პირველი ლიგა | ‘ჭადარს’ და ‘დინოზავრს’ სამეულში მოხვედრის შანსი შერჩათ

‘ა’ ჯგუფი

პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მეცხრე ტური ქუთაისში, ‘ბაგრატისა’ და ‘არმიას’ დაპირისპირებით დაიწყო. რიონისპირელები მოწინავე ექვსეულში მოსახვედრად, თუნდაც კინკილა ქულას ჰაერივით საჭიროებდნენ, მედგრადაც იბრძოლეს, თუმცა ფავორიტთან ვერაფერს გახდნენ. მატჩი ‘არმიელებმა’ პრემიით  31:5 მოიგეს და ჯგუფის ლიდერობაც განიმტკიცეს.

‘არმიამ’ უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვა. ‘არმიელები’ ოვალის გათამაშებას მაღალ სიჩქარეზე ლამობდნენ და მასპინძლებს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ, რაც  3 გატანილ ლელოში აისახა. ‘არმიას’ კაპიტანმა და მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა პირველ ტაიმში ‘დუბლი’ შეასრულა. შესვენების წინ ‘ბაგრატის’ ფრთა ბონდო ფრუიძის ლელომ რიონისპირელებს ნუგეშის აღების შანსი შეუნარჩუნა. მეორე ტაიმში ლაშა აზალაძის შეგირდებმა დაცვაში თამაში მეტად გაამკაცრეს, მხტომელ სოლომონ ქარუხნიშვილისა და ფულბეკ რამაზ ჯინაშვილის ლელოთა წყალობით მატჩი ბონუსით მოიგეს.

ნავთლუღში, ‘შევარდენის’ არენამ მიჯრით 2 შეხვედრას უმასპინძლა. თელავის ‘ჭადარს’ სანუკვარ სამეულში მოსახვედრად ხელს, დარჩენილ ორივე შეხვედრაში ბონუსით მოგება და მაქსიმალური შედეგის ჩვენება აძლევდა. გია ჭუმბურიძის შეგირდებმა ‘დინამოსთან’ პირველ ნომრად თამაშზე პრეტენზია მატჩის პირველივე წუთებიდან განაცხადეს და ტაიმში 3 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს. მეორე ნახევარში კახელთა ფრთა ლუკა ღოღელიშვილმა თავის მეორე ლელოთი ‘ჭადარის’ უპირატესობა გაამყარა. ‘დინამომ’ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და ჰავბეკმა გიორგი ხვიჩიამ მოლის წყალობით პრესტიჟის ლელოს გატანაც მოახერხა 22:5. მართალია სერგო რამიშვილი შეგირდები რიგ შეხვედრებში ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, თუმცა ქართული რაგბის უხნესი გუნდი სანუკვარ გამარჯვებას ვერაფრით ახერხებს და 2 ქულის ამარა მყოფი‘დინამო’ პირველ ეტაპს ჯგუფის აუტსაიდერის რანგში ასრულებს.

‘ივერიას’ მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად,‘ხვამლთან’ დაპირისპირებაში სულ მცირე ნუგეშის აღება ესაჭიროებოდა, თუმცა ფავორიტთან ვერაფერი გააწყო – 54:6. მუხიანელები მეტოქეს თამაშის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და 8 ლელოს გატანაც უპრობლემოდ მოახერხეს. ‘ხვამლის’ ფრთა საბა ინალიშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ გაახერხა, შუამარბმა ზურა ლუტიძემ კი ‘დუბლი’ შეასრულა. დასკვნითი ტურის წინ მუხიანელები ჯგუფის ლიდერ ‘არმიას’ ცხრილში კვლავ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ჯგუფის მესამეადგილოსანი დასკვნით ტურში გაირკვევა. თუკი ‘ბაგრატმა’, ‘ხვამლთან’ მუხიანში მატჩი უქულოდ დაასრულა, ასეთ შემთხვევაში ყველაფერს თელავში, ადგილობრივი ‘ჭადარისა’ და ‘ივერიას’ შეხვედრა გაარკვევს. კახელები ბონუსით მოგების შემთხვევაში ფინალურ ექვსეულში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. თავის მხრივ‘ივერია’, ბონუსის აღების შემთხვევაში ‘ბაგრატს’ გაუთანაბრდება, თუმცა ვაჟა პაიჭაძის ბიჭები უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში რიონისპირელებს ვერ გადაასწრებენ. ‘ჭადარს’ კი ‘ბაგრატთან’ პირისპირ ბალანსი უკეთესი აქვს და ქულებით გატოლების შემთხვევაში, კახელები ცხრილში იმერლებზე მაღლა დადგებიან.

‘ბ’ ჯგუფი

ჯგუფის ლიდერმა ‘ყაზბეგმა’ ოზურგეთში რთული გამარჯვება მოიპოვა. მოხევეებმა მატჩი ‘მშრალი’ ანგარიშით  19:0 მოიგეს და დაგეგმილი პრემიაც აიღეს, თუმცა გოჩა ჩქარეულის შეგირდები, ბორჯღალოსნების მეკო კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის ძირითადში ყოლის მიუხედავად, მასპინძლების მხრიდან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ და მატჩის ბედიც მხოლოდ ბოლო 5 წუთში გადაწყდა.

‘არწივები’ მოწინავე სამეულში მოსახვედრ ნუგეშის აღებას ეშურებოდნენ და მიზანთან ახლოს იყვნენ, თუმცა გურულების მგეზავ ლევან ხუროშვილს დარტყმა არ წაუვიდა. მასპინძელთა პივოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან რამდენიმე ჯარიმა გააცუდა. აღსანიშნავია ‘ყაზბეგის’  19  წლის მარბიელ ლუკა ჩქარეულის გააზრებული და შედეგიანი თამაში. ჭაბუკმა მოხევემ ხელდახელ თამაშში წყვილი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო შუამარბმა გურამ ყენიამ კი აგორებული მოლით დადებული ლელოთი საკუთარ გუნდს ბონუს-ქულა არგუნა. ‘ყაზბეგმა’ სეზონში ჩატარებული ცხრავე მატჩი მოიგო და პრემიის აღება მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა.

ასპინძაში, ‘ტაომ’ ჭიათურის ‘იმერეთს’ უმასპინძლა. მესხებმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და დაგეგმილი პრემიით  55:7 მოგებით, სეზონის მთავარი ამოცანაც წარმატებით გადაჭრეს. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა 28 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში ვადამდე გაინაღდეს. ‘ტაომ’ 8 ლელოს გატანა მოახერხა. მესხების მხტომელმა გოჩა სახამბერიძემ პირველ ტაიმში ‘დუბლი’ შეასრულა. წყვილი ლელოს გატანა მასპინძელთა ფრთა გიორგი ბაკურაძემაც შეძლო.

ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთმა უქულოდ მყოფმა ‘დევებმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა პოზიტიური შედეგის მიღწევა ვერ მოახერხეს. ავჭალის სარაგბო არენაზე, მეორე ნახევრის დებიუტში მგეზავ ირაკლი ხვედელიანის ლელოთი, წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ აუტსაიდერი მინიმალური სხვაობით დაწინაურდა. გოჩა ჩირგაძის ბიჭები დროულად გამოფხიზლდნენ, დაცვას მეტი ყურადღება დაუთმეს, სიჩქარესაც უმატეს და დარჩენილ დროში გატანილი 4 ლელოთი მატჩი საშური პრემიით  32:11 მოიგეს და მოწინავე სამეულში მოხვედრის გარკვეული შანსიც შეინარჩუნეს. იმერელთა რიგებში ‘დუბლით’ მარბიელი გიორგი გოგიძე გამოირჩა.

‘ბ’ ჯგუფიდან ფინალური ექვსეულის კიდევ ერთი მონაწილე დასკვნით ტურში, ქუთაისში  გასამართ ‘დინოზავრისა’ და ‘არწივების’ შეხვედრაში გაირკვევა. ‘დიზოვარს’ საწადელის მისაღწევად პრემიით  /თან მეტოქემ ნუგეშიც არ უნდა აიღოს/, ან სულ მცირე 20 ქულის სხვაობით მოგება მართებს, რაც ტოლ-სწორ მეტოქესთან პაექრობაში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.