პირველი ლიგა | პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა

პირველ ლიგაში 3 გადადებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწინავე კვარტეტში მყოფმა ფავორიტებმა გამარჯვება იზეიმეს და პლეი ოფში თამაში რეგულარული სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს.

ამის მიუხედავად, მოწინავე კვარტეტს (‘არმია’, ‘ხვამლი’, ‘არწივები’, ‘ტაო’) დარჩენილ შეხვედრებში მოტივაცია სრულად უნარჩუნდება, რამეთუ მაღალი ადგილის მქონე გუნდი პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს და თან პირველ ეტაპზე შედარებით სასურველ მეტოქესაც ირგუნებს.

მოგებათა იშტაზე მოსული ‘ხვამლი’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ ესტუმრა და უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა. დავით ცხვედიანის ბიჭები უმეტესად სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშში აღემატებოდნენ მასპინძლებს. თამაში კარგი საცქერი გამოდგა, მუხიანელებმა მასპინძლებს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილეს, რომელთა დიდი ნაწილი ხაზის მოთამაშეთა ანგარიშზეა. ‘ხვამლის’ წარმატებას სათავე ფრთა ლაშა კაკაურიძემ დაუდო. მუხიანელთა მეორე ფრთა ნიკოლოზ ნოქარიშვილი მეორე ტაიმში „დუბლით“ გამოირჩა. წყვილი ლელოს გატანა ასევე ‘ხვამლის’ შუამარბმა ზურა ლუტიძემაც მოახერხა. ‘ბაგრატი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, ფრთა ზურა ჩხობაძის მიერ მატჩის მიწურულს დადებულმა ლელომ გადაარჩინა – 50:7.

‘ხვამლმა’ ბონუსით მიჯრით მეხუთე შეხვედრა მოიგო, 61 ქულა დააგროვა, ოზურგეთის ‘არწივებს’ 4 ქულით გაასწრო და ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა.   გურულები თავიანთ გადადებულ შეხვედრას მომავალ უქმეებზე მარნეულის ‘არმაზის’ წინააღმდეგ გამართავენ და წარმატების შემთხვევაში, რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე მეორე პოზიციაზე დაბრუნდებიან.

პირველობის ლიდერი ‘არმია’ „ავჭალა არენაზე“ მარნეულის ‘არმაზს’ დაუპირისპირდა. ქვემო ქართლელებს მაქსიმუმ მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი შემორჩათ, „არმიელები“ კი რეგულარული სეზონის მოსაგებად ძალას არ იშურებენ, რაც განვლილმა შეხვედრამაც ნათლად ცხადყო. მართალია, ძლიერმა ქარმა გუნდებს არაერთი პრობლემა შეუქმნა, თუმცა მეტოქეთა თავდადებულმა თამაშმა მატჩის სანახაობრივი მხარე საბედნიეროდ ვერ დააკნინა.

‘არმაზმა’ პირველობის ლიდერს ტოლი არ დაუდო და ქვემო ქართლელებმა ანგარიშში დაწინაურება ორივე ტაიმში მოახერხეს (პირველად მატჩის დებიუტში, ფულბეკ გიორგი ნავროზაშვილის, მეორე ნახევრის  შუაწელს კი მარბიელ ლუკა კოხაიას გატანილი ლელოთა მეოხებით). „არმიელებმა“ ტაიმი მღლეტელ დათო სტეფანოვის გარდასახული ლელოთი 2-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

მეორე ტაიმში „არმიელთა“ შუამარბებმა: ლადო მიმინოშვილმა და გიორგი ხარშილაძემ გამოიღეს ხელი. მიმინოშვილის გატანილი ლელოს გარდასახვა ‘არმიას’ კაპიტანმა რამაზ ჯინაშვილმა ვერ მოახერხა, რამაც საყაიმო ანგარიში შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუნარჩუნა. ‘არმია’ სტატიკაში ფლობდა უპირატესობას, ძლიერ ქარში ფეხს კარგად ხმარობდა და ეფექტურად დაკიდებული ოვალი პრაქტიკულად ბოლო შეტევაში გიორგი ხარშილაძემ ლელოდ აქცია – 22:15.

‘არმია’ 66 ქულით ლიდერობას დამაჯერებლად აგრძელებს, მდევარ ‘ხვამლს’ 5 ქულით უსწრებს და პირველობის 2 დარჩენილ შეხვედრაში (‘ბაგრატი’ და ‘ჭადარი’)  მეტოქეთა სიძლიერის გათვალისწინებით, ბექა სხულუხიას ბიჭებს რეგულარული სეზონის მოგება არ უნდა გაუჭირდეთ. ‘არმაზი’ კი აღებული ნუგეშ-ქულით ცხრილში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

პლეი ოფის კვარტეტი სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ შეავსო. მესხები, მატჩის ნომინალურ მასპინძელ თელავის ‘ჭადარს’ „ავჭალა არენაზე“ დაუპირისპირდნენ და კახელები უშანსოდ დატოვეს – 80:3. აღსანიშნავია, რომ მატჩის დებიუტში ‘ჭადარი’ ფულბეკ ლაშა სირაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდგომ ფავორიტმა კახელებს 12 უპასუხო ლელო დაუდო. მარქაფადან ჩართულმა ჰავბექმა ლევან ხუციშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა, ფრთა ლევან ბუცხრიკიძემ კი „დუბლი“ შეასრულა. უბერებელ გოშა შკინინს ლელოს გარეშე მოედანი ამჯერზეც არ დაუტოვებია. ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა კახელებს ლელო მეორე ტაიმში დაუდო.

‘ტაომ’ 56 ქულა დააგროვა, პლეი ოფი გაინაღდა და მესამე ადგილზე მყოფ ‘არწივებთან’ ჩამორჩენა ჯერჯერობით 1 ქულამდე შეამცირა. ‘ტაოს’ დარჩენილ შეხვედრებში ‘არწივებთან’ და ‘ხვამლთან’ უწევს პაექრობა, რაც მესხებს სეზონში უფრო მაღალი ადგილის დაკავების გარკვეულ შანსს უნარჩუნებს. ბოლოადგილოსანი ‘ჭადარის’ მდგომარეობა კი უკიდურესად გართულდა. ლიგიდან გასავარდნი ადგილის თავის დასაღწევად გია ჭუმბურიძის შეგირდებს სულ მცირე 1 მატჩის მოგება მაინც მართებთ. დარჩენილ შეხვედრებში კი კახელთა მეტოქენი პირველობის ლიდერები ‘არმია’ და ‘ხვამლი’ იქნებიან.

 

ფოტო: ლევან ვერძეული