პირველი ლიგა | მესხთა სენსაციამ ‘არმია’ ლიდერად აქცია

პირველი ლიგის მეოთხე ტურში რამდენიმე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა, რამაც სატურნირო ცხრილში კარდინალური ცვლილებები გამოიწვია. სეზონში პირველმა მარცხმა პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ლიდერობა დააკარგინა და მესამე პოზიციაზე დაქვეითებული გარე კახელები ცხრილში გატოლებულ ქუთაისის ‘ბაგრატს’ პირისპირ ბალანსითღა აღემატებიან.

დიდ 10-ში დაბრუნების მსურველი მარნეულის ‘არმაზი’ მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. პირველობას კი ახალი ლიდერი ყავს ‘არმიას’ სახით. „არმიელებმა“ 17 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე ანაცვლებულ ოზურგეთის ‘არწივებს’ 2 ქულით უსწრებენ. მონაწილეთა შორის ‘არმია’ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა შეხვედრის მოგება შეძლო.

ტური მუხიანში ‘ბორჯომისა’ და არმიას’ შეხვედრით დაიწყო. მატჩის ნომინალურმა მასპინძელი ‘ბორჯომი’ ფულბეკ ლადო ეფხოშვილის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა მეტოქეთა კლასში არსებულმა სოლიდურმა სხვაობამ მალე იჩინა თავი. ‘არმიამ’ მობილიზება უპირატესად მეორე ტაიმში მოახერხა. ბექა სხულუხიას შეგირდები სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას, სწრაფ და ეფექტურ ქმედებებს კარგად უთავსებდნენ, რაც ცალკარად ქცეულ თამაშში ფავორიტის გატანილ 9 უპასუხო ლელოში აისახა – 59:3.

„არმიელთა“ მარცხენა ფრთა ბექა მაჭარაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, მარჯვენა ფრთა გიორგი გელაშვილმა კი სულაც „პოკერი“ გაახერხა. აუტსაიდერ თორელებს პირველი ლელოსა და საცხრილო ქულების მოლოდინი გაუხაგრძლივდათ. გამოუცდელობასთან ერთად, ლიგის დებიუტანტის ფიზიკური კონდიციები მხოლოდ მატჩის პირველ ნახევარს წვდება, რაც თორელთა შემტევ პოტენციალს გვარიანად აკნინებს.

აღსანიშნავია, რომ ‘არმიას’ რიგებში რამდენიმე მოთამაშის დებიუტი შედგა. იძულებითი, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მინდორს 36 წლის ლაშა აზალაძე დაუბრუნდა, ვინაც მხტომელის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა. „არმიელთა“ კიდევ ერთმა მხტომელმა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელმა ილო სურგულაძემ კი მორაგბის კვართი 2011 წლის შემდეგ პირველად მოირგო და აზალაძის მსგავსად, ‘არმიას’ თავკაცობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პატარძეულს ‘ვეფხვებმა’ უამინდობის გამო სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ მშობლიური არენის ნაცვლად რუსთავის სტადიონზე უმასპინძლა. ელიტას ერთ-ერთ მთავარ მაძიებლად შერაცხულ გარე კახელებს მესხებმა არათუ ტოლი არ დაუდეს, მეორე ნახევარში ფავორიტს აშკარად აჯობეს და მატჩი ბონუსის თანხლებით, 51:17 მოიგეს. ‘ტაოს’ თავკაცობის აზრით, მესხებმა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს.

პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ‘ტაო’ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში მესხთა უკანა ხაზი უფრო სწრაფად, ლაღად ჩაუქობდა და ‘ვეფხვებს’ ხაზს „კარაქივით“ უჭრიდა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა მეტოქეზე ოთხით მეტი, მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს. „დუბლი“ მესხთა მგეზავმა ოთარ ტალახაძემ და მარბიელმა ვეფხია ფეიქრიშვილმა შეასრულეს. ტალახაძე მატჩის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ‘ტაოს’ 23 წლის მგეზავმა უნარიან თამაშთან, წყვილ გატანილ ლელოსთან, 5 გარდასახვასთან ერთად, 2 ჯარიმაც გაიტანა და პირად აქტივს 26 სამატჩო ქულა შემატა.

კიდევ ერთი სენსაციური შედეგი ვაზისუბანში დაფიქსირდა. ელიტადან დაქვეითებულმა ‘არმაზმა’ ოზურგეთის ‘არწივებთან’ ვერაფერი გააწყო. გურულები პირველივე წუთებიდან ფლობდნენ უპირატესობას. დინამიურ თამაშში უკეთ მოწყობილი ‘არწივები’ სტატიკაში დისციპლინირებულად ირჯებოდნენ, სწრაფად ახერხებდნენ გადაწყობას და სივრცეზე მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ქვემო ქართლელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.

გია ამირხანაშვილის ბიჭებმა მასპინძლებზე ოთხით მეტი, 6 ლელო გაიტანეს და მატჩი პრემიის თანხლებით, 39:17 მოიგეს. გურულთა ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მოთამაშემ, 20 წლის ფრთა ქრისტიანე მოწყობილმა „დუბლი“ შეასრულა. მატჩის გამორჩეული ფიგურა კი ბახვა კობახიძე გახლდათ. ‘არწივების’ გამოცდილმა მგეზავმა საფუძველი თანაგუნდელთა თითქმის ყველა შედეგიან შეტევას ჩაუყარა.

ქუთაისის ‘ბაგრატს’ თელავის ‘ჭადართან’ საშინაო შეხვედრაში პრობლემები არ შექმნია. ‘ბაგრატი’ მეტოქეს ყველა სარაგბო კომპონენტში აღემატებოდა და მეორე ტაიმის შუაწელს რიონისპირელთა უპირატესობამ 33-ქულას უწია. 7 გატანილი ლელოს წყალობით მასპინძლებმა საბოლოოდ მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 43:22 მოიგეს. ‘ბაგრატის’ წარმატებას სათავე მხტომელ გიგა ახალაძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა ზურა ჩხობაძის ლელომ დაუსვა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში გაიმართა. ჭალის დასახლებაში ‘ჯიქს’ უქულოდ მყოფი ‘ხვამლი’ ესტუმრა. შიდა ქართლელებმა ბრძოლა მუხიანელებს მხოლოდ მატჩის დებიუტში გაუმართეს და ერთი ხანობა ბურჯ ზურა მღებრიშვილის ლელოთი დაწინაურებაც შეძლეს. ამის შემდგომ ‘ხვამლი’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, სისწრაფეზე კარგად შლიდა ოვალს და ლელოთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. დავით ცხვედიანის ბიჭებმა ჯამში 12 ლელო გაიტანეს, ბონუსით – 80:14 იმარჯვეს და პირველი საცხრილო ქულებიც აიღეს. მუხიანელთა რიგებში „დუბლით“ კაპიტანი საბა კურტანიძე და ჰავბეკი ფრიდონ წიკლაური გამოირჩნენ. ‘ხვამლმა’ 5 ქულით მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლა და თან მარაგში აუტსაიდერ ‘ბორჯომთან’ გადადებული შეხვედრაც რჩება.

 

ფოტო: სოფიო ბილანიშვილი