პირველი ლიგა | მოწინავე სამეულმა ბონუსით იმარჯვა

მეშვიდე ტური ლოგიკური შედეგებით აღინიშნა. წყვილში ფავორიტთა გამარჯვების შემდეგ ლიდერთა სამეულში მდგომარეობა უცვლელი დარჩა. თანაც დიდი 10-ის საგზურის მაძიებელმა სამივე გუნდმა ბონუსით იმარჯვა.

პირველობაზე ყველა შეხვედრის მომგები ‘არმია’ მდევრებს, ‘არწივებსა’ და ‘ტაოს’ კვლავინდებურად 1 და 5 ქულით უსწრებს. გამარჯვებათა იშტაზე მოსულმა ‘ხვამლმა’ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო, რამაც მუხიანელებს მოწინავე კვარტეტში ანაცვლების შესაძლებლობა პირველად მისცა. არადამაჯერებელმა თამაშმა და არასახარბიელო შედეგებმა მარნეულის ‘არმაზსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ელიტაში დაბრუნების მიზერული შანსიღა დაუტოვა. აუტსაიდერთა ვინაობაც მკაფიოდ გამოიკვეთა. ‘ბორჯომს’, ჯიქსა’ და ‘ჭადარს’ ლიგაში დარჩენაზე (უმეტესად ურთიერთ შეხვედრებში) დიდი ბრძოლა მოუწევთ.

მეშვიდე ტურის გამორჩეული შეხვედრა „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. მუხიანში, პრინციპული მეტოქეები ‘არმია’და პატარძეულის ‘ვეფხვები’ დაუპირისპირდნენ. ტაიმზე მეტ ხანს ანგარიშში თანაფარდობა გახლდათ და 2 წითელი ბარათის მიღების შემდეგ 13 კაცის ამარა დარჩენილმა ‘არმიამ’  ბოლო 20 წუთში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

პირველი ტაიმი მწირქულიანი გამოდგა. პირველობის ლიდერი შესვენებაზე ფრთა გიორგი გელაშვილის გატანილი ლელოსა და მგეზავ გიორგი ბოხუას ზუსტად შესრული გარდასახვის წყალობით 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მართალია, მეორე ნახევრის დებიუტში გარე კახელებმა შუამარბ მურაზ გიორგაძის გარდასახული ლელოთი ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა მატჩის დარჩენილი ნაწილი „არმიელთა“ სრული კარნახით წარიმართა.

ბექა სხულუხიას შეგირდები შერკინებაში მძლავრობდნენ, დერეფანშიც უკეთ გამოიყურებოდნენ და ფეხით კარგი თამაშის წყალობით ოვალი საკუთარი ნახევარიდან დიდ მანძილზე გადაქონდათ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘არმიას’ ეფექტური ტაქტიკური ქმედებანი, რაც ლიდერის, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში პოზიციურად სწორ გადაწყობაში გამოიხატა. დარჩენილ დროში არმიამ 5 უპასუხო ლელო გაიტანა და მატჩი ბონუსით – 41:7 მოიგო. გიორგი გელაშვილის მსგავსად, „დუბლის“ შესრულება „არმიელთა“ მარბიელმა გიორგი ნოდიამაც მოახერხა.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთ მაძიებელ ოზურგეთის ‘არწივებს’ თელავის ‘ჭადარმა’ გარკვეული წინააღმდეგობა ოდენ პირველ ნახევარში გაუწია და ტაიმის მიწურულს კახელთა ფულბეკ ლაშა სირაძის გატანილმა ჯარიმამ გია ჭუმბურიძის ბიჭები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა.

მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, კახელებს თამაშის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდნენ და მთლიანობაში 9 ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთა დიდი ნაწილი გია ამირხანაშვილის შეგირდებმა ხელდახელ თამაშით, ინდივიდუალური გარღვევების შედეგად დადეს – 59:3. მასპინძელთა ფრთა დათო ჩაუჩიძემ, მარბიელმა თენგიზ გიგოლაშვილმა და შუამარბმა გივი ცინცაძემ პირად აქტივს „დუბლი“ შემატეს. ლიგაში ერთადერთი მოუგებლად მყოფი აუტსაიდერი ‘ჭადარი’, პლეი აუტის პოზიციაზე მყოფ ‘ჯიქს’ კვლავინდებურად 2 ქულით ჩამორჩება.

მუხიანში, ‘ხვამლი-‘ბაგრატის’ დაპირისპირებაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. რიონისპირელებმა, მუხიანელთა ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილის გარდასახულ ლელოს, ბურჯ ლაშა ჭელიძისა და ფრთა გიზო ბენიძის გარდაუსახავი ლელოები დაუპირისპირეს და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. უკეთესი ფიზიკური კონდიციების მქონე მასპინძლებმა ტემპს უმატეს, თამაში კარგად გაშალეს და 28 უპასუხო ქულაც აიღეს. ლელოს გატანა მარქაფადან ჩართულმა ლალე სურამელმა, მარბიელმა კაპიტანმა საბა კურტანიძემ და ფრთა გიორგი ჯობავამ მოახერხეს. ამჯერად შუამარბის პოზიციაზე მყოფმა ბესიკ თაყნიაშვილმა 3 გარდასახვა გამოიყენა და ამავე ოდენობის ჯარიმის გატანაც მოახერხა – 35:10. მიჯრით მესამე მარცხის მიუხედავად, ‘ბაგრატი’ ცხრილში მეხუთე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა გატოლებულ მარნეულის ‘არმაზს’ ოდენ პირისპირ ბალანსით აღემატება.

გორში, ჭალის დასახლებაში გამართული ‘ჯიქი’-‘არმაზის’ ქართლის დერბი მარნეულელთა უპირატესობით წარიმართა. ‘არმაზი’ მასპინძლებს სისწრაფეშიც ჯაბნიდა, სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდა და თან დაცვაშიც საიმედოდ ირჯებოდა. მატჩის დებიუტში სტუმრებმა მიჯრით 2 იდენტური ლელო გაიტანეს. დერეფანიდან ჩამოყალიბებული მოლი ლელოთი ჯერ ბურჯმა ჯანო მაისურაძემ დააგვირგვინა. შემდეგ კი მსგავს სიტუაციაში თავი კვაჭმა საბა კურატიშვილმა გამოიჩინა. ‘არმაზმა’ ჯამში 5 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღო. ‘ჯიქის’ მარცხს წერტილი შეხვედრის მიწურულს რობერტ ავოიანმა დაუსვა – 33:0. მარქაფადან ჩართულმა ქვემო ქართლელთა მღლეტელმა პირველობაზე თავის სადებიუტო ლელო გაიტანა.

მეშვიდე ტური, ასპინძაში რეგიონული დერბით დასრულდა. სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ ლიგის დებიუტანტ ‘ბორჯომს’ უმასპინძლა და მატჩი დაგეგმილი პრემიით-38:7 მოიგო. მესხების ხაზი სწრაფად და ეფექტურად ირჯებოდა, გადაწყობასაც დროულად ახდენდა და ოვალის სწრაფი გათამაშების შედეგად მოპოვებული სივრცით მეზობლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ‘ტაოს’ გატანილი ექვსივე ლელო ბეკთა აქტიური თამაშის შედეგი გახლავთ. მასპინძელთა წარმატებას სათავე ფრთა ლევან ბუცხრიკიძის ლელომ დაუდო, რასაც შუამარბ გიგი გიგინეიშვილის „დუბლი“ მოჰყვა. ‘ბორჯომმა’ მატჩის დებიუტში გაიბრძოლა და შუამარბ ნიკა დიღმელაშვილის გარდასახული ლელოთი ერთი ხანობა ანგარიშში თანაფარდობასაც ინარჩუნებდა, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და შესვენებაზე მასპინძლები 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. საბოლოოდ  დებიუტანტის მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართულმა მესხთა ბურჯმა თამაზ კილაძემ შეხვედრის მიწურულს დაუსვა.

‘ტაომ’ მიჯრით მეოთხე შეხვედრა პრემიით მოიგო და ლიდერთა დევნას წარმატებით აგრძელებს. მესხებს მომდევნო ტურში მეტად სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდთა ელიტაში თამაშის ამბიციასა და მზაობაზე გარკვეულ პასუხს, ასპინძაში ერთ-ერთ ლიდერ ოზურგეთის ‘არწივებთან’ საშინაო დაპირისპირება გაგვცემს.