტორელავეგაში აქამდე არასდროს უთამაშია.

ბორჯღალოსნებმა ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს მოუგეს – 60:0 „მიხეილ მესხზე“. ბოლო 11 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ისე მოხდა, რომ შარშანდელი ჯახი ბოლო ტურს დაემთხვა, ერთგვარ არაოფიციალურ ფინალს წარმოადგენდა, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა კარგი, სანახაობრივი რაგბი აჩვენეს, დამაჯერებლად, 49:15 გაიმარჯვეს და თასი მე-14-ედ შემართეს.

მომავალი შეხვედრის წინ ბორჯღალოსნებმა შეკრება პორტუგალიაში გაიარეს. გუნდს უბრუნდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ტორელავეგაში, „ელ მალეკონის“ 6-ათასიან სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მორაგბეებმა მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.

გურამ პაპიძე: „ნაყოფიერი კვირა გვქონდა და მაქსიმალურად ვეცდებით, ვარჯიშზე გავლილი დეტალები კარგად გადავიტანოთ თამაშში. ესპანეთი ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, რაზეც კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. უყვართ არეული და პროვოკაციული თამაში. მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში დავრჩეთ და დავალებებს მივყვეთ“.

ლუკა მატკავა: „ესპანეთი ჩვენს შემდეგ ჯგუფის ფავორიტია. ის უფრო ლაღი და გამოცდილი გუნდია, ვიდრე გერმანია და ნიდერლანდები. რომ არა დაუდევრობა, ესპანეთი 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და მაქსიმალურად ვეცდებით სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
„ა“ ჯგუფი. მესამე ტური
18 თებერვალი. ტორელავეგა. 22:00 (საქ. დრო)
ესპანეთი საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).

 

გუნდები თამაში მოგება ფრე წაგება +/- ქულები (ბონუსი)
საქართველო 2 2 0 0 115-20 10 (2)
ესპანეთი 2 2 0 0 60-34 9 (1)
ნიდერლანდები 2 0 0 2 28-68 0 (0)
გერმანია 2 0 0 2 26-107 0 (0)