პირველ ლიგაში ასვლაზე | ‘ჯიქმა’ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

მომავალი სეზონის პირველი ლიგის დასკვნითი ბინადარი გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ბუნებრივსაფარიან სარაგბო არენაზე გაირკვა. ‘ჯიქი’-‘რუსთავის’ 2-რაუნდიანი ქართლური დერბის პირველი რკენა შიდა ქართლელებს სტუმრად 34:28 ქონდათ მოგებული და საერთო წარმატების მისაღწევად, რეგიონული ლიგის დებიუტანტ ქვემო ქართლელებს სულ მცირე გარდასახული ლელოს სხვაობით გამარჯვება ჭირდებოდათ.

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებმა საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, რის ხარჯზე ‘ჯიქის’ უკანა ხაზი პროდუქტიულად ათამაშდა და თან გორელი მორკინალები მოლსაც უკეთ კრავდნენ. ‘ჯიქის’ წარმატებას სათავე ფულბეკ ბექა ბრეგვაძის ლელომ დაუდო. მასპინძელთა მარბიელმა ამირან სახელაშვილმა ლელოს გატანა პირველი შეხვედრის მსგავსად ამ ჯერზეც მოახერხა. ორივე გარდასახვა ‘ჯიქის’ კაპიტანმა და შუამარბმა გიორგი ჭავჭავაძემ გამოიყენა. ‘რუსთავი’ მედგრად იბრძოდა და ტაიმის მიწურულს მხტომელმა მიხეილ ქუფარაშვილმა დადებული ლელოთი თავის გუნდს პირველი სამატჩო ქულები მოუტანა – 14:5.

მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთიც გორელთა კარნახით წარიმართა. გიორგი ჭავჭავაძემ მასპინძელთა ბურჯ ნიკა ნაზარაშვილის ლელოც გარდასახა, ხოლო მგეზავ ნიკა შანიძის გატანილი ჯარიმით საათის თავს ‘ჯიქის’ უპირატესობამ 19 ქულას უწია. აღნიშნული მომენტისთვის ‘ჯიქმა’ ტრავმების გამო, 4 საკვანძო მოთამაშე მოისაკლისა (მათ შორის კაპიტანი გიორგი ჭავჭავაძე და მოთამაშე-მწვრთნელი გიორგი კლიმიაშვილი), რამაც მოედანზე ვითარება კარდინალურად შეცვალა.

გააფთრებული ‘რუსთავი’ სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. მარქაფადან ჩართულმა ქვემო ქართლელთა შუამარბმა თორნიკე ალავიძემ ლელოს გატანა მეორე შეხვედრაშიც მოახერხა. მატჩის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე სტუმართა კიდევ ერთმა შუამარბმა ალექსანდრე ტურაშვილმა შეძლო ლელოს გატანა. ‘რუსთავის’ მგეზავის ნიკა ბეჟუაშვილის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვებმა და ანგარიშის სხვაობის 5-ქულამდე შემცირებამ ქვემო ქართლელებს საერთო წარმატების ნაპერწკალი გაუღვივა.

ღონემიხდილი ‘ჯიქი’ თავს უპირატესად ხშირი ჯარიმების ხარჯზე იცავდა, რის გამოც მასპინძლებს ბოლო 10 წუთში 3 მოთამაშე გაუსინბინეს, თუმცა სტუმრებმა ესოდენ სოლიდური უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს. ‘რუსთავი’ გამარჯვებისკენ გადამეტებულმა სწრაფვამ დააღალატა. ქვემო ქართლელთა მხრიდან აღნიშნულ პერიოდში ტექნიკურმა წუნმა იმატა, რამაც ‘ჯიქს’ პოზიტიური ანგარიში შეუნარჩუნა – 24:19. ‘ჯიქმა’, 2 მატჩის ჯამური ანგარიშით (58:47) იმარჯვა და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ პლეი აუტის წინ ‘ჯიქს’ წვრთნისა და მზადების საუცხოო პირობები შეუქმნა. გორელები მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის საგრძნობ გაძლიერებასა და ძველი დიდების აღდგენის პროცესის დაწყებას გეგმავენ. ბოლო 6 სეზონის მანძილზე ‘ჯიქმა’ ეროვნულ ჩემპიონატში 3 პოდიუმი გაახერხა, 2017 წელს სულაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა შემდგომი სუბიექტურ გარემოებათა გამო გუნდს ქვედა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე მოუხდა ზრუნვა, რასაც ნიკო ჭავჭავაძისა და გიორგი კლიმიაშვილის შეგირდებმა თავი წარმატებით გაართვეს.