პირველი ლიგა | ფავორიტებმა მეორე ეტაპი მოგებით დაიწყეს

ზედა ექვსეულის პირველი ტური ოზურგეთში, ადგილობრივი ‘არწივებისა’ და ‘არმიას’ დაპირისპირებით დაიწყო. ‘არმიელებმა’ მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს. ფრთა ბექა მაჭარაშვილისა და შუამარბ ლაშა დონაძის ‘დუბლით’ ფავორიტი შესვენებაზე 28-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ნახევარში კიდევ ერთი ‘დუბლი’ ‘არმიელთა’ მეორე ფრთა ოთარ მჟავიამ შეასრულა. ლაშა აზალაძის შეგირდებმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანეს და მატჩიც დაგეგმილი პრემიით 59:10 მოიგეს. ‘არმიამ’ 21 საცხრილო ქულა მოაგროვა და მდევარ ‘ხვამლთან’ უპირატესობა 3-ქულამდე გაზარდა.

გურულები ბოლომდე იბრძოდნენ და პრესტიჟის ლელოს გატანა მასპინძელთა მხტომელმა ლაშა ზაქარაძემ შეხვედრის მიწურულს მოახერხა, რომელიც ‘არწივების’ დამრიგებელმა კახა მაჩიტიძემ გარდასახა! ‘ჩიჩმია’ მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა. პირველი თაობის ბორჯღალოსანი, 51 წლის კახა მაჩიტიძე  ქართული რაგბის დამოუკიდებლობის დღიდან ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მორაგბეა, ვინაც მონაწილეობა ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო.

‘ხვამლი’, მუხიანში ‘ტაოს’ მასპინძლობდა და დაგეგმილი პრემიის აღება ვერ მოახერხა. მეტიც, მესხები მეორე ნახევარში მგეზავ ოთარ ტალახაძის გატანილი ჯარიმით 29:28 დაწინაურდნენ. შეხვედრა უხვლელოიანი და თვალსასეირო  გამოდგა. მეტოქეებმა ჯამში 9 ლელო გაიტანეს (‘ხვამლმა’ ერთით მეტი) და მატჩი მუხიანელებმა 42:29 მოიგეს.

‘ტაომ’ სეზონის მთავარი ამოცანა-ლიგაში დარჩენა წარმატებით გადაჭრა და მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდები ზედა ექვსეულის შეხვედრებს ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი ატარებენ. მასპინძელთა რიგებში იგრძნობოდა უნიჭიერესი ფულბეკის დავით ნინიაშვილის არყოფნა. დავით ცხვედიანის შეგირდებმა უპირატესობა მძლავრი შერკინებით დაიბრუნეს და მატჩის დასკვნით მონაკვეთში ჰუქერ ლუკა პეტრიაშვილის შესრულებული ‘დუბლით’ დაძაბულ ბრძოლაშიც იმარჯვეს.

ექვსეულის ლიდერი ‘ყაზბეგი’ კი  თელავში ‘ჭადარს’ ესტუმრა და მატჩი დაგეგმილი ბონუსით, 55:5 მოიგო. კახელთა გამოცდილი დამრიგებელი გია ჭუმბურიძე პრაქტიკულად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ახალბედათა გამოცდის მიზნით შემადგენლობის როტაციას მიმართავს. აღნიშნულმა გარემოებამ მოხევეთა თავკაც გოჩა ჩქარეულს ასევე მარქაფას საქმეში ხილვის შესაძლებლობა მისცა. მოხევეთა ლიდერებს  მეკო კვირიკაშვილსა და ირაკლი ყიასაშვილს დიდმა ოფლისღვამ არ მოუწიათ და ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა 1 ტაიმი წაითამაშეს.

‘ყაზბეგი’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და შესვენებაზე  31-ქულიანი სხვაობით წავიდა. ჩქარეულის შეგირდებმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანეს. ფრთა გელა ელოშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ გაახერხა. ‘ჭადარმა’ ბოლომდე იბრძოლა და ფულბეკ ლუკა ნაყეურის ლელოთი ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს გადაურჩა. ‘ყაზბეგი’, სატურნირო ცხრილში მდევარ ‘არმიასთან’ 4-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას მუხიანში, ‘ხვამლისა’ და ‘ყაზბეგის’  შერკინება იპყრობს.

ქვედა ექვსეული

ჭიათურის ‘იმერეთმა’, პირველი ჯგუფური ეტაპის გადადებულ შეხვედრაში ‘დევებთან’ პრემიით 38:19 იმარჯვა და მეორე ეტაპზე, ქვედა ექვსეულში 10 საცხრილო ქულით შევიდა. ზურა ხარშილაძის შეგირდებმა პირველობის აუტსაიდერს გორში უმასპინძლეს და მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ ‘დევებს’  6 ლელო გაუტანეს. მართალია, ‘დევებმა’ მეორე ნახევარში 3 ლელოს დადება მოახერხეს და ანგარიშში ჩამორჩენა 12-ქულამდე შეამცირეს, თუმცა იმერლებს მხსნელად ფრთა ნიკა სამხარაძე მოევლინა, ვისმა მატჩის დასკვნით ნაწილში შესრულებულმა ’დუბლმა’  ჭიათურას მოგებასთან ერთად, პრემიაც არგუნა.

მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჭიათურამ  ქუთაისში, ადგილობრივ ‘ბაგრატთან’ ჩაატარა და  მატჩის მიწურულს გატანილი წყვილი ლელოთი, მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს გადაურჩა 36:12. ‘ბაგრატი’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, განსაკუთრებული პროდუქტიულობით მასპინძელთა ხაზი გამოირჩეოდა, რასაც 6 ლელო და პრემიის თანხლებით დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘ბაგრატის’ ფრთა ზურა ჩხობაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘ბაგრატმა’ 20 საცხრილო ქულა დააგროვა და ექვსეულის ლიდერსა და დარჩენაზე ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘დინოზავრს’ კვლავ 3 ქულით ჩამორჩება.

წყალტუბოს ‘დინოზავრი’, ‘შევარდენზე’ ‘დინამოს’ ესტუმრა და საშური პრემიის მომტანი ლელო ბოლო წუთებზე ფრთა ომარ ვარდანიძემ გაიტანა – 38:17. შეხვედრა ლაღი და საცქერი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ‘დინამოელებმა’ ფავორიტს პირველ ნახევარში ორი ლელო დაუდეს და იმერლები შესვენებაზე  3-ქულიან უპირატესობას დააჯერეს. ‘დინოზავრმა’ მეორე ტაიმში ტემპს უმატა და მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე სასურველი უპირატესობაც მოიპოვა.

ქვედა ექვსეულის პირველი ტური ‘შევარდენზე’, ‘დევებისა’ და ‘ივერიას’ შეხვედრით დასრულდა. ‘ივერიას’ ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს მხოლოდ ბონუსით მოგება უნარჩუნებდა, რისი მიღწევაც ვაჟა პაიჭაძის ბიჭებს არ გაჭირვებიათ 44:7. ვარკეთილელებმა 7 ლელო გაიტანეს და ‘დუბლით’ შუამარბი ლაშა სირაძე გამოირჩა. ‘ივერიამ’ პრემიით სეზონში პირველად იმარჯვა, 15 ქულა დააგროვა და ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.