რაგბის კავშირის აჭარის ფილიალს ილია ვერძაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რაგბის კავშირმა აჭარის ფილიალის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გამგეობამ მხარი დაუჭირა და მის ხელმძღვანელად ილია ვერძაძე დაამტკიცეს.

53 წლის ვერძაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მას რაგბთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და ფინანსურად თუ მატერიალურად, არაერთხელ დახმარებია სპორტის საყვარელ სახეობას.

„რაგბის კავშირის აჭარის ფილიალი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მისი ფუნქციონირება შეჩერებული იყო და 5 ნოემბრის გამგეობის სხდომაზე ერთ-ერთ პირველ საკითხად მისი აღდგენა განვიხილეთ. ფილიალი ცენტრალურ რაგბის კავშირთან კოორდინაციაში დაისახავს პრიორიტეტებს. ეს არის რეგიონში რაგბის განვითარება, ბავშვთა რაგბის ხელშეწყობა, სამსაჯო და სამწვრთნელო გადამზადების კურსების ორგანიზება, ფინანსების სწორად განაწილება, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. აუცილებელი იყო, რომ მიზნების მისაღწევად რეგიონში ჩვენი წარმომადგენელი გვყოლოდა, ნეიტრალური ადამიანი, რომელიც არცერთ კლუბს არ მიეკუთვნება და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. სწორედ ასეთია ილია, რომელიც დიდი ნდობითაა აღჭურვილი და მას წარმატებებს ვუსურვებ“ – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ დავით კაჭარავამ.

ილია ვერძაძემ იმ მიზნების შესახებ ისაუბრა რის განხორციელებასაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რაგბის კავშირთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება:

„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ რაგბის ხელშეწყობა და განვითარებაზე ზრუნვა ნებისმიერი ქართველისთვის საპატიო საქმეა, რადგან ეს სპორტი თავისი ვაჟკაცობით და წესებითაც კი, ქართულ იდენტობასთანაა გაიგივებული. რაგბის კავშირის გაცხადებული მიზანი სპორტში ჩართული ბავშვების რაოდენობის ზრდა და მათზე ზრუნვაა, რაც სააღმზრდელო ფუნქციაცაა. რაგბი მეგობრობას, გვერდში დგომას, საერთო მიზნისკენ ერთად სწრაფვას ასწავლის და ამის შესანიშნავ მაგალითს იძლევა“.

„ყოველთვის ვცდილობდი, რომ აჭარაში სპორტს და რაგბს დავხმარებოდი და ამ გადაწყვეტილებასთან ჩემი დაკავშირება ბუნებრივად მოხდა. აჭარის ფილიალის აღდგენის შემდეგ, რაგბის კავშირთან კოორდინირებული მუშაობით რამდენიმე პრინციპული საკითხის გადაჭრას ვეცდებით. აჭარული კლუბები საკუთარ საქმეს კარგად აკეთებენ, თუმცა ადგილობრივი ბაზის განვითარების კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი. იმედია, რომ რეგიონში რაგბში ჩართული ბავშვებისა და კლუბების რაოდენობა გაიზრდება. მით უმეტეს, რომ რაგბის კავშირში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, თვისობრივად შეიცვალა მიდგომები და გააქტიურდა სხვადასხვა მიმართულებები. აჭარაში ექვსი ახალი მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და ეს ავტონომიურ რესპუბლიკაში სარაგბო ცხოვრებას გამოაცოცხლებს“.