პირველი ლიგა | ფავორიტები ცხრილში ერთმანეთს გაუტოლდნენ

დიდი 10-ის საგზურის მთავარი მაძიებლები ‘ყაზბეგი’ და ‘არმია’ ერთურთში უძლიერესს მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ არკვევდნენ. დაუმარცხებელ მოხევეებს ზურგს ლიდერობა და ვარჯიშზე ლეგენდარული მამუკა გორგოძის ჩატარებული მასტერ-კლასი უმაგრებდა. მიუხედავად ამისა, ‘არმიელებმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, 23:20 იმარჯვეს და ცხრილში 30 ქულით გატოლებულ მეტოქეს უკეთესი პირისპირ ბალანსით ლიდერობა ჩამოართვეს.

‘არმია’ ხისტად და პრაგმატულად ირჯებოდა. ლაშა აზალაძის შეგირდები სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე გამომუშავებულ ჯარიმათა უმრავლესობას კარში ურტყავდნენ, რამაც მთლიანობაში ‘არმიელთათვის’ სასურველი შედეგი გამოიღო. გამოცდილმა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ 6 ჯარიმა გაიტანა და მოხევეთა მარბიელ თორნიკე ფანოზიშვილისა და მხტომელ იაგო გელაძის ლელოთა მიუხედავად, საათის თავზე 5 ქულით დაწინაურდა.

მატჩის კულმინაციამ ბოლო 5 წუთს უწია. ჯერ მოხევეებმა მეტოქის 5-მეტრიანში საკუთარი დერეფანი დათმეს, რასაც ‘არმიელთა’ კონტრიერიში და მძლავრი ბიძგით, ჰუქერ ლაშა ხაჭვანის დადებული ლელო მოჰყვა. ‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა და  „გაწითლებულ“ დროში მეკო კვირიკაშვილმა ლელო შუამარბ გიორგი ასათიანს გაატანინა. გარდასხვა პირველმა ქართველმა ცენტურიონმა ზუსტად შეასრულა, თუმცა სეზონში პირველ მარცხგანცდილ საკუთარ გუნდს ამჯერად მხოლოდ ნუგეშ-ქულა მოუტანა.

თელავში, „კავკასიონი რაგბი არენაზე“, ადგილობრივმა ‘ჭადარმა’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ ერეკლე II-ს თასი მეოთხედ გაითამაშეს და ესოდენ პრესტიჟული ჯილდო კვლავ მესხებს დარჩათ. ‘ტაოს’ კაპიტანმა გივი გელაშვილმა ერეკლე ბატონიშვილის თასი რეგიონის რაგბის თავკაც, გამოჩენილი თელაველი მორაგბისა და სპეციალისტ ალექსანდრე ცისკარიშვილისგან ჩაიბარა.

ტურის უხვქულიან შეხვედრაში ქომაგმა მთლიანობაში 10 ლელო იხილა. პირველი ტაიმი მესხების დომინირებით, 3 უპასუხო ლელოთი და 21-ქულიანი უპირატესობით აღინიშნა. ‘დუბლი’-‘ტაოს’ მარბიელმა გივი ფოცხვერაშვილმა შეასრულა. მეორე ნახევარში ‘ჭადარმა’ 4 ლელო გაიტანა და მატჩის მიწურულს ანგარიშში ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა 42:28. კახელთა ჰუქერმა ნიკა მეტრეველმა წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. მასპინძელთა ოთხივე ლელო გუნდის უბერებელმა მგეზავმა თენგიზ ცისკარიშვილმა გარდასახა. კახელები პირველობის მეორე ეტაპს კვლავ უქულოდ აგრძელებენ.

ოზურგეთში, ადგილობრივმა ‘არწივებმა’ დაძაბულ ბრძოლაში ‘ხვამლის’ დამარცხება მოახერხეს 25:19, რითაც მუხიანელები ელიტას საგზურის ბრძოლას ფაქტობრივად ჩამოაშორეს. ‘ხვამლი’ ლიდერთა დუეტს 10  ქულით დაშორდა.

ნაწვიმარ, დამძიმებულ გრუნტს ალღო უკეთ მასპინძლებმა აუღეს. მეორე ნახევარში ‘არწივების’ მგეზავ მამუკა ჩანჩიბაძის  დაკიდებულ ოვალთა დიდი ნაწილი, გურულთა ფრთებმა(გოჩა ჯიქია-2; დათო ჩაუჩიძე) 3 ლელოდ აქციეს და სტუმრები მხოლოდ ნუგეშს დააჯერეს. მიჯრით მეორე გამარჯვებით გურულებმა ცხრილში მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს.

ქვედა ექვსეული

ქუთაისში, წყალტუბოს ‘დინოზავრისა’ და ქუთაისის ბაგრატის’ იმერული  დერბიში მეტოქენი განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვის მდგრადობას უთმობდნენ, ერთურთს უმ ეტესად სტატიკურ ფაზებში ერკინებოდნენ, რამაც შეხვედრის სანახაობრივი მხარე დააკნინა და მწირქულიანად აქცია. წინა ტურში ‘ივერიასთან’ მარცხმა ‘დინოზავრი’ გამოაფხიზლა და წყალტუბოელთა დამრიგებელ ზაზა ჩირგაძის შეგირდებმა ‘ბაგრატს’ უკეთესი თამაშის ორგანიზაციის ხარჯზე აჯობეს 13:3.

წყალტუბოელთა ფულბეკ ზვიად ოდიშარიას გატანილ წყვილ ჯარიმას, ‘ბაგრატის’ შუამარბმა ცოტნე კვესელავამ 1 ჯარიმით უპასუხა და შეხვედრის ბედი ‘დინოზავრის’ მხტომელ ჯაბა ჩეჩელაშვილის დადებულმა ლელომ გადაწყვიტა.  მგეზავ ოთარ ვარდანიძის გარდასახვამ კი ‘ბაგრატიც’ უქულოდ დატოვა. წყალტუბო 27 ქულით, სატურნირო ცხრილში კვლავ დაწინაურდა და დარჩენაზე ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ‘ბაგრატს’ 2 ქულით გაუსწრო.

‘ივერია’ ლიგაში დარჩენაზე პრაქტიკულად ბოლოს შანსის გამოყენებას ჭიათურაში, ‘იმერეთთან’ შეხვედრაში ცდილობდა, მატჩის მიწურულამდე იგებდა კიდეც, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა. ვარკეთილელებმა 18:16  წააგეს და პირველობის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘დინოზავრს’ 7 ქულით ჩამორჩნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჰავბეკ თემურ ვაშაძის პირველ ნახევარში შესრულებული ‘დუბლისა’ და მატჩის მიწურულს მგეზავ ნიკა კობიაშვილის გატანილი ჯარიმით ‘იმერეთმა’ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 18 ქულა დააგროვა და ‘ივერიასთან’ სხვაობა 2-ქულამდე შეამცირა.

მოუგებლად მყოფი აუტსაიდერების ‘დევებისა’ და ‘დინამოს’ შეხვედრა ქართული რაგბის უხნესი გუნდის უპირატესობით წარიმართა. ‘დინამოელებმა’, ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ სამოყვარულო კლუბს 7 ლელო დაუდეს და მატჩი პრემიით 43:10 მოიგეს. ‘დუბლით’-ფრთა თორნიკე მამულაშვილი და შუამარბი გიორგი მაისურაძე გამოირჩნენ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე