პირველ ლიგაში ასვლაზე | ‘ჯიქმა’ მოიგო, თუმცა მთავარი ბრძოლა წინაა

პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘რუსთავი’-‘ჯიქის’ 2-რაუნდიანი შეხვედრები არკვევს. მართალია, ‘ჯიქმა’ წლეულს მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, თუმცა მეზობელ თორელებთან მოპოვებული გამარჯვება პირველ ლიგაში ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. ‘რუსთავი’ კი რეგონული ლიგის ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში ჭიათურას ‘მათესთან’ განცდილმა მარცხმა, ქვემო ქართლელებს ზედა ეშელონში მოხვედრის მეორე შანსად, პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანთან დაპირისპირება არგუნა.

დებულების თანახმად, 2-რაუნდიანი პაექრობის პირველი რკენა ქვედალიგელი გუნდის სტადიონზე იმართება და შესაბამისად, ‘რუსთავი’-‘ჯიქის’ ქართლური დერბის პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქის, „ხარები არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უაღრესად დაძაბული დაპირისპირება მეტად შედეგიანი გამოდგა. გუნდები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და გატანილ ლელოთა უმეტესობა მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგი გახლავთ. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქენი სათამაშო დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ, რის გამოც ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი მატჩის საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია.

შეხვედრის საწყისი 30 წუთი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ‘ჯიქის’ მარბიელმა ამირან სახელაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, რამაც შიდა ქართლელებს 9-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ‘რუსთავი’ ტაიმის დარჩენილ დროში საგრძნობლად გააქტიურდა და მასპინძელთა მხრიდან პირველი ლელოს გატანა კვაჭმა უჩა აღაშვილმა მოახერხა. ქვემო ქართლელთა მგეზავმა თორნიკე კიკნაძემ კი ზუსტ გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდიც დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ‘ჯიქის’ კაპიტან გიორგი ჭავჭავაძის გატანილი ჯარიმით, სტუმრები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით წავიდნენ – 15:13.

მეორე ტაიმში ‘ჯიქმა’ კიდევ 3 ლელოს გატანა მოახერხა (ფრთა გიორგი შიუკაშვილი, შუამარბები სანდრო ანჯაფარიძე და გიორგი ჭავჭავაძე), 18-ქულიანი სხვაობით (34:16)  დაწინაურდა, თუმცა ესოდენ სოლიდური უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება სათამაშო დისციპლინის დარღვევისა და გადაღლილობის გამო ვერ მოახერხა.

შეხვედრის ბოლო 10 წუთში მოთამაშის სინბინი სტუმრებს ძვირად დაუჯდათ. ‘რუსთავმა’ რიცხობრივი უპირატესობიდან მაქსიმუმი გამოადნო და ბოლო წუთებზე მიჯრით წყვილი ლელოს გატანა შეძლო. უჩა აღაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, თორნიკე ალავიძის დადებულმა ლელომ კი ქვემო ქართლელებს, მეორე მატჩის წინ საერთო წარმატების შანსი შეუნარჩუნა – 34:28 ‘ჯიქის’ სასარგებლოდ.

საპასუხო შეხვედრა, რომელიც პირველი ლიგის საგზურის მფლობელს გამოავლენს, შიდა ქართლის დედაქალაქის ჭალის დასახლებაში მომავალ უქმეებზე გაიმართება.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე