პირველი ლიგა | დრამა ასპინძასა და თელავში

მიმდინარე სეზონში პირველი ლიგის ფორმატში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად 2-წრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ, ელიტის საგზურისთვის ბრძოლას მოწინავე კვარტეტი განაგრძობს.

გუნდები სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან და მაღალი ადგილის მქონე კლუბი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. პლეი ოფის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს ირგუნებს, მეორე ადგილოსანი კი ელიტაში თამაშის უფლების მოპოვებას დიდი 10-ის მეცხრეადგილოსანთან 2-რაუნდიან ჭიდილიში ეცდება.

სრკ-ს საბაზისო დაფინანსების ზრდამ კლუბებს სეზონისთვის სრულფასოვანი მზადებისა და შემადგენლობათა  ხარისხობრივი კომპლექტაციის კარგი პირობები შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ ლიგის ბინადარი 10 გუნდიდან, გასული სეზონის შემდეგ ექვსმა კოლექტივმა მთავარი მწვრთნელი იცვალა.

პირველი ტური არასრული გამოდგა. ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა კოვიდმა გადაავადა. მუხიანელთა რამდენი მოთამაშე ინფიცირებული აღმოჩნდა და დებულების თანახმად მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

ზედრამატული გამოდგა თელავში, ‘ჭადარისა’ და ‘ჯიქის’ დაპირისპირება. ‘ჭადარის’ საკულტო დამრიგებელი გია ჭუმბურიძე აქცენტს კვლავინდებურად ადგილობრივ მორაგბეებზე აკეთებს, რაც კახთა მთავარ ქალაქში რაგბის პოპულარიზაციას ხელს დიდად უწყობს. ელიტასთან გამოთხოვების შემდეგ ‘ჯიქს’ სათავეში გამოცდილი ნიკო ჭავჭავაძე ჩაუდგა და გასული სეზონის  რეგიონალ ლიგის მეორეადგილოსან  ‘გორთან’ შერწყმის შედეგად, შიდა ქართლის დედაქალაქი ერთიანი ძალებით დაკარგული პოზიციების აღდგენას ამთავითვე ეცდება.

აღმოსავლური დერბი უშეღავათო ბრძოლაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ულელოო პირველი ნახევარი კახელებმა ლუკა ნაყეურის წყვილი ჯარიმით 6:3 მოიგეს. მეორე ტაიმი მეტად შედეგიანი და თვალსასეირო გამოდგა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. კახელები ბოლო წუთამდე 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა ფრთა მიხეილ რეხვიაშვილის ჩინებული თამაში. რეხვიაშვილმა ლელოს გატანაც მოახერხა და თან სპეციალისტები სხარტი აზროვნებითა და თამაშის მაღალი კომუნიკაციით მოხიბლა. მთელი მატჩის განმავლობასი მდევრის როლში მყოფი ‘ჯიქი’ არ შედრკა და ბოლო წუთზე რაქიდან სწრაფად გათამაშებული ოვალი დავით კალაიჩევმა ალამთან ლელოდ აქცია. შიდა ქართლელთა მგეზავმა ნიკა შანიძემ კი ნულოვანი კუთხიდან ურთულესი გარდასახვა გამოიყენა და საკუთარი გუნდიც პირველ გამარჯვებას აზეიმა – 21:20. კახელები ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.

‘ბაგრატი’-არმაზის’ დაპირისპირებაც მოსალოდნელისამებრ დაძაბული გამოდგა. ქვემო ქართლელებმა ძირითადი შემადგენლობის ბირთვის ნახევარზე მეტი შეინარჩუნეს, ელიტაში დაბრუნებას მიმდინარე სეზონშივე გეგმავენ და გუნდს, ამავე კლუბის აღზრდილი ლევან ბრაგვაძე კაპიტნობს. ‘ბაგრატს’ სათავეში გაგა გურეშიძე ჩაუდგა, ვინაც წლებია, რაც ‘აიას’ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გუნდს წარმატებით დამრიგებლობს. ნიჭიერი სპეციალისტის ხელი ‘ბაგრატს’ უმალ დაეტყო. წინასასეზონო ორთვიანმა ნაყოფიერმა წვრთნამ სასურველი შედეგი გამოიღო და გურეშიძემ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი კარგად შეათამაშა. გუნდი სრულად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

‘ბაგრატი’ უპირატესობას’ პირველივე წუთებიდან დაეუფლა. რიონისპირელები უპირატესად სტატიკაში მძლავროდნენ და მასპინძელთა გატანილი სამივე ლელო მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგი გახლდათ. მატჩის მიწურულს ჰავბეკ გუჯა კიკვაძის ლელომ ‘ბაგრატს’ შეხვედრა მოაგებინა და თან ქვემო ქართლელები ნუგეშის გარეშე, უქულოდ დატოვა – 15:7.

‘ბორჯომმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ „შევარდენზე“ უმასპინძლა. სათამაშო არენის უქონლობის გამო თორელები საშინაო შეხვედრებს ჯერჯერობით დედაქალაქში მართავენ. ‘ბორჯომს’ სათავეში ვახტანგ კავთიძე ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ „ტიკი“-უმცროსი მორაგბის კარიერას  ‘ლოკომოტივში’ აგრძელებს და თან მშობლიური კოლექტივის ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გუნდსაც დამრიგებლობს.

მართალია ‘ბორჯომმა’ პირველობა მარცხით დაიწყო და ლელოს გატანაც ვერ მოახერხა, თუმცა თორელთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და გარე კახელებს დაგეგმილი პრემიალური ქულის ასაღებად დიდი ძალისხმევა დაჭირდათ. ლიგის დებიუტანტს სამატჩო ქულები მგეზავმა ლადო ეფხოშვილმა წყვილი ჯარიმით მოუტანა. სტუმრები უპირატესობას გამოცდილების ხარჯზე ფლობდნენ და თორელებს მცირე უზუსტობასაც არ პატიობდნენ. ‘ვეფხვების’ მხრიდან გატანილი ლელოებით გიორგი ზუკაკიშვილი, შოთა შალვაშვილი და კაპიტანი ზაურ შაქარაშვილი გამოირჩნენ. გარე კახელთა ბოლო მიძალება, კარგად დაყენებული მოლითა და სტუმართა კაპიტნის დადებული ლელოთი დასრულდა -21:6.

პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. ‘ტაომ’ ასპინძაში ‘არმიას’ უმასპინძლა. მესხთა პრიორიტეტად რეგიონში რაგბის განვითარება და ადგილობრივი, იმედისმომცემი მორაგბეების ზრდა-დაოსტატება რჩება. სეზონის წინ “არმიელებს“ სათავეში 33 წლის ბექა სხულუხია ჩაუდგა.  ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სხულუხიას ზურგს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘არმიამ’ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა (15 ახალი მორაგბე დაიმატა) და ქვეყნის ექს-ჩემპიონი მიზნად ელიტაში დაბრუნებას ისახავს.

დრამატიზმით აღსავსე შეხვედრა ტურის უხვქულიანი მატჩი გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ „არმიელებს“ მასპინძლებზე 2 ლელოთი მეტი ქონდათ დადებული (სულ 5 ლელო გაიტანეს), მესხები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ლაღად მობურთავე შეგირდები მეორე ნახევარში 10-ქულითაც იგებდნენ  და ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ. ‘არმიამ’  ბოლო მიძალებაზე ჯარიმა გამოიმუშავა, რომლის გატანა 19 წლის დავით ბაიაშვილს არ გაჭირვებია – 30:28, რამაც მასპინძლები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. მეტოქეთა რიგებში ფრთის მოთამაშეები გამოირჩნენ. მესხთა მხრიდან მირზა შაინიძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, „არმიელმა“ გიორგი გელაშვილმა სულაც „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე