პირველი ლიგა | ‘იუნკერებმა’ ადგილი შეინარჩუნა

პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნითი მონაწილე „ავჭალა არენაზე“ გაირკვა. რეგიონული ლიგის წარმატებული გუნდი ფოთის ‘კოლხი რაინდები’ რთული ამოცანის წინაშე იდგა. კოლხებს, პირველი ლიგიდან პლეი აუტში მოხვედრილ თეთრიწყაროს ‘იუნკერებთან’ საშინაო შეხვედრა 13-ქულის სხვაობით, 13:26 ჰქონდათ წაგებული, თუმცა  სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფოთელებმა გარისელებს ტოლი არ დაუდეს და ტაიმნახევარი თანაბრად, ქულა-ქულაში ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ ‘აიას’ ყოფილი მორაგბე, ‘კოლხი რაინდების’ მოთამაშე-მწვრთნელი მერაბ მატკავა შეგირდებს მოედანზე პირადად წარუძღვა და შედეგიანი თამაშით კოლხთა რიგებში გამორჩეული ფიგურაც გახლდათ.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘იუნკერები’ ბურჯ გიორგი ტყეშელაშვილისა და ფრთა გიორგი ვასაძის გატანილი ლელოებით 2-ჯერ დაწინაურდა, თუმცა კოლხებმა მორკინალთა აქტიური თამაშის ხარჯზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. სტუმართა მხრიდან ლელო მღლეტელმა გიორგი ტიკარაძემ და გუნდის დამრიგებელმა კვაჭმა მერაბ მატკავამ გაიტანეს. გარისელთა ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა და კოლხთა შუამარბმა ბაჩო ჩაჩავამ თითო გარდასახვა გამოიყენეს და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშზე წავიდნენ – 12:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში იაშაღაშვილმა ჯარიმით ‘იუნკერები’ დააწინაურა, თუმცა კოლხები სტატიკაში კვლავინდებურად მძლავრობდნენ, რასაც მატკავას შესრულებული „დუბლი“ და ჩაჩავას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ანგარიშში 4 ქულით დაწინაურებულ ‘კოლხი რაინდებს’ საერთო წარმატების იმედი გაუჩნდათ.

მოახლოებულმა მარცხმა ‘იუნკერები’ დროულად გამოაფხიზლა და თან კოლხებს დაღლა დაეტყოთ. გიორგი ნოზაძის ხაზმა სისწრაფეს უმატა, კარგად გაშლილი ოვალით და დროული გადაწყვეტილებებით მეტოქის ნახევარზე სოლიდური სივრცეც შექმნა, რისი რეალიზება გარისელთათვის ტექნიკის საქმე გახლდათ. ‘იუნკერთა’ მხრიდან ლელო ჯერ მარბიელმა რეზი ბორაშვილმა გაიტანა, რასაც მასპინძელთა ფრთა ბონდო ლომიძის შესრულებული „ჰეთ-თრიკი“ დაერთო. ‘იუნკერების’ დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო წუთებზე გიორგი ვასაძის დადებულმა კიდევ ერთმა ლელომ დააფიქსირა – 44:24.

2 მატჩის ჯამური შედეგით – 70:37 ‘იუნკერებმა’ იმარჯვა და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ‘კოლხი რაინდები’ მომავალ სეზონს კვლავ რეგიონულ ლიგაში გაატარებს, თუმცა შემადგებლობის მცირედით გაძლიერების შემთხვევაშიც კი მერაბ მატკავას ბიჭები შესაძლოა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცნენ.