რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია რუსეთთან მატჩის წინ

კალინინგრადში რუსეთთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კი, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

იმის გამო, რომ ესპანეთთან მადრიდში 14 მარტს ვითამაშეთ, ხოლო რუსეთს 20 მარტს შევხვდებით, საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ნაკლები დრო ქონდა, განსაკუთრებით გადაფრენების ფონზე:

„წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა – სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით“.

„ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ“ – ამბობს მაისაშვილი და მეტოქის ძალებს აფასებს:

„რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ“.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ამინდი ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება. ასევე ამბობს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქცენტი ახალგაზრდების გამოცდაზე და შეტევაზე კეთდება:

“ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით“.

„რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება“.

„დათვებთან“ განვლილი მატჩის შესახებ კითხეს გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელიც ამა წლის 7 თებერვალს თბილისში გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 16:7:

„ეს თამაში სასურველი სხვაობით ვერ მოვიგეთ, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. რუსეთთან მოგება მარტივი არასდროს ყოფილა და ჩვენ ამისთვის ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა. რაც შეეხება ბოლო თამაშს, ბევრჯერ დავჯარიმდით და კონკრეტულ მონაკვეთებში, ვერ შევძელით დომინირება, რის გამოსწორებასაც ხვალ ვეცდებით. გარდა ამისა, თავად მსაჯმაც აღიარა, რომ ერთი ნაღდი ლელო შეცდომის გამო არ ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში ანგარიში ბევრად კომფორტული იქნებოდა“.

შარიქაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მორაგბეები უკვე არიან კარგი შემსრულებლები და ასეთ თამაშებში კიდევ უფრო გაიზრდებიან:

„გუნდში საოცარი ატმოსფეროა და ახალგაზრდების ინტეგრირება ძალიან კარგად მიდის. შეცდომებს ახალგაზრდა მოთამაშეებიც უშვებენ და გამოცდილებიც, თუმცა ამის გამო არავინ არავის საყვედურობს. ეს ბიჭები უკვე არიან კარგი მოთამაშეები და გამოცდილების მიღებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდებიან“.

შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებისა და დათვების შეხვედრა კალინინგრადში 20 მარტს, საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: ანასტასია ოსიპოვა